ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩის წინ, საქართველოს ორგზის ჩემპიონი “ზესტაფონი”, პირველი მატჩიდან გამომდინარე მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კლუბმა აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოს “ნეფთჩის” წინააღმდეგ თავისი არსებობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა და 3:0 წააგო. განმეორებითი მატჩის წინ, იმერული კლუბი სამბურთიანი დილემის წინ დგას, რომლის გადალახვაც, საკმაოდ რთული იქნება. ასეთი სხვაობის გაბათილება და შემდეგ ეტაპზე გასვლა, ნებისმიერი რანგის მეტოქესთან რთულია, მითუმეტეს ისეთ გუნდთან, რომელმაც ერთი კვირის წინ, ყველა საფეხბურთო პარამეტრით აჯობა “ზესტაფონს”.
მნიშვნელოვანი მატჩის წინ, “ზესტაფონმა” ვარჯიში 20:00 საათზე, მშობლიურ “დავით აბაშიძეზე” გამართა. ნახევარი საათით ადრე კი, პრესკონფერენცია გაიმართა ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა, რომელიც ჟურნალისტებთან შეხვედრისას, გუნდის კაპიტან ზურაბ მამალაძესთან ერთად მოვიდა სასაუბროდ. კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ, მისალმების შემდეგ სიტყვა გადასცა გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც გუნდში არსებულ განწყობაზე და პირველი მატჩის შესახებაც ისაუბრა.
გია ჭიაბრიშვილი: “ჩვეულ რეჟიმში ვართ, გუნდი სრულ მზადყოფნაშია და საბრძოლო განწყობილებაც არ გვაკლია. სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ამ მატჩისათვის დიდხანს ვემზადებოდით და ალბათ, ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ. ასე საშინლად, მე არ მახსოვს “ზესტაფონს” ეთამაშოს. როგორც არ გამოგვივიდა ერთი კვირის წინ ბაქოში თამაში, ისე, შეიძლება, საპირისპიროდ მოხდეს და გუნდმა საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი. ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი ქომაგების დახმარებით შეძლებს სასურველი მიზნის მიღწევას. საკუთარ კედლებში “ზესტაფონი” ყოველთვის აღწევდა მიზანს და ვიმედოვნებთ, ახლაც ასე იქნება. ჩვენ მოედანზე, გულშემატკივრები კი ტრიბუნებზე თავს არ დაზოგავენ. ასევე, მადლობა სპორტული მედიის წარმომადგენლებს. თქვენს ადგილას, ბაქოს მატჩის შემდეგ, მე გაცილებით უფრო საშინელ რაღაცებს დავწერდი ჩვენი გუნდის გამოსვლაზე, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ამის წყალობით, ბიჭები მატჩის წინ დათრგუნულები არ არიან.
-ბ-ნო გია, რა მდგომარეობაშია აფციაური, რომელმაც პირველ შეხვედრაში ტრამვა მიიღო?
თორნიკემ გუშინ ივარჯიშა პირველად. ექიმების გადაწყვეტილებით, მას შეუძლია ითამაშოს. გამოვა თუ არა მოედანზე, ამას მწვრთნელთა საბჭო გადაწყვეტს.
-სხვა დანაკლისი ხომ არ არის კიდევ გუნდში?
თუ არ ვიგულისხმებთ ხიდეშელის ტრამვას, სხვა მხრივ, კლუბში ყველა ჯანმრთელადაა. უკვე გამოჯანმრთელდა და თამაში შეუძლია ალექსი ბენაშვილს.
-რაიმე ტაქტიკურ ცვლილებებზე თუ ფიქრობთ?
ჩვენი მთავარი მიზანი, შემდეგ ეტაპზე გასვლაა. ვიცით, რომ ეს რთულად გასაკეთებელია. ვალდებულნი ვართ, შევუტიოთ და სასურველი ანგარიშით მოვიგოთ. შეიძლება ვაბანკზეც წავიდეთ მიზნის მისაღწევად. ყველა ფეხბურთელი მოედანზე თავს დადებს. გასვლის გარდა, ყველა სხვა შედეგი ჩვენთვის მიუღებელი იქნება. მხოლოდ ის გამარჯვება გვაძლევს ხელს, რომელიც შემდეგი ეტაპის საგზურს მოგვიტანს.
-როგორ ფიქრობთ, “ნეფთჩი” “ზესტაფონზე”, კლასით მაღლა დგას?
აზერბაიჯანულ კლუბს ჰყავს შემსრულებლები, რომლებსაც მაღალ დონეზე გამოსვლის დიდი გამოცდილება გააჩნიათ. “ზესტაფონის” მთავარი კოზირი კი გუნდური თამაშია. ამ კომპონენტით, ჩემი აზრით, “ნეფთჩის” ვჯობივართ. ჩვენი კლუბი ამ გზაზე გაცილებით ადრე დადგა, ვიდრე ჩვენი მეტოქე. ამ უპირატესობის დამტკიცებას მატჩში შევეცდებით.
გია ჭიაბრიშვილის პასუხების შემდეგ, ჟურნალისტებს ზურაბ მამალაძემაც მიმართა: “ამ მატჩისათვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. “დავით აბაშიძეზე”, ჩვენ გულშემატკივრებთან ერთად, სასწაულის მოხდენა შეგვიძლია”. როგორც ვხედავთ, იმერუ ლი კლუბის წარმომადგენლები ოპტიმისტურ განწყობას არ ჰკარგავენ, ისინი საკუთარი თავის და ერთგული ქომაგების მხარდაჭერის იმედზე არიან. გულშემატკივრებს კი “დავით აბაშიძეზე” მრავლად ელიან. ბილეთები 5 და 7 ლარი ღირს. მატჩი კი 21:00 საათზე დაიწყება.
ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან









