ინტერვიუები

21:46 | 2.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიგიაძე მწვრთნელობას ჯერ არ აპირებს

სიმფეროპოლის “ტავრიას” ვეტერანი ფეხბურთელი ვასილ გიგიაძე, რომელმაც კლუბში ჩატარებულ 158 შეხვედრაში, 37 გოლი გაიტანა, ua-football-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ შესწევს გუნდის დახმარების უნარი.
ვასილ გიგიაძე:
“ტავრიასთან” თანამშრომლობას კიდევ ერთი წელი გავაგრძელებ. ვთვლი, რომ შემიძლია, გუნდს მოწინავე პოზიციებზე დაბრუნებაში დავეხმარო.
- უკრაინული კარიერის უმეტესი ნაწილი “ტავრიაში” გაატარე, სადაც ავტორიტეტი მოიპოვე და ბომბარდირული თვისებები გამოავლინე. პარტნიორებიდან ყველაზე კომფორტულად თავს ვისთან გრძნობდით?
- ალბათ, ალექსანდრ გაიდაშთან. საშა ტარანის ტიპის ფორვარდია, რომელსაც ნებისმიერი ეპიზოდიდან მაქსიმუმის “გამოწურვა” შეეძლო. ის თავით საუცხოოდ თამაშობდა. პარტნიორისთვის პასის მიცემა არასოდეს ენანებოდა. საერთოდ, პარტნიორებში ყოველთვის მიმართლებდა.  
- სიმფეროპოლი რამდენჯერმე დატოვე. კარიერის ამ პერიოდებზე რას იტყვი?
- თავი რუსეთის ჩემპიონატში მოვსინჯე, სადაც ელისტის “ურალანსა” და ნოვოროსიისკის “ჩერნომორეცში” გამოვდიოდი. ასევე, “კრივბასში” და ახტირკის “ნეფტიანიკში” ვთამაშობდი. კრივოი როგში წარმატებული პერიოდი მქონდა და გოლების გატანა გავაგრძელე. ახტირკაში არცთუ იღბლიანი წელიწადი გავატარე. როდესაც “ტავრიაში” დაბრუნების ვარიანტი გამოჩნდა, არც დავფიქრებულვარ. მითუმეტეს, გუნდში დაბრუნება თავად სერგეი კუნიცინმა (“ტავრიას” პრეზიდენტი) შემომთავაზა. განვლილ პერიოდში ევროპის საკლუბო ტურნირებზე ორჯერ ვითამაშე და უკრაინის თასი მოვიგე.  
- გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი, სერგეი პუჩკოვი თავიდან ძირითად შემადგენლობაში არ გაყენებდა. კონკურენცია იყო დიდი?
- მაშინ გუნდში რამდენიმე ძლიერი თავდამსხმელი თამაშობდა – კოვპაკი, იდახორი, პლატონი და ფეშჩუკი. სერიოზული კონკურენცია იყო. აღსანიშნავია, რომ “ტავრიას” ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი ჰყავს. მწვრთნელისთვის არჩევანის გაკეთება ადვილი არ გახლდათ.
- სხვათა შორის, ყოველთვის გამოირჩეოდი პენალტების ზუსტი შესრულებით. კოვპაკის “არსენალში” გადასვლის შემდეგ, “შტატიანი” პენალტისტი ვინ იქნება?
- მართლაც, “ტავრიაში” მიმართლებდა – ყველა დარტყმა შედეგიანი იყო. იმედი მაქვს, რომ ახლაც მწვრთნელები და პარტნიორები მსაჯების მიერ გამოტანილი “განაჩენის” აღსრულებაში მოყვანას მე მომანდობენ.
- შენი ზუსტი დარტყმებისგან უკრაინის ჩემპიონატში ყველაზე მეტად ვინ დაზარალდა?
- ალბათ, “კრივბასი”. თუ არ ვცდები, ამ გუნდის მეკარეებს ყველაზე ხშირად ვამწუხრებდი. გოლები უკრაინის ჩემპიონატის გრანდებისთვის, “დინამოსთვის” და “შახტარისთვისაც” გამიტანია. საერთოდ, ჩემთვის მთავარია, რომ მშობლიურმა გუნდმა გაიმარჯვოს.
- ე.ი. “ტავრიას” მშობლიურად თვლი?
- რა თქმა უნდა. სიმფეროპოლში ჩემთვის ყველაფერი მისაღებია. ძალიან მეგობრული გუნდი გვყავს. უკვე რაღაც-რაღაცეების მოგებასაც მივეჩვიეთ. შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ. სიმფეროპოლში საუცხოო გულშემატკივრები არიან, რომელთაც შეუძლიათ გაგიგონ და გაპატიონ. ყირიმში თავს ჩემი ოჯახიც კარგად გრძნობს.
- მთავარი მწვრთნელი, ვალერი პეტროვი კვლავ გენდობათ. გაიჟღერა ვერსიამ, რომ თუ კარიერის დასრულებას გადაწყვეტთ, “ტავრია” სამწვრთნელო შტაბში თანამდებობას შემოგთავაზებთ...
- ძალიან სასიამოვნოა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მენდობა. შევეცდები, მათი ნდობა გავამართლო, ოღონდ, კარიერის დასრულების შემდეგ.  


მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096366