ჭიდაობა

21:27 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი: “მოხარული ვარ, რომ დიდებს შორის დებიუტი მედლით აღვნიშნე”

დასასრულს მიუახლოვდა ევროპის პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს.  დღეს სპორტსმენბმა მედლები 74 და 120 კგ წონით კატეგორიებში გაითამაშეს, სადაც შესაბამისად, ქართველი მოჭიდავეებიდან ხუციშვილი და პეტრიაშვილი მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ ხუციშვილმა მხრის ტრავმა მიიღო და მედლებისთვის ბრძოლა ბოლომდე ვერ შეძლო. რაც შეეხება პეტრიაშვილს, მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად, საქართველოს ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი დაუგროვდა.

“მსოფლიო სპორტი” გენო პეტრიაშვილსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რეზო მინდორაშვილს ესაუბრა.

გენო პეტრიაშვილი: მოხარული ვარ, რომ ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე და დიდებს შორის დებიუტი მედლით აღვნიშნე. ჩემს სიხარულს სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

-       ყველაზე უფრო, რომელი შეხვედრის მოგება გაგიჭირდა?

-       თითქმის ყველა შეხვედრაში კარგად ვიჭიდავე, ყველაზე რთული ის შეხვედრა იყო, რომელშიც უკრაინის წარმომადგენელ ალან ზასიევთან დავმარცხდი ნახევარფინალში.

-       რა იყო დამარცხების მიზეზი?

-       მწვრთნელების მითითება ბოლომდე ვერ შევასრულე, რამდენიმე შეცდომა დავუშვი. ვეცდები, ეს შეცდომები მომავალში აღარ გავიმეორო და კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო.

დღევანდელი შედეგით, კმაყოფილი ხართ?

რეზო მინდორაშვილი: თუ გავითვალისწინებთ, რომ ხუციშვილმა ტრავმა მიიღო, ხოლო ახალბედა პეტრიაშვილმა ევროპის პირველობაზე თავისი დებიუტი მედლით აღნიშნა, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.  

პეტრიაშვილმა ძალიან კარგად იჭიდავა ახალგაზრდა სპორტსმენის პირობაზე. მან მოუგო ისეთ ძლიერ წარმომადგენელს, როგორიცაა რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრი მაგომედ ალი ნურსულოვი, მაგრამ წააგო ალან ზასიევთან. ეს, ჩემი აზრით, გამოუცდელობის ბრალი იყო, თორემ ეს რუსი მოჭიდავე ხშირად უგებს იმ უკრაინელს, ვისთანაც წააგო. 18 წლის სპორტსმენი რომ ასეთ ტურნირზე მედალს მოიპოვებს, ეს მის პერსპექტიულობაზე მიუთითებს. მჯერა, რომ მომავალში ის კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164733