სტატიები

10:24 | 1.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ბოლო დისპეტჩერი

დოსიე: თომას ჰესლერი
დაიბადა 1966 წლის 30 მაისს დასავლეთ ბერლინში
საკლუბო კარიერა: “კიოლნი” (1984-1990), “იუვენტუსი” (1990-1991), “რომა” (1991-1994), “კარლსრუე” (1994-1998), დორტმუნდის “ბორუსია” (1998-1999), “მიუნხენი-1860” (1999-2003), “ზალცბურგი” (ავსტრია, 2003-2004).
მიღწევები: იტალიის თასის მფლობელი (1992), გერმანიის წლის ფეხბურთელი (1989, 1992).
გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 101 მატჩი და გაიტანა 11 გოლი. მსოფლიოსა (1990) და ევროპის (1996) ჩემპიონი; ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1992), ოლიმპიადის (1988) ბრინჯაოს პრიზიორი.


მას ყველამ ერთხმად შეარქვა გერმანიის ნაკრების ბოლო დისპეტჩერი. რუსები ახლაც მის ფეხს აბრალებენ 1992 წელს შვედეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაუსვლელობას. დსთ-ს სახელით მოთამაშე ნაკრები, გერმანელებთან პენალტით დობროვოლსკიმ დააწინაურა და ბიშოვეცის გაწვრთნილებს, პირველი 2 ქულის (მაშინ გუნდებს მოგებისთვის ჯერ კიდევ 2 ქულა ერიცხებოდათ) აღებას წამები აშორებდათ. თუმცა, დაინიშნა საჯარიმო დარტყმა და ბურთთან მისულმა მინიატურულმა (“იკე” სიმაღლით ახლაც 166 სმ-ია) თომას ჰესლერმა, ხარინის კარში აუღებელი დაარტყა.
იმ ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე, ბერტი ფოგთსის გუნდი ფინალში გავიდა და “უკონკურსოდ” დაშვებულ დანიასთან 0:2 წააგო. ეს, ნაკრებში ჩატარებული ტურნირებიდან, ჰესლერისთვის ყველაზე წარმატებული ტურნირი იყო, თუმცა მანამდე (1990), იგი უკვე მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლით იყო დაჯილდოვებული. ესაა რომ, იმ მუნდიალზე, მასზე მეტად, ლოთარ მათეუსი, იურგენ კლინსმანი და რუდი ფიოლერი ბრწყინავდნენ. იტალიაში მან სამივე ჯგუფურ შეხვედრაში, ნახევარფინალში და ფინალში ითამაშა და საკუთარი წვლილი საერთო წარმატებაში, ბუნებრივია, შეიტანა, მაგრამ მანამდე იყო მისი სანაკრებო კარიერის პირველი გოლი უელსთან, რომლითაც გერმანელებმა, როგორც მეორეადგილოსნებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
ჰესლერს, შესაძლოა, სხვა ჰავბეკებივით ბევრი არ გაჰქონდა, სამაგიეროდ ,იმდენ და ისეთ საგოლე პასებს არიგებდა - თუ დათვლით თავს არ შეიწუხებდი, მჯდარიყავი და გეყურებინა. “იკე” ყოველთვის თავაწეული თამაშობდა, თავს მუდმივად 180 გრადუსით აბრუნებდა, რათა შეტევის იდეალური გაგრძელებისთვის მიეგნო. თომასი კლასიკური დისპეტჩერი იყო - ისეთი, რომელსაც წარმოებაში ცალობით რომ ამზადებენ. გერმანიაში, ჰესლერის შემდეგ, მისი სტილის ფეხბურთელი იშვიათობაა. მისგან ფილიგრანულად შესრულებული საჯარიმო დარტყმები, ახლაც თავისუფლად შეიძლება ფეხბურთის სახელმძღვანელოში შეიტანოს კაცმა.     
ჰესლერმა, მსოფლიოს შემდეგ, ევროპის ჩემპიონობაც მოიგო: 1996-ში გერმანელებმა სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს. “იკე” ინგლისში ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი და ლიდერი იყო. თუმცა, როცა ეკითხებიან, იგი ამ წარმატებაზე მეტად, 1994 წლის მუნდიალზე განცდილ ფიასკოს იხსენებს, როცა ალემანებმა მეოთხედფინალში ბულგარეთთან წააგეს: “იმ მატჩის შემდეგ, კარგა ხანს ვერ შევძელი გონს მოსვლა. ახლაც ვერ მიმხვდარვარ, როგორ გავუშვით მაშინ მოგება ხელიდან. ყველას წარმოუდგენელი რაღაც დაგვემართა - მოვდუნდით და სასტიკადაც დავისაჯეთ”.
კიდევ ერთი იმედგაცრუება, ჰესლერს საფრანგეთში 1998 წელს ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელოდა. გერმანელები მაშინაც მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ - ხორვატებმა მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტს, “უბრალოდ ფეხები შეაწმინდეს”(3:0). ყველაფრის მიუხედავად, “იკეს” სანაკრებო კარიერაში საწუწუნო მაინც არაფერი აქვს - ბევრნი არ არიან ქვეყანაზე, ვისაც მსოფლიოც მოგებული აქვს და ევროპაც.
სხვა საკითხია, საკლუბო კარიერა. აქ, თომას ჰესლერს ნაკლებად გაუმართლა. იგი გერმანიაში “ვარსკვლავი” იყო, მაგრამ 90-ში მუნდიალის მოგების შემდეგ, “მოდას აჰყვა” და ბრემეს, მათეუსის, კლინსმანისა და ფიოლერის მსგავსად, ისიც იტალიაში გადაბარგდა. თუმცა, მათგან განსხვავებით, მან “იუვენტუსი” ამოირჩია, რომელსაც მაშინაც ცუდად მისდიოდა საქმეები. “იკემ” “იუვე” ცოტა ხანში “რომაზე” გაცვალა და იქ უკეთესობა დაეტყო მის კარიერას. ესაა რომ, ჰესლერს მთლიანობაში არ მოეწონა იტალიაში ყოფნა და სამშობლოს დაუბრუნდა. მანამდე კი: “სულ სახლისაკენ მიწევდა გული. მართალია, იტალია მშვენიერი ქვეყანაა, ხოლო რომი - შესანიშნავი ქალაქი, მაგრამ გერმანიაში, როგორღაც მყუდროდ და მშვიდად ვარ”.
გერმანიაში დაბრუნებულმა, “მიუნხენ-1860”-ში, კარიერის ერთი მშვენიერი მონაკვეთი ჩაატარა. მისი დახმარებით, მოკრძალებული გაქანების გუნდი ბუნდესლიგის მე-4 ადგილამდე აღზევდა და ევროთასებზე თამაშის უფლება მოიპოვა. ერთი სიტყვით, ავსტრიულ “ზალცბურგში” თამაში, “იკემ” საკმაოდ მაღალ დონეზე მოთამაშემ გააგრძელა. თუმცა, ეს ყველაფერი აშკარად ფორმალურ მხარეს ატარებდა - დროს მისი ულმობლად მიჰქონდა და ჰესლერმა გაჩერება გადაწყვიტა. მისი გამოსათხოვარი მატჩი გადაჭედილ “რეინ-ენერგი”-ზე გაიმართა, სტადიონზე, სადაც “კიოლნის” შემადგენლობაში მისი კარიერა დაიწყო.
აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, თომას ჰესლერმა მწვრთნელობა არჩია. მშობლიურ “კიოლნში” მან ტექნიკურ მზადებაში დამრიგებლობა ჩაიბარა, პარალელურად კი, ბერტი ფოგთსს ნიგერიის ნაკრების (2007-2008) გაწვრთნაში  ეხმარებოდა. 

 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0924