საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონ რევაზ ლაშხსაც უმასპინძლა. დღეს, სეოკ-ის ოფისში გამართულ პრესკონფერენციას ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩიაც დაესწრნენ.
“ჯერ კიდევ შეკრებაზე შევნიშნე, რომ რევაზ ლაშხი ბრწყინვალე ფორმაში იყო. იქვე ვუთხარი კიდეც დავით გობეჯიშვილს. მართლა ყველასგან გამოირჩეოდა. ამის მიუხედავად, შეიძლება ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც სხვების უფრო მეტად გვეიმედებოდა, მაგრამ დორტმუნდშიც გამოჩნდა, რომ ტიტულებს არ უნდა ვენდოთ. მთავარია, იმ კონკრეტულ მომენტში ვინაა ოპტიმალურ ფორმაში. ვულოცავ ფედერაციას, ჭიდაობის ფედერაციას და ნაკრების მწვრთნელებს. ეს შედეგი მათი შრომის დამსახურებაცაა. მინდა, ლაშხს და ნაკრების ყველა წევრს მომავალი წარმატებები და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვება ვუსურვო. იმედია, ამას სრული შემადგენლობა შეძლებს” - განაცხადა ნაცვლიშვილმა და ევროპის ჩემპიონს საპრესკონფერენციო დარბაზის კედელზე გაკრულ ქართველ ლიცენზიანტთა სია უჩვენა, რომელშიც ჯერ მხოლოდ ერთი სპორტსმენის, ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძის გვარ-სახელია ჩაწერილი. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, დარწმუნებული ვარ, ამ სიაში შენც ჩაიწერებიო.
რევაზ ლაშხმა ყველას მადლობა გადაუხადა, ვისაც მის წარმატებაში ოდნავი წვლილიც კი მიუძღვის, გულშემატკივრებს კი კიდევ უფრო მეტ მონდომებას დაჰპირდა. ნაკრების თავკაცმა, შედეგიანობის უმთავრეს მიზეზად სწორედ სპორტსმენის საქმისადმი სწორი მიდგომა დაასახელა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კი აღნიშნა,რევაზ ლაშხი კარგი ჭიდაობით ევროპის ყველა ჩემპიონისგან გამოირჩა და ეს სხვებმაც აღნიშნესო.
ოთარ მაღლაკელიძე
თომას გერმანის ფოტო
msy.gov.ge







