ინტერვიუები

18:57 | 22.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ღიმილიანი რუდ გულიტი გროზნოში მომღიმარმა სახეებმა მოხიბლა

ჰოლანდიელმა რუდ გულიტმა გროზნოს “ტერეკი” ჩაიაბრა და იმედოვნებს, რომ ამ გუნდს ევროპაში სახელს გაუთქვამს. ლეგენდარული ფეხბურთელი თავისი ახალი საცხოვრებელი ადგილით კი მოიხიბლა, მაგრამ მთავარი განმსაზღვრელი რომ ფულია, ეს მისი ინტერვიუდანაც კარგად ჩანს.    
-    როგორია თქვენი შთაბეჭდილება გროზნოში პირველი ვიზიტის შემდეგ?
-    დაუვიწყარი. ყველაფრით მოვიხიბლე: ახალი სახლი, სუფთა ქუჩები, ღიმილი ადამიანთა სახეებზე, რომლებმაც ამდენი რამ გადაიტანეს. რამზან კადიროვმა ომის დროინდელი ქალაქის ფოტოები მანახა. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო! ახლა კი გროზნო ლამაზი, თანამედროვე დედაქალაქია. ეს იმას ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში ადამიანებს საოცრებების მოხდენა შეუძლიათ.
-    მსგავსი საოცრების მოხდენა თქვენც მოგიწევთ. ჩეჩნეთში ოცნებობენ, რომ “ტერეკი” ევროპული დონის გუნდად იქცეს.
-    ამაზე გამუდმებით ვფიქრობ. მთავარია, რომ ჩვენმა თამაშმა ადამიანებს სიხარული მიანიჭოს. ეს უკვე გამარჯვება იქნება.
-    აქამდე თუ გსმენიათ ქალაქ გროზნოს შესახებ?
-    მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებში, როდესაც იქ ომი იყო. მაგრამ მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ და ამ ომის არსით არ დავინტერესებულვარ.
-    გროზნოში ყველა იმას აქცევს ყურადღებას, რომ მუდამ იღიმით. ეს თქვენი ჩვეულებრივი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის მდგომარეობაა, თუ რეაქცია თბილ მიღებაზე?
-    მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც მუდამ პოზიტიურად აზროვნებენ. პესიმისტები არ მიყვარს და არც მათ ვუყვარვარ. ასე რომ, ვცდილობ მუდამ ღიმილიანი სახე მქონდეს.
-    თქვენი 15-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, რომელი დღეები იყო ყველაზე ბედნიერი, ან სამწუხარო?
-    საკმარისად იყო ბედნიერიც და სამწუხაროც. მთლიანობაში, საკუთარი ბედით კმაყოფილი ვარ. ყველაზე ცუდი პერიოდი მაშინ დგება, როდესაც კლუბის მეპატრონეებს მოთმინება არ ჰყოფნით, რომ გუნდის შენება გაცალონ. მათ ყველაფერი უცბათ უნდათ. მაგრამ ტყუილად არ ამბობენ, რომ სწრაფად მხოლოდ ბავშვები იბადებიან. აი “მანჩესტერ იუნაიტედმა” და “არსენალმა” გაათვითცნობიერეს, რომ ფეხბურთში სიჩქარე არაფრის მომტანია. სწორედ ამიტომ მუშაობენ იქ ამდენი ხანი ფერგიუსონი და ვენგერი.
-    თქვენს სამწვრთნელო კარიერაში, რომელი მოვლენა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად?
-    1997 წელს, “ჩელსისთან” ერთად ინგლისის თასის მოგება. მახსოვრობაში უმთავრესი ის კი არაა, რომ თასი მოვიგეთ, არამედ ის, რომ ფეხბურთელები ათამაშდნენ. მაგალითად უაიზიც კმარა, რომელსაც მანამდე არ ესმოდა რას ვითხოვდი მისგან.
-    რის გახსენებას არ ისურვებდით?
-    მოდი, ამაზე ნუ ვისაუბრებთ. უკვე გითხარით, რომ მხოლოდ პოზიტივით ვცხოვრობ. იცით, ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად რა არ მომწონს? ის, რომ მწვრთნელს ადრე თუ გვიან აგდებენ. მაგრამ ვერაფერს იზამ, ასეთია ცხოვრება.
-    19-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, თქვენ არაერთ მწვრთნელთან მოგიწიათ მუშაობა. რომელ სპეციალისტს მიიჩნევთ ყველაზე კოლორიტულად?
-    კონკრეტულად რომელიმეს გამოყოფა არ მსურს. ყველა მათგანისგან ვისწავლე რაღაც. ზოგი დაცვის საიდუმლოს მიმხელდა, ზოგი შეტევის.
-    და მაინც?
-    ყველაზე მეტი იმ მწვრთნელებისგან ვისწავლე, ვინც ახალგაზრდობაში მავარჯიშებდა. დღემდე მახსოვს არიგო საკის გაკვეთილები, რინუს მიხელსის მოძღვრება. ჯამში, მასწავლებლებში გამიმართლა და მათ მუდამ თაყვანს ვცემ.
-    ჰოლანდიაში მხოლოდ “ფეინოორდში” რატომ მუშაობდით?
-    ასე მოხდა. შესაძლოა იმიტომ, რომ უმეტეს დროს საზღვარგარეთ ვცხოვრობდი.
-    “ჰარლემში”, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგით, მუშაობის სურვილი არ გქონდათ?
-    სამწუხაროდ, ეს კლუბი აღარ არსებობს. თქვენი “სატურნის” მსგავსად, მასზე ფინანსურმა კრიზისმა იმოქმედა.
-    შეგირდებთან კონფლიქტი თუ გქონიათ?
-    ფეხბურთელებთან პირადი კონფლიქტი არასდროს მქონია. უწინარესად, მოთამაშე გუნდის ღირსება უნდა იყოს. თუ მარადონა არ ხარ, კეთილი უნდა ინებო და კლუბის ინტერესებს ემსახურო. არა, შეგიძლია სულ მთლად თავისუფალიც იყო.
-    თქვენ თავს მკაცრ მწვრთნელთა რიცხვს მიაკუთვნებთ?
-    ამის შესახებ სჯობს, ფეხბურთელებს ჰკითხოთ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ დისციპლინის გარეშე, ყველაზე ვარსკვლავური გუნდიც კი ვერაფერს მიაღწევს.
-    ჯარიმები დისციპლინის დამყარებას ხელს უწყობს?
-    ვიტყოდი, რომ მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა. პირადად მე, ჯარიმებს არასდროს ვეყრდნობი, ეს კლუბის ხელმძღვანელობის საქმეა.
-    ფეხბურთელი გულიტი როდესმე თუ დაჯარიმებულა?
-    მაპატიეთ, ვერაფერს გავიხსენებ.
-    ფეხბურთელისგან ყველაზე მეტად რას ვერ აიტანთ?
-    ეგოისტობას. მსგავსებს შევთავაზებდი, რომ ჩოგბურთი ეთამაშათ, თუმცა, ჩოგბურთსაც მხოლოდ ეგოისტები როდი თამაშობენ.
-    რას საქმიანობდით მაშინ, როდესაც “ტერეკის” ხელმძღვანელობა დაგიკავშირდათ?
-    აბუ დაბიში ვისვენებდი. სწორედ იქ დამირეკეს და მუშაობა შემომთავაზეს. მანამდე, ინგლისისა და ჰოლანდიის ჩემპიონატების მატჩების ტელეკომენტატორად ვმუშაობდი.
-    ბელგიასა და ჰოლანდიას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურდათ. მათი განაცხადის წარდგენაში თქვენ უანგაროდ მონაწილეობდით?
-    ზუსტად ასეა.
-    ძალიან დამწუხრდით, როდესაც მასპინძლობის უფლება რუსეთმა მიიღო?
-    რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ ამდენი ხნის განმავლობაში ველოდით, რომ მსოფლიო ფორუმს ბელგიელებთან ერთად ვუმასპინძლებდით. არაუშავს, რამენაირად გადავიტანთ.
-    “ტერეკთან” მოლაპარაკების პერიოდში თუ იყო მომენტი, როდესაც რაღაცამ განსაკუთრებულად დაგაეჭვათ?
-    ორ რამეს ვუფრთხოდი. პირველი - კლუბის სტრუქტურას არ ვიცნობდი, მისი შესაძლებლობები არ ვიცოდი. მეორე - გაურკვევლობა, რომელსაც უნდა შევხვედროდი. მაგრამ ესეც მწვრთნელის მუშაობის ნაწილია.
-    თქვენი დამხმარეები გაგვაცანით.
-    ვან ნიკერკთან ერთად ჯერ კიდევ “ჰარლემში” ვთამაშობდი. ფეხბურთზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს და სამწვრთნელო პრინციპებიც ერთნაირი გვაქვს. ტასუ კოპი ფიზმომზადების და სარეაბილიტაციო კურსის მწვრთნელია. “ტერეკი” მისი პირველი კლუბია, მაგრამ ჰოლანდიაში ყველა იცნობს და ინდივიდუალურად, ფეხბურთელებს დახმარების თხოვნით არაერთხელ მიუმართავთ.
-    თქვენ ის მწვრთნელი ხართ, რომელიც გადამწყვეტ სიტყვას მუდამ თავად ამბობს?
-    ერთი გუნდი ვართ და თანაშემწეების აზრს მუდამ ვითვალისწინებ, თუმცა, ყველაფერში მათზე დათანხმების აზრს ვერ ვხედავ. მაშინ აჯობებდა გუნდში დედა მომეწვია.
-    რამდენად დაემთხვა ვიდეოში ნანახი რეალობას?
-    ჯერჯერობით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. დროა საჭირო. მხოლოდ ერთი რამ ვიცი – განვითარება აუცილებელია. რის ხარჯზე? სწორედ ესაა ჩემი უმთავრესი საზრუნავი.
-    რას იტყვით “ტერეკის” შემტევ პოტენციალზე?
-    რა თქმა უნდა, “ბარსელონა” არ ვართ, მაგრამ რაღაც კონტურები უკვე გამოიკვეთა. შევხვდით დანიურ კლუბს, რომელიც არც თავად თამაშობდა და ამის უფლებას ჩვენც არ გვაძლევდა, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. აუცილებელია, საკუთარ შანსს დაელოდო და ის აუცილებლად მოვა.
-    “ტერეკის” დაკომპლექტება დასრულებულია?
-    ეს პროცესი არასდროს არ უნდა დასრულდეს. პარალელურად, უნდა ავამაღლოთ იმ ფეხბურთელების სათამშო დონე, რომლებიც უკვე გუნდის წევრები არიან. სწორედ ესაა ჩემი მთავარი ამოცანა.
-    ის ფაქტი, ჩემპიონატის დაწყება “ზენიტთან” და “რუბინთან” შეხვედრებით რომ გიწევთ, უხერხულობას არ გიქმნით?
-    ჩემთვის სულ ერთია, ვისით დავიწყებ ტურნირს. თუ კარგად დავიწყეთ, დადებით იმპულსს მივიღებთ. საკუთარი თავის მაშინაც უნდა გწამდეს, როდესაც ფავორიტს ეთამაშები.
-    ცივი ამინდები არ გაშინებთ?
-    ყველანი თანაბარ პირობებში ვიქნებით.
-    ამასწინათ თქვით, რომ რუსეთის ჩემპიონატი ჰოლანდიისაზე ძლიერია.
-    უწინარესად, ის გაითვალისწინეთ, თქვენი რამდენი კლუბი მონაწილეობს ევროთასებზე და რას აღწევენ ისინი. ეს ობიექტური მიდგომაა.
-    რაა მიზეზი, რომ ჰოლანდიურმა ფეხბურთმა პოზიციები დათმო?
-    მთავარი ამოსავალი წერტილი ფულია. დაიშალა იგივე “ჰარლემი”, ვალებშია ჩაფლული “ფეინოორდი”. დიდი გასაქანი არც სხვებს აქვთ. შედეგად, როგორც კი ჰოლანდიაში კარგი ფეხბურთელი გამოჩნდება, ის სხვას მიჰყავს. ტალანტებს ვკარგავთ. ეს სტიქიური უბედურების ტოლფასია.
-    ყველა დროის ფეხბურთელებიდან, რომელი გხიბლავთ ყველაზე მეტად?
-    მარადონა და კრუიფი. ისინი საფეხბურთო პოეტები არიან.
-    დღევანდელებიდან ვის გამოარჩევდით?
-    მესის. მისი თამაში მუდამ სიხარულს განიჭებს. მეჩვენება, რომ მას ფეხები პლასტელინისგან აქვს გაკეთებული და ბურთი უბრალოდ ეკრობა.
-    თქვენ ცრუმორწმუნე მწვრთნელი ხართ?
-    ფეხბურთელობის დროსაც კი, მსგავს რამეს ყურადღებას არ ვაქცევდი.
-    სერ ბობი ჩარლტონი სამარკო ვისკის ასხამს. ალკოჰოლური სასმელებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
-    ხანდახან, ჭამის დროს მშრალ, თეთრ ღვინოს მივირთმევ.
-    რელიგიური თუ ხართ და რომელი მიმდევრობის ადამიანი ბრძანდებით?
-    რწმენა ჩემს გულში ცხოვრობს. მამა ღმერთი სხვადსხვა მიმდევრობის ადამიანების ერთობისთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს. თუ ადამიანი მართლა ადამიანია, მის რელიგიურ მიმდევრობას მნიშვნელობა აღარ აქვს.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170247