საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშაბათს დილით კიევში გაემგზავრა. უკრაინის დედაქალაქი 15-16 თებერვალს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და ზაზა თურმანიძის გუნდი ხალიჩაზე თითქმის უძლიერესი შემადგენლობით გავა. ოპტიმალურ განაცხადს მხოლოდ გიორგი გოგშელიძე (96 კგ) დააკლდება. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ამ ეტაპზე დასვენება მწვრთნელებმა მოჭიდავესთან შეთანხმებით გადაწყვიტეს.
კიევში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ნაკრებმა ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიც დაესწრო. ლადო ვარძელაშვილმა სპორტსმენებს შედეგიანი გამოსვლა უსურვა. ჟურნალისტებს კი განუცხადა, იმედია, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები საგაზაფხულო საერთაშორისო ტურნირებზეც ჩვეულად წარმოაჩენენ თავს და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სრული შემადგენლობით გაემგზავრებიანო.
თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს 6-11 მარტს ბელგრადი უმასპინძლებს. ლონდონის ოლიმპიადის საგზურები კი სამ ტურნირზე გათამაშდება: 20-22 აპრილს - სოფიაში, 27-29 აპრილს - ჩინეთის ქალაქ ტაიუანში და 4-6 მაისს – ჰელსინკიში. სოფიასა და ჰელსინკიში ლიცენზიას თითოეული წონითი კატეგორიის ორ-ორი საუკეთესო მიიღებს, ხოლო ტაიუანში – 3-3. თუ ამ სიაში ისეთი მოჭიდავეები მოხვდებიან, რომელთაც ოლიმპიადა ისედაც განაღდებული აქვთ, მაშინ ლონდონის გზა მეოთხე, მეხუთე და უფრო დაბალი ადგილების დამკავებელთ გაეხსნებათ. შეგახსენებთ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ოლიმპიური ლიცენზია 55, 66 და 96 კილოგრამებშიღა დარჩა მოსაპოვებელი.
უკრაინული ტურნირი ნაკრების პირველი ნომრებისთვის პირველი შეჯიბრია მიმდინარე სეზონში, ზოგადად საქართველოს ნაკრებისთვის კი მეორე. რამდენიმე დღის წინ, თურქეთში გამართულ იაშარ დოგუს მემორიალზე ქართული გუნდი გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა და საპრიზო ადგილის დაკავება 11 მოჭიდავიდან ერთმაც ვერ შეძლო. მიზანთან ყველაზე ახლოს გენადი ჩირგაძე (55 კგ) იყო, რომელიც რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა.
და ბოლოს, “მსოფლიო სპორტისთვის” თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ გაკეთებული კომენტარი და უკრაინული ტურნირის ქართული განაცხადი:
ზაზა თურმანიძე: "კიევის ტურნირი ნაკრების ლიდერებისთვის წლეულს პირველი გასვლაა საერთაშორისო არენაზე. ამჯერად შედეგს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ. მთავარი მოჭიდავეთა ფუნქციონალური მზადყოფნის შემოწმება და მათზე დაკვირვებაა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ევროპის ჩემპიონატისა და სალიცენზიო ტურნირებისთვის იყოს გუნდი საუკეთესო ფორმაში".
საქართველოს ნაკრები
55 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბესარიონ გუჩაშვილი
60 კგ - მალხაზ ზარქუა
66 კგ - ოთარ თუშიშვილი, ზურაბ იაკობაშვილი
74 კგ - დავით ხუციშვილი
84 კგ - დავით მარსაგიშვილი
96 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
120 კგ - დავით მოძმანაშვილი
ოთარ მაღლაკელიძე







