საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” მცველმა გია გრიგალავამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომლის შემოკლებულ ვარიანტს “მსოფლიო სპორტის” მკითხველს ვთავაზობთ.
- ბავშვობაში სხვადასხვა სპორტულ სექციებში დადიოდი, მაგრამ არჩევანი ფეხბურთზე შეაჩერე. რით მიგიზიდა ნომერ პირველმა თამაშმა?
- ალბათ, ფეხბურთი იმიტომ ავირჩიე, რომ მისი თამაში უკეთ გამომდიოდა. დავიწყე ვარჯიში და შემდეგ მივხვდი, რომ უნდა გამეგრძელებინა.
- თავდაპირველად თავდამსხმელი იყავი. ახლა თუ გეხმარება შეტევის ხაზში მიღებული გამოცდილება?
- თავდამსხმელად ჯერ კიდევ ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში ვთამაშობდი. ვერ ვიტყვი, რომ ფორვარდის რაიმე განსაკუთრებული თვისებები შემრჩა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შეტევაში წასვლა ყოველთვის შემიძლია.
- ამჟამად “ვოლგაში” თავდამსხმელების დეფიციტია. მთავარ მწვრთნელ დმიტრი ჩერიშევისთვის არ გითხოვია, რომ მოედანზე შენთვის ამპლუა შეეცვალა?
- არა. თუმცა, როდესაც თამაში ჩვენთვის არასასურველად მიმდინარეობს, ბოლო წუთებზე ვცდილობ, შეტევებში ჩავერთო.
- თამაში დაცვის ცენტრში უფრო გიადვილდება თუ ფლანგზე?
- მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი დაცვის ცენტრშია, მაგრამ არც მაშინ ვგრძნობ დისკომფორტს, როდესაც მარცხენა ფლანგზე ვთამაშობ. თუმცა, უფრო ცენტრალური მცველი ვარ, ვიდრე განაპირა.
- რუსეთის პრემიერლიგაში არაერთგვაროვანი დებიუტი გქონდა – “როსტოვის” შემადგენლობაში მოედანზე მეორე ტაიმში გახვედი და 24 წუთის მერე შეგცვალეს. გახსოვს, რა გრძნობა დაგეუფლა მაშინ?
- განსაკუთრებული ემოციები არ მქონია. იმ მწვრთნელს ასეთი თვისება ჰქონდა – თუ ფეხბურთელს თამაში არ გამოსდიოდა, მაშინვე ცვლიდა. ასე არა მარტო მე, არამედ, სეზონის განმავლობაში ბევრ ფეხბურთელს მოუვიდა. მსგავს ეპიზოდებს მშვიდად აღვიქვამდი.
- რამდენად რთული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის “როსტოვში” კარიერის დაწყება?
- ამ კლუბში ყველა საფეხური გავიარე, ახალგაზრდული გუნდის ჩათვლით. საკუთარ თავს ყურადღებას ვაქცევდი და პირველ გუნდში ამიტომ მოვხვდი. როდესაც შანსს მაძლევდნენ, გავდიოდი და ვთამაშობდი. ყველაფერი მარტივადაა.
- როგორ ფიქრობ, შანსი გამოიყენე თუ რაღაც მაინც არ გამოგივიდა?
- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არავინ დამიღალატებია. მით უმეტეს, ჩემი დიდი იმედი მაინცდამაინც არ ჰქონდათ. ყველაფერი ნორმალურად იყო. არა მგონი, დებიუტის შემდეგ ვიღაცას ეფქირა, რომ ჩემში შეცდა.
- 2009 წლის იანვარში სინჯებზე ჰოლანდიის “აიაქსში” გაემგზავრე. იქ რატომ ვერ დარჩი?
- განსაკუთრებული არაფერია. შესაძლოა, იქ დარჩენის ვარიანტები იყო, მაგრამ ახლა “აიაქსზე” არაფრის გახსენება არ მინდა.
- რატომ? რუსეთიდან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაში ყველას როდი იწვევენ...
- იმიტომ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. არ დავრჩი, ე.ი. არ დავრჩი. იქ არცთუ დიდი დრო გავატარე - დაახლოებით ერთი კვირა და შემდეგ “მოსკვაში” აღმოვჩნდი.
- სხვათა შორის, “მოსკვაში” თამაში დროს მხოლოდ 4 ყვითელი ბარათი მიიღე. ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიოდრაგ ბოჟოვიჩის დამსახურება იყო?
- ბარათებთან დაკავშირებით არავითარი პერსონალური საუბარი არ ყოფილა. გუნდი ისე თამაშობდა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა.
- მიმდინარე სეზონში ორჯერ გაგაძევეს თამაშის მსვლელობისას მიღებული ორ-ორი ყვითელი ბარათის გამო. ცდილობ, როგორმე ემოციებს გაუმკლავდე?
- როგორ უნდა გავუმკლავდე? ხდება ხოლმე, რომ ემოციები გადამძალავს. მოედანზე იმ აზრით ნამდვილად არ გავდივარ, რომ ვინც წინ შემხვდება, ყველა ძირფესვიანად მოვკვეთო.
- ხსენებული გაძევებებისთვის გუნდში დაგსაჯეს?
- დიახ.
- რუსეთში საცხოვრებლად 8 წლის ასაკში გადახვედით. ქუთაისში გატარებულ წლებზე მოგონებები დაგრჩა?
- რა თქმა უნდა. ამ ქალაქში ყოველ წელს ჩავდივარ.
- რუსეთში ადაპტაცია ხომ არ გაგიჭირდათ?
- როდესაც რუსეთში ჩავედი, ენა საერთოდ არ ვიცოდი. მეტ-ნაკლებად რუსულად საუბარი და ენის გაგება ერთ წელიწადში დავიწყე.
- შენ ორმაგი მოქალაქეობა გაქვს. თავს უფრო მეტად რუსად გრძნობ თუ ქართველად?
- რუსეთის მოქალაქეობა იმიტომ მაქვს, რომ ფეხბურთის თამაში ამ ქვეყანაში დავიწყე. თორემ ისე, ცხადია, ქართველი ვარ. უფრო ღრმად თუ ჩავწვდებით, მეგრელი ვარ, თუმცა ქუთაისში დავიბადე. ალბათ, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მეგრულად საუბარს თუ დაიწყებ, მაგალითად თბილისსა და ქუთაისში ვერ გაგიგებენ.
- რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშიც მოასწარი – ისტორიულ მატჩში ფარერებთან, რომელიც რუსეთმა წააგო...
- გოლი პირველივე წუთზე გავუშვით, ხოლო შემდეგ მეტოქის კარი თითქოს მოჯადოებული იყო.
- შენს წინაშე იდგა საკითხი, თუ რომელი ნაკრები უნდა აგერჩია?
- როდესაც საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს, უკვე აღარ ვფიქრობდი.
- ყველა კარგად იცნობს საუცხოო ქართველ თავდამსხმელებს. ალბათ, მცველებიდან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ კალაძეა. შენთვის ვინაა კერპი და ორიენტირი?
- ვინმეს გამორჩევა ძნელია. მცველებზე თუ ვისაუბრებთ, კერპები არ მყავს. არიან მოთამაშეები, რომლების მიმართ სიმპათია მაქვს. მაგალითად, პეპე.
- პეპე? ბევრი მას ძალიან ბინძურ ფეხბურთელად მიიჩნევს...
- ჩემი აზრით, ეს გადამეტებული შეფასებაა. კარგი მცველია, ხისტი. რა თქმა უნდა. ქართველებიდან ყველაზე ცნობილია კალაძეა.
- ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში რა ცვლილებებია?
- ძალიან კარგია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყეს და კარგ მოედნებს აკეთებენ. ჩნდება ადგილები, სადაც ვარჯიში შეიძლება, ე.ი. ახალი კარგი ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან.
- აზერბაიჯანთან ერთად ევრო-2020-ის ჩატარება შესაძლებელია?
- ამის შესახებ პრესაში წავიკითხე. ეს თუ მოხდა, კარგი იქნება. თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი საუბრის დონეზეა.
- რამდენად მზადაა ქვეყანა ასეთი ღონისძიებისთვის?
- თუ საქართველო უფლებას მოიპოვებს, ყველაფერი გაკეთდება. რუსეთშიც ჯერ არაფერია მსოფლიო ჩემპიონატის სამასპინძლოდ, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ ააშენებენ.
- თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით განვლილ შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ეტაპი ლიდერების - ხორვატიისა და საბერძნეთის დარად ჩაატარა. რატომ ჩააგდო მეორე ეტაპი?
- საერთო ჯამში, ნაკრებმა წინა წლებთან შედარებით უკეთ თამაშობს. იმედია, პროგრესი გაგრძელდება. რატომ არ გამოგვივიდა მეორე ეტაპი? ყველაფერი მარტივადაა. მეტოქეებზე მეტი გოლი ვერ გავიტანეთ.
- შეგიძლია წარმოიდგინო, რომ სათამაშოდ საქართველოს ჩემპიონატში მიდიხარ?
- ალბათ, მხოლოდ კარიერის ბოლოს. თუმცა, წინასწარ რაიმეს თქმა რთულია.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









