ძიუდო

16:44 | 14.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბაინდუროვი: “ოქროს მედალს არჩილ ჩოხელის ხსოვნას ვუძღვნი”

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილეები თამაზ თევზაძე და რატი ბრეგაძე დღეს, სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სამბისტებს შეხვდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მედლები მიულოცეს. შეგახსენებთ, სეზონის უმთავრესი ტურნირი გასულ კვირაში, მინსკში გაიმართა და ქართულმა დელეგაციამ 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონი 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი ბაინდუროვი გახდა. ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) უმაღლეს ტიტულამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა, ხოლო ნუკრი ბერაია (52 კგ), ბესო ბერულავა (74 კგ), ნიკოლოზ კუცია (82 კგ) და ქალთა ნაკრების წევრი ირინე ლეონიძე (80 კგ) მესამე ადგილზე გავიდნენ. საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა რუსეთისი და ბელარუსის შემდეგ.
“მაქსიმალისტები ვართ და რაც შეიძლება მეტი ოქროს მედალი გვინდა, მაგრამ, მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო სამეულში მოხვედრაც არაა იოლი საქმე და ვულოცავ სამინისტროს სახელით სპორტსმენებს და მწვრთნელებს. მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღვუთქვამთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართული სამბოს მომავალი უფრო წარმატებული იყოს”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი ბაინდუროვმაც გააკეთა. მან მოპოვებული მედალი ნაკრების ახლახან დაღუპული მთავარი მწვრთნელის, არჩილ ჩოხელის ხსოვნას მიუძღვნა.
“წილისყრამ საწყის ეტაპზე საკმაოდ გამიმართლა - ისეთი მოწინააღმდეგეები შემხვდნენ, მოთელვის საშუალება მომეცა. ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრს, ევროპის ჩემპიონ ედუარდ კურგინიანს შევხვდი და მასაც დამაჯერებლად ვაჯობე. კარგად ვიყავი მომზადებული და მიხარია, რომ ამ შრომამ შედეგი მოიტანა. მადლობა ყველას, ვისაც ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვის. განსაკუთრებით ჩემს პირასდ მწვრთნელს. ამ გამარჯვებას საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული არჩილ ჩოხელის ხსოვნას და მის ოჯახს ვუძღვნი”.
 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097752