გია გრიგალავა ერთადერთი ქართველიღაა, რომელიც რუსული "ვოლგას" ძირითად გუნდში დარჩა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს "სოვეტსკი სპორტი" ესაუბრა და საკმაოდ საინტერესო კითხვა-პასუხებია. დაგვეთანხმებით, ამ ინტერვიუდან კარგად ჩანს გრიგალავა - როგორც პიროვნება.
- გია, ბევრი გამოცემა წერს, რომ ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ხართ, თუმცა ინტერვიუებში ამბობთ, ფეხბურთზე სიარული როსტოვში დავიწყეო. სიმართლე რომელია?
- ქუთაისში დავიბადე, მაგრამ საქართველოში ოფიციალურად არსად მითამაშია, მხოლოდ ეზოში ვაგორებდი ბურთს. საფეხბურთო სექციაში როსტოვში მივედი, სადაც ჩვენი ოჯახი გადავიდა. ამიტომაც, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ როსტოვის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ვარ.
- შემდეგ თქვენი მშობლები საქართველოში დაბრუნდნენ. რატომ არ წაჰყევით? ქუთაისიც ხომ საფეხბურთო ქალაქია.
- მე ვიტყოდი, ძალიან საფეხბურთო... როსტოვში ყველაფერი მაკმაყოფილებდა და იმიტომაც არ წავყვევი მშობლებს. იქ რომ საქმე ცუდად წასულიყო, რა თქმა უნდა, ისევ ოჯახს წავყვებოდი. ამასთან, მარტო არ დავრჩენილვარ: როსტოვში ნათესავები და ბევრი ნაცნობი მყავდა.
- "ვოლგაში" ბევრი ქართველი თამაშობდა, თანაც, გუნდს ომარ თეთრაძე წვრთნიდა. "მოსკვადან" "ვოლგაში" რომ მოდიოდით, ამ ფაქტორმა ითამაშა როლი?
- სიმართლე გითხრათ, "ვოლგას" განსაკუთრებულად არ ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა ვიცოდი, რომ ბევრი ქართველი თამაშობდა. საქართველოს ჩემპიონატში არ გამოვსულვარ და ამდენად, "ვოლგას' ქართველებს არ ვიცნობდი. გარდა გოჩა ხოჯავასი, რომელიც "როსტოვში" გახლდათ. ბუნებრივია, როცა გუნდში შენი თანამემამულეები არიან, ეს პლუსია. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს შენი სჯეროდეთ. თეთრაძესთან მუშაობა სასიამოვნო იყო: ისე გამოვიდა, რომ სწორედ თეთრაძე გახდა ჩემი პირველი ქართველი მწვრთნელი.
- როდესაც მწვრთნელი შეცვალეს და ქართველი ფეხბურთელებიც წავიდნენ, არ გიფიქრიათ, რომ თქვენც მოგიწევდათ ახალი კლუბის ძებნა?
- არ დავმალავ, ამაზე ვფიქრობდი. მართლაც, "ვოლგადან" წასულების უმეტესობა ქართველი იყო. თანაც, ახალი მწვრთნელის მოსვლას რისკიც ახლავს. ჩემთვის ყველაფერი ნორმალურად აეწყო და დავრჩი. დმიტრი ჩერიშევი მენდობოდა, მათამაშებდა და მეც, ალბათ, არ ვუმტყუნე. "ვოლგას' ყოფილ ქართველებთან ურთიერთობას ვაგრძელებ, ვხვდებით კიდეც ერთმანეთს. მათ ასევე კარგად აქვთ საქმე, სიძნელეები უკან დარჩა.
- საიდუმლო გაგვიმხილეთ: რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშევი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რატომ აღმოჩნდით?
- ნაკრებში თამაში ყოველთვის მსურდა, უბრალოდ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან არ მიწვევდნენ. პირველი მოწვევა რუსეთის ახალგაზრდულიდან მომივიდა და არ ვიუარე, რადგან ვიცოდი, რომ ამით საქართველოს მთავარ ნაკრებში კარი არ მეკეტებოდა. და როცა საქართველოდან დამირეკეს, საყოყმანო არაფერი იყო. რა თქმა უნდა, რუსეთის ნაკრები უფრო მაღალი დონისაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეროვნული სიამაყეა მთავარი: მე ქართველი ვარ და საამაყოა სამშობლოს სახელით თამაში. იქ, სადაც მხოლოდ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ვთამაშობ. სადაც დავიბადე, სადაც ჩემი მშობლები და ახლობლები ცხოვრობენ. გამიხარდა, რომ მათ საქართველოს ნაკრების მაისურით მიხილეს თბილისში, თუმცა სადებიუტო მატჩი ხორვატიაში მქონდა.
- იმედი გაქვთ, რომ ამჟამადაც გამოგიძახებენ (გრიგალავა გამოძახებულია 16 აგვისტოს ლუქსემბურგთან მატჩისთვის - ი.ნ.)?
- სურვილი მაქვს. თუმცა, ნაკრებში მუდმივად გამოძახება გარანტირებული არაა. მაგალითად, ითამაშე ნაკრებში? ახლა გუნდში გამოსვლის დროა. მაშინაც კი, როცა ნაკრებში კარგად თამაშობ, ხოლო კლუბში არ გამოგდის, ავტომატურად აზრი აღარ აქვს ნაკრებში მორიგ გამოძახებას. ნაკრები ხომ პოზიციების მიხედვით დგება, მე კი, მაგალითად, თავდასხმაში ვერ ვითამაშებ.
- სამაგიეროდ, დაცვაში უნივერსალურად გვეჩვენებით.
- მართლაც, ჩემთვის აზრი არ აქვს, მარცხენა ცენტრალურ მცველად ვითამაშებ თუ მარცხენა განაპირა მცველად. აი, მარჯვნივ კი რთულია. აპრილში "ტომთან" მარჯვენა ნცველად დამაყენეს და განსხვავება ვიგრძენი. თუმცა, მატჩი წარმატებული გამოდგა, რადგან მოვიგეთ.
- ამბობენ, რომ "ვოლგაში" არდადეგების გამოცხადებისთანავე საქართველოში მიფრინავთ.
- როცა ერთი-ორი დღეა კი არა, დიდი ხნითაა დასვენება, თბილისში მივდივარ.
იქ ცხოვრობენ დედ-მამა და ძმა. ისე გამოვიდა, რომ ქუთაისში, სადაც დავიბადე, ფაქტობრივად, არ მიცხოვრია. ჩემმა ბავშვობამ მარტვილში გაიარა. არის ასეთი ქალაქი ქუთაისიდან არცთუ შორს. როცა საქართველოში ვარ, მარტვილში აუცილებლად მივდივარ, რადგან ჩვენი გვარის ფესვები იქიდანაა, იქ ცხოვრობენ ბებიები, ბაბუები.
- რუსულად მშვენივრად საუბრობთ. შეგვიძლია გავიგოთ, რა ენაზე აზროვნებთ?
- ოჰო, ასეთი კითხვა არავის დაუსვამს... ქართულისა და რუსულის გარდა, მეგრულიც ვიცი. ასე რომ, სიტუაციის შესაბამისად, ამ სამიდან ნებისმიერზე შემიძლია ვიფიქრო. თუმცა, მაინც ქართულისკენ ვიხრები. მშობლები მეგრულად ხშირად საუბრობენ, მაგრამ - ჩემთან არა. სახლში ქართულად საუბარი სასიამოვნოა. ისე, თბილიში ბევრმა იცის მეგრული და ურთიერთობის პრობლემა არაა. აი, ნიჟნი ნოვგოროდში ქართულად საუბარი თუ მომინდება, შოთა ბიბილოვთან შემიძლია. ბიბილოვი ოსია, მაგრამ საქართველოში ნათესავები ჰყავს, ქართული ენა კარგად იცის და ხანდახან ვსაუბრობთ კიდეც. აი, ინგლისურსაც თუ ვისწავლი, მშვენიერი იქნება, თუმცა ამ მხრივ სირთულეა. პრაქტიკა უნდა გქონდეს, მხოლოდ თეორიით კარგად ვერ ისწავლი.
- შარშან "ვოლგაში" ესპანელი კროსასი თამაშობდა და ინგლისური იცოდა. ამან ვერ იმოქმედა?
- მაინცდამაინც ვერა. თავიდან უფრო ჟესტებით ვურთიერთობდით. მახსოვს, კროსასს ვურეკავდი, რათა რაღაც ინფორმაცია გამეგო, მაგრამ საუბრისას ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. ვდუმდით და ვფიქრობდით, რა ენაზე გვესაუბრა. მას რუსულად არ შეუძლია გამაგებინოს, მე კი - ინგლისურად ვერ ვეუბნები. ბოლოს ვთქვი: "კარგი, შემდეგ აგიხსნი". მარკმა უფრო აითვისა რუსული, ვიდრე მე ინგლისური. მართალია, ის რუსულად ვერ საუბრობდა, მაგრამ ბევრი რამ ესმოდა.
ილია ნანობაშვილი









