რუმინელმა ვარსკვლავმა გეორგე ჰაჯიმ ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა. “კარპატელი მარადონა” ვლახელთა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ სამართლიანადაა აღიარებული, გულშემატკივარს კი ჰაჯის ბრწყინვალე ასპარეზობა ბუქარესტის “სტიაუაში”, მადრიდის “რეალში”, “ბარსელონაში”, “გალათასარაისა” და რუმინეთის ნაკრებში გამოსვლისას არასდროს დაავიწყდება.
- გაიხსენეთ, როგორ დაიწყო თქვენი საფეხბურთო კარიერა.
- რაც თავი მახსოვს, მუდამ ფეხბურთელობა მინდოდა და ოცნების ასრულებაში ხელი მშობლებმაც შემიწყვეს. ჯერ კიდევ 3 წლისა ვიყავი, როდესაც დედ-მამამ კონსტანცას საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანეს, 11 წლის კი უკვე პროფესიულ დონეზე ვასპარეზობდი და “სპერანტეის თასზე” ვიღებდი მონაწილეობას. ეს ტურნირი ჩემთვის განსაკუთრებით კარგად გასახსენებელია – ზედიზედ 2 წლის განმავლობაში შეჯიბრების საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ვხდებოდი. პირველი საფეხბურთო ჯილდოები და აღიარება მაშინ მოვიპოვე.
- სადღეისოდ უამრავი დამწყები ფეხბურთელის სათაყვანებელი მოთამაშე ხართ. როდესაც დამწყები ფეხბურთელი იყავით, თქვენი კერპი ვინ იყო?
- სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის პერიოდში რუმინეთი ჩაკეტილი ქვეყანა იყო და წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატებისა და მნიშვნელოვანი შეჯიბრებების მატჩების ხილვის საშუალებას მოკლებული გახლდით. ცხადია, მსოფლიო ფეხბურთში მიმდინარე პროცესების საქმის კურსში მაინც ვიყავი და განსაკუთრებით იოჰან კრუიფის ასპარეზობა მხიბლავდა. 1994 წელს “ბარსელონაში” დიდწილად სწორედ მისი ხათრით გადავედი – კრუიფი ხომ იმხანად კატალონელთა მთავარი მწვრთნელი იყო. იოჰანი ხშირად ძირითად შემადგენლობაში არ მაყენებდა, მაგრამ მასთან ერთობლივად მუშაობამ ძალიან ბევრი რამ შემძინა. კრუიფი დადებითი და ჭკვიანი ადამიანია, მან ბევრი სასიკეთო რამ შემძინა. იოჰანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. ბავშვობაში კი რუმინეთის ჩემპიონატის უამრავი მატჩი მაქვს ნანახი და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ანგელ იორდანესკუმ. სახელოვანი დამრიგებელი მოთამაშეობისას შემოქმედებითი სტილით გამოირჩეოდა, მარცხენა ფეხით მის მიერ შესრულებეული დარტყმები და გადაცემები კი გაოცებისგან პირღიას მტოვებდა ხოლმე. მოგვიანებით ანგელ იორდანესკუ ჩემი მწვრთნელი გახდა ბუქარესტის “სტიაუასა” და რუმინეთის ნაკრებში და მასთან ურთიერთობა ძალიან საამაყო და პროფესიული თვალსაზრისით მეტად სასარგებლო იყო.
- მოთამაშეობისას რამდენიმე წამყვან კლუბში გითამაშიათ, უზარმაზარი გამოცდილება დაგიგროვდათ და ფეხბურთის განვითარების სხვადასხვა ეპოქასაც შეესწარით. როგორ გგონიათ, ბოლო დროს ფეხბურთი კიდევ უფრო წინ წავიდა?
- ფეხბურთი ერთ ადგილას არ დგას და ვითარდება. უკანასკნელი პერიოდის დადებითი მომენტი კი ისაა, რომ ტექნიკური მოთამაშეებისკენ შემობრუნება იწყეს. ტექნიკა ყოველთვის დაამარცხებს ძალას. წარმატებას კი ის გუნდი მიაღწევს, რომელიც ფეხბურთელების ტექნიკას სათანადო ტაქტიკას შეუხამებს. ამას კოლექტიურ ტექნიკას დავარქმევდი.
- რას ურჩევდით დამწყებ ფეხბურთელებს, როგორ უნდა მიაღწიონ მათ თქვენ დონეს?
- ნიჭის გარეშე არაფერი გამოვა, ამ თვისებით დაჯილდოებულ ბიჭებს კი მოთმინებისა და ერთგვარი ჯიუტობისკენ მოვუწოდებდი. საკუთარი ძალისადმი რწმენა არასდროს უნდა დაკარგო. უმნიშვნელოვანესია, ისეთ კლუბში მოხვედრა, სადაც რეგულარულად თამაშის საშუალება გექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში საფეხბურთო ზრდაზე საუბარი გაძნელდება.
გოჩა კაჭარავა









