ინტერვიუები

23:01 | 27.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

გია ჭიაბრიშვილი: “ყველაფერი იქით მიდის, რომ “ზესტაფონიდან” წასვლა მომიწევს”

“ზესტაფონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება – გია ჭიაბრიშვილი კლუბში აღარ იმუშავებს. ალბათ, ეს დროის ამბავი იყო, რადგან “ზესტაფონი” უკვე ვეღარ აჩვენებდა იმ შედეგს, რასაც გულშემატკივარი მიაჩვია. ისიც აღსანიშნავია, რომ კლუბიდან ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ წამყვანი ფეხბურთელები (რომელი ერთი ვთქვათ: დაუშვილი, ძარია, გელაშვილი, გრიგალაშვილი, ალადაშვილი, საჯაია, ონიანი, ბოლოს დვალიც...), ახალწვეულები კი, იმ დონისანი ვერ იყვნენ, რომ ისინი ღირსეულად შეეცვალათ.
როგორ და რა ვითარებაში მოხდა “ზესტაფონის” ხელმძღვანელობისა და ჭიაბრიშვილის განშორება, ამაზე მწვრთნელი გვეტყვის. ის კი ფაქტია, რომ “ტორპედოსთან” წაგებამ განსაკუთრებით იმოქმედა.  
ჭიაბრიშვილმა ერთი წელიწადი იმუშავა “ზესტაფონში”, მის ხელში გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა, თასის ფინალში გავიდა და სუპერთასიც მოიპოვა, თუმცა, ევროტურნირებზე გუნდმა ცუდად ითამაშა – ბაქოს “ნეფთჩისთან” გავარდა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ გაუძღვება “ზესტაფონს” მომდევნო ტურში.
 “მსოფლიო სპორტი” ჭიაბრიშვილს დაუკავშირდა:
- სიმართლე გითხრათ, ჩემი საკითხი საბოლოოდ ხვალ დღის მეორე ნახევარში გაირკვევა, მაგრამ რადგან ასეთი ამბავი დაიძრა და რადგან კლუბის სპორტულმა დირექტორმაც მაცნობა, ესე იგი, ყველაფერი იქით მიდის, რომ “ზესტაფონიდან” წასვლა მომიწევს.
- ილია კოკაიას არ უსაუბრია თქვენთან?
- არა. წინა დღეებში ჩემს გაშვებაზე საუბარი არ ყოფილა. მიახლოებითაც კი არ ყოფილა... ხვალ დავილაპარაკებ კოკაიასთან. ზეგ ვარჯიშია, თუმცა ხვალ დღის მეორე ნახევარში უკვე მეცოდინება საბოლოოდ. კიდევ ვიმეორებ, ყველაფერი იქით მიდის, რომ “ზესტაფონში” აღარ ვიმუშავებ. ეს ჩემი ინიციატივა არაა – ვხვდები, რომ შედეგი გაუარესდა და ჩემს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება წასვლაზე, სწორედ უშედეგობას უკავშირდება.     


ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103651