ინტერვიუები

15:49 | 25.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

გია გიგატაძე: “სერიოზულად ვემზადებით, რადგან თამაში იოლი არ იქნება”

გასულ წელს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა ქუთაისის “ტორპედომ”, პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა. ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ, ქუთაისელებს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩათ – ფინალში “გაგრა” უნდა დაამარცხონ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს იოლი შესასრულებელი ამოცანა არ არის. გარდა იმისა, რომ გაგრელები წელს უმაღლეს ლიგაში დაბრუნდნენ, მათ ფინალისკენ მიმავალი გზიდან თბილისის “დინამო” და “ვიტ ჯორჯია” ჩამოიცილეს. ალბათ, აქედან გამომდინარეა, რომ  “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე ფრთხილობს და “მსოფლიო სპორტთან” საუბარში, ფინალში გუნდების შანსებს თანაბრად აფასებს.
- როგორ ემზადება გუნდი საქართველოს თასის ფინალისთვის?
- “დინამოსთან” თამაშის შემდეგ, თბილისში დავრჩით და სასტუმრო “ბატესტაში” ვცხოვრობთ. “ამერის” სტადიონზე ვვარჯიშობთ.
- ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია? გიორგი მეგრელაძემ “დინამოსთან” მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა...
- ყველა ჯანმრთელად არის და ვარჯიშობს. მათ შორის მეგრელაძეც.
- თქვენს მოწინააღმდეგე “გაგრას” თაობაზე რას იტყვით?
- ძალიან კარგი გუნდია. ფინალამდე “დინამო” და “ვიტ ჯორჯია” გააგდო, რასაც სუსტი გუნდი ვერ გააკეთებდა. “გაგრა” კარგად დაკომპლექტებული გუნდია. სერიოზულად ვემზადებით, რადგან თამაში იოლი არ იქნება.
- თვლით, რომ ფინალის წინ მეტოქესთან შედარებით გარკვეული უპირატესობა გაქვთ?
- ვფიქრობ, შანსები თანაბარია.
- ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილის დაკავებას დადებით შედეგად მიიჩნევთ?
- შეფასებას კლუბის ხელმძღვანელობა აკეთებს, ხოლო მწვრთნელები - ვმუშაობთ. პრინციპში, უმაღლეს ლიგაში ახალასული გუნდისთვის მეოთხე ადგილი დამაკმაყოფილებელია. თუმცა, მომავალ სეზონში ასე უკვე აღარ იქნება.
- კონკურენტების გათვალისწინებით, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა?
- როგორ არ შეიძლებოდა?! სეზონის დასაწყისში შეთამაშება გვაკლდა, ხოლო ბოლო ტურებში გუნდი უკვე ნორმალურად გამოიყურებოდა. თასის ნახევარფინალში ქართული ფეხბურთის ლიდერი ორი მატჩის ჯამში დავამარცხეთ, რაც შემთხვევით არ ხდება.

 

ლაშა თაბაგარი  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09612