ინტერვიუები

17:49 | 21.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ადამია: “მოულოდნელი და სასიხარულოა”

2010-2011 წლების სეზონი, გიორგი ადამიას კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. 18 გატანილი გოლით, 30 წლის შემტევმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ბომბარდირობა არავის დაუთმო. გარდა ამისა, ერთხელ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო ორჯერ - ტურის. მისი დიდი დამსახურებაა, რომ აგდამის “ყარაბახმა” ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.  ადამიას გარჯა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამაც დაუფასა და ევრო-2012-ს შესარჩევ ციკლში ხორვატებთან სამ ივნისს გასამართ მატჩამდე მოსამზადებელ შეკრებაზე უხმო. სხვათა შორის, აზერბაიჯანულ პრესაში არაერთხელ გაიჟღერა, რომ ადამია იმსახურებდა, მოქალაქეობა მიეცათ, რათა ხსენებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსება დაეცვა. თუმცა, საბოლოოდ საქმე აქამდე არ მისულა. თბილისში დაბრუნებულ ფეხბურთელს “მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა და ბუნებრივია, უპირველესყოვლისა, სანაკრებო თემაზე ესაუბრა.
- რამდენად მოულოდნელი იყო შენთვის საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოძახება?
- ჩემთვის მოულოდნელი და სასიხარულოა. მანამდე თემურ ქეცბაიასთან საუბარი არ მქონია და პრინციპში ეს ამბავი პრესის საშუალებით გავიგე. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან კი დამიკავშირდნენ და პასპორტის ნომერი ჩაიწერეს, მაგრამ შეკრებაზე რომ მიმიწვევდნენ, ნამდვილად არ ველოდი.
- საკმაო ხანი აზერბაიჯანში სტაბილურად თამაშობ და სხვადასხვა კლუბების შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონიც გამხდარხარ. ხომ არ თვლი, რომ ნაკრების ყოფილ მწვრთნელებსაც შეეძლოთ შანსი მოცემა?
- პრინციპში, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ახლა მომცეს შანსი და ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებ გუნდში დამკვიდრებას? ამის გაკეთება რთული არ იქნება?
- ნაკრებში დიდი კონკურენციაა და დამკვიდრება ძნელი იქნება. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და ვეცდები, ხორვატიაში წამსვლელთა სიაში მოვხვდე.
- 2010-2011 წლების სეზონი თქვენს კარიერაში ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა...
- ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე, როდესაც აზერბაიჯანში პირველად ჩავედი და ბაქოს “ნეფთჩიში” ვთამაშობდი. ეს სეზონიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მით უმეტეს, კარიერაში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე პირველად გავხდი.
- სეზონის დაწყებამდე ბომბარდირობას თუ გეგმავდი?
- “ყარაბახში” შემტევ ნახევარმცველად ვთამაშობ – შუაში ან მარცხნივ. ამიტომ, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციასთან შედარებით, გოლების გატანა ადვილი არ არის. ბომბარდირობა გამიხარდა, მითუმეტეს, მანამდე ასეთი შედეგი არ მქონია.
- ბადრი კვარაცხელიამ აზერბაიჯანში 71 გოლი გაიტანა და ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირია. მისი რეკორდის მოხსნას ხომ არ გეგმავ?
- 53 გოლი მაქვს გატანილი და კვარაცხელიას რეკორდამდე 18 ბურთი მაკლია. ჯერ კიდევ არ ვიცი, მომავალში აზერბაიჯანში რამდენი ხანი ვითამაშებ. ისე, კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით კი გავახანგრძლივე.
- სხვა წინადადებები არ გქონდა? თუ დღევანდელი კვერცხი არჩიე ხვალინდელ ქათამს?
- სხვა წინადადებებს აღარც დავლოდებივარ, რადგან “ყარაბახში” თავს კარგად ვგრძნობ. ამიტომ, გუნდის შეცვლა არ მინდა. თანაც, კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი ჩემს მიმართ კარგად არის განწყობილი. უცებ მოვილაპარაკეთ და ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე.
- აზერბაიჯანული ფეხბურთი როგორ დონეზე იმყოფება?
- 6,5 წელია, აზერბაიჯანში ვთამაშობ და ყოველ წელს პროგრესი იგრძნობა. თუმცა, იმ რესურსით, რაც ამ ქვეყანას აქვს, ფეხბურთი უფრო სწრაფად უნდა განვითარებულიყო. აზერბაიჯანში თავიდან აქცენტი ვარსკვლავების ჩამოყვანაზე და მაღალი დონის გუნდების შექმნაზე გააკეთეს, ხოლო ინფრასტრუქტურას მხოლოდ ახლა მიხედეს. მაღალი ხარისხის მოედნები ცოტა იყო და კლუბებმა სტადიონების კეთება ნელ-ნელა დაიწყეს. ფაქტია, რომ დონე ყოველწლიურად იწევს და თამაში სულ უფრი რთული ხდება.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096679