ძიუდო

19:51 | 28.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

გია გუგავა: “მსოფლიოს ჩემპიონატზე არასრული გუნდით გამოვალთ”

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთ შეკრებას გაივლის. სეზონის უმთავრესი ტურნირი 3-6 ნოემბერს სამხრეთ აფრიკაში გაიმართება და მასზე ქართული გუნდი არასრული შემადგენლობით გამოვა. საბოლოო განაცხადის ჩამოწერას მთავარი მწვრთნელი გია გუგავა მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილამდე არ იჩქარებს.
“მსოფლიოს ჩემპიონატამდე თვეზე მეტია დარჩენილი და ასე ადრიანად შემადგენლობის გამოცხადება ცოტა ძნელია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მონიჭებულ ქვოტას სრულად არ გამოვიყენებთ. ყველა წონით კატეგორიაში ორ-ორი ძიუდოისტის დაყენების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. თითქმის გადაწყვეტილი მაქვს, რომ 100 კილოგრამში არცერთ სპორტსმენს არ დავაყენებ. არ გამოვრიცხავ, ასევე მოვიქცე 81 კილოგრამშიც. ნაკრები 15 ოქტომბრიდან სავარაუდოდ გორში გაივლის 2-კვირიან შეკრებას და მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელთა სიაც იქვე გამოიკვეთება. გორში მაქსიმუმ 20-კაციანი გუნდით – ძირითადი კანდიდატებით ჩავალთ. სპარინგ-პარტნიორობას კი ადგილობრივი სკოლის აღზრდილი ძიუდოისტები გაგვიწევენ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გია გუგავამ.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი 16-18 სექტემბერს ბელგიის ქალაქ ლომელში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, ლერი ჭელიძეს (55 კგ) და ლევან მატიაშვილს (+100 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თითო გამარჯვება დააკლდათ, მიხეილ ჩოხელი (73 კგ) კი მესამე ადგილს დასჯერდა.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155453