თბილისის “ვიტ ჯორჯიას” იმიჯის შელახვა, მეტიც, სირცხვილი იყო ის, რაც რამდენიმე დღის წინათ მოხდა - უკრაინულ “კრიმტეპლიცასთან” მატჩის მე-2 ტაიმის დროს, გუნდის ფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა საკუთარ მწვრთნელს გელა გომელაურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ყველაფერი უკრაინელებმა ვიდეოფირზე გადაიღეს და ქართველმა გულშემატკივრებმაც ნახეს.
რა მოჰყვა ამას? “ვიტ ჯორჯიამ” ბერიაშვილი ტრანსფერზე დააყენა. იოლი სათქმელია ტრანსფერზე დაყენება, მაგრამ რამდენი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი... სამწუხაროდ, ბერიაშვილი ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს, აი, გომელაური კი “მსოფლიო სპორტთან” ჰყვება და თან ამატებს, მე დასამალ-დასაფარი არაფერი მაქვს, რადგან ცამდე მართალი ვარო.
გელა გომელაური: შეკრებაზე წასვლის წინ, ბერიაშვილს “ვიტ ჯორჯიადან” წასვლა სურდა. ის კლუბის პრეზიდენტთან მივიდა და განუცხადა, გუნდში დარჩენა არ მინდაო.
- რატომ არ უნდოდა? ბერიაშვილს ხომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა “ვიტ ჯორჯიაში”.
- ბერიაშვილი რუსთავის “ოლიმპთან” აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ამის შესახებ კლუბში ვიცოდით. “ვიტ ჯორჯიაში” მუდმივად უნდა მქონდეს სათამაშო პრაქტიკაო. მე ამის გარანტიას ვერავის მივცემდი. ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა გიორგის უთხრა, კი ბატონო, მიბრძანდი - როგორც ჩვეულებრივი წესია, ისე გადადი სხვა გუნდშიო. ეს ხდებოდა შეკრებაზე წასვლის წინ. თუმცა, ბერიაშვილმა მაინც მოინდომა უკრაინაში ჩვენთან ერთად წამოსვლა.
- უშუალოდ ის ინციდენტი რით დაიწყო?
- უკრაინაში პირველ ტესტ-მატჩში შეცვლაზე შევიდა, მეორეში სრულად ითამაშა. ანუ პრაქტიკა ჰქონდა. “კრიმტეპლიცასთან” ჩხუბის დეტალებს კი არ მოვყვები. ერთს ვიტყვი: ცამდე მართალი ვარ და არავისთან არაფერი მაქვს დასამალ-დასაფარი. რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ერთხელ ხომ აჩვენეს ქართული ტელევიზიით, ამდენი გამეორება რაღა საჭიროა სხვა არხებზე. ისე, ბერიაშვილმა გუნდში სწორედ ჩემი მოსვლის შემდეგ უფრო ხშირად დაიწყო ძირითადში თამაში, ბოლო სეზონი კარგი ჰქონდა და შეეძლო, მომავალი სეზონი უფრო კარგი ჰქონოდა...
ილია ნანობაშვილი







