არნემის "ვიტესიდან" ვლადიკავკაზის "ალანიაში" განათხოვრებული გიორგი ჭანტურია რუსულ "სპორტ-ექპრესს" ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ “ალანიაში" ყველაფერი მოსწონს და ისაუბრა "ბარსელონაზეც". როგორც იცით, გიორგი "ბარსას" ჟუვენილ B-ში თამაშობდა.
- თბილისიდან ვლადიკავკაზამდე მგზავრობას სამი საათიც არ უნდა. როგორ მოხდა, რომ ჰოლანდიიდან ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში მოხვდით?
- ასევე, ესპანეთშიც ვიყავი. 15 წლის ვიყავი, როცა "ბარსელონაში" წავედი. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მინსკში საერთაშორისო ტურნირზე გამოდიოდა, იქ 6 გოლი გავიტანე და აგენტის რეკომენდაციით, კატალონიელებმა წამიყვანეს.
- "ბარსელონაში" დიდხანს რატომ არ დარჩით?
- სამ გასასინჯ მატჩში 6 თუ 7 გოლი გავიტანე და 2-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ახალ 3-წლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, მაგრამ არ მსურდა, რომ მეორე გუნდში, ფაქტობრივად, ისევ ახალგაზრდულში მეთამაშა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, რომელიც იმ ზაფხულს "ვიტესის" პრეზიდენტი გახდა, "ჩელსისთან" კონტრაქტს დამპირდა, ოღონდ იმ პირობით, თუ ერთ სეზონს "ვიტესში" ვითამაშებდი. თუმცა, "ვიტესთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მითხრეს, რომ "ჩელსისთან" შეთანხმება ვერ შედგა. 17 წლის ვიყავი და სანამ 18-ის არ გავხდებოდი, ჰოლანდიური კანონებით, პროფესიულ კლუბში თამაში აკრძალული მქონდა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ამხანაგურებში ვთამაშობდი. ერედივიზიონის მომდევნო სეზონში კი (2011-2012), 34 მატჩიდან 31 ჩავატარე.
- როგორ და რატომ დაშორდით "ვიტესს"?
- გასული სეზონი რომ დასრულდა, მწვრთნელი შეიცვალა. ჯონ ვან დენ ბრომი "ანდერლეხტში" წავიდა და მის ნაცვლად ფრედ რუტენი დაინიშნა. რუტენის ხელმძღვანელობით მხოლოდ 6 მატჩი ჩავატარე და როგორც კი სასტრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, ვუთხარი, რომ სხვაგან გადასვლა მსურდა. იტალიური "ჯენოა" 4 მილიონ ევროს იხდიდა ჩემს სანაცვლოდ, მაგრამ "ვიტესის" პრეზიდენტმა უარით უპასუხა. შემდეგ გერმანული "ჰამბურგი" და მოსკოვის "სპარტაკი" დამეკონტაქტნენ, მაგრამ მათაც უარი უთხრეს. მერაბ ჟორდანიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ბოლო ერთი წელია, არც კი მელაპარაკება.
- "ალანიას" ვარიანტი როგორ გამოჩნდა?
- 19-წლამდელებში ჩვენი მწვრთნელი იყო ვლადიმერ გუცაევი, რომელიც '"ალანიას" სპორტული დირექტორი გახდა. გუცაევი ორჯერ თუ სამჯერ ჩამოვიდა ჰოლანდიაში მოსალაპარაკებლად და შეთანხმებაც შედგა. სამი დღე ვითხოვე მოსაფიქრებლად და მშობლებსაც ვკითხე, როგორ იქნებოდა ჩემთვის უკეთესი. დედა და მამა თანახმანი იყვნენ. ასე მოვხვდი "ალანიაში".
- როგორი განწყობით მოდიოდით ახალ გუნდში?
- საუკეთესო განწყობით. ვიცოდი, რომ ვალერი გაზაევმა ბევრი ქართველი ფეხბურთელი "ხალხში გაიყვანა". ბევრი მირჩევდა, ვალერი გეორგიევიჩთან წადი, კარგი ადამიანი და მწვრთნელიაო. ასე რომ, როცა კონტრაქტი შემომთავაზეს, მაშინვე მოვაწერე. ჯერჯერობით, ხელშეკრულება ივნისამდეა, მერე კი, ერთი წელი კიდევ "ვიტესთან" მრჩება კონტრაქტი.
- ამ მოკლე დროში რის მიღწევის იმედი გაქვთ?
- მთავარი რაც არის, "ალანიას" უნდა დავეხმარო პრემიერლიგაში დარჩენაში. რუსეთის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერია. ჯერ გარანტირებულად ვერ ვიტყვი, როგორ წავა ჩემი საქმეები.
- დავუშვათ, "ალანია" პრემიერლიგაში დარჩა და თქვენ ამაში წვლილი შეიტანეთ. შემდეგ რა მოხდება?
- თუ მწვრთნელსა და პრეზიდენტს მოეწონებათ ჩემი თამაში, დასარჩენად მზად ვარ. ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არაა.
- "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ან რომელიმე სახელოვან კლუბში გადასვლაზე ოცნებობთ?
- ახლა ამაზე არც კი ვფიქრობ. რეალობა ისაა, რომ "ალანიაში" ვარ და ამ კლუბში რაც შეიძლება კარგად უნდა წარმოვაჩინო თავი.
- ვლადიკავკაზში უცხოელად გრძნობთ თავს?
- "ალანია" ძალიან კარგი კოლექტივია, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. რუსეთი ჩვენი მეზობელია და იქაურ ფეხბურთელებთან მშვენიერი დამოკიდებულება გვაქვს.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა









