ინტერვიუები

16:56 | 25.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია: “ნაკრებს უკეთესი მწვრთნელის სჭირდება”

ვლადიკავკაზის “ალანიას” შემტევვმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ ინტერნეტგამოცემა sportbox.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს უკეთესი მწვრთნელი სჭირდება.
- “ბარსელონას” სკოლამ რა მოგცათ?
- პირველ ყოვლისა, ტექნიკა. ტექნიკა მთავარია, რასაც “ბარსელონაში” ითხოვენ. გარდა ამისა, იქ ყველაფერი ფეხბურთითაა გაჟღენთილი. “ბარსელონა” ერთი დიდი ოჯახია და საოცრებაა, როდესაც თავს მის ნაწილად გრძნობ.
- რუსეთში მხოლოდ ტექნიკა ვერ გიხსნის. მცველებს შეუძლიათ, ფეხებში მოგარტყან და საკმაოდ მტკივნეულადაც...
- ვიცი, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატში ამ მხრივ საქმე უფრო მარტივადაა, ვიდრე რუსეთში. თუმცა, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი რომ შემპარვოდა, მაშინ ამ გუნდში არ ვიქნებოდი და არც თქვენთან არ ვისაუბრებდი. სატურნირო ცხრილის მიხედვით საკმაოდ რთულ ვითარებაში ვართ და კარშიც კი ჩავდგები, თუ ეს კლუბს წარმატებას მოუტანს. მზად ვარ ყველა სირთულისთვის, რომელიც შეიძლება მოედანზე შეიქმნას. ვიცი, რომ ვალერი გაზაევს ქართველი ფეხბურთელები უყვარს. მახსოვს, რომ გიორგი დემეტრაძე “ალანიას” შემადგენლობაში რუსეთის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამიტომ, სეზონის განახლებას მოუთმენლად ველოდები.
- აქამდე რუსული ფეხბურთის შესახებ რა იცოდით?
- პირველ ყოვლისა, ორჯერ შევხვედრივარ მოედანზე დმიტრი ბულიკინს, რომელიც “დენ ჰააგში” თამაშობდა. ვიცი, რომ ის ნაკრებში წარმატებით გამოდიოდა. გარდა ამისა, ჩემი საუკეთესო მეგობარი ჯანო ანანიძე ბევრს მიყვება “სპარტაკისა” და რუსეთის ჩემპიონატის შესახებ. რუსეთში ჩამოსვლამდე, ჩემპიონატის შესახებ ჯანოს გარდა, გია გრიგალავას და ოთარ მარცვალაძესაც ვკითხე. თითოეული მათგანი ამბობდა, რომ რუსეთში თამაში რთულია, მაგრამ ეს არ მაშინებს.
- რუსეთის ფეხბურთის სირთულე, ალბათ, უკვე იგრძენით საკუთარ თავზე გაზაევის მიერ ჩატარებულ ვარჯიშებზე...
- რაღაც მომენტში ვამბობდი: “მორჩა, მეტი აღარ შემიძლია”. შეკრება ყოველთვის რთულია, მაგრამ ვალერი გაზაევთან - ძალიან რთული. ის ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია. თუმცა, რადგან ასეთ დატვირთვებს გვაძლევს, იცის, რასაც აკეთებს. გაზაევი ძლიერი მწვრთნელია. ამხანაგურ მატჩებში ზოგჯერ არცთუ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ეს დაღლილობის ფონზე ხდება. ვფიქრობ, ჩემპიონატის განახლებას საუკეთესო კონდიციებში შევხვდებით.
- თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრები, რომელსაც თავის რიგებში ყოველთვის ჰყავს მაღალტექნიკური ფეხბურთელები, რაიმე შედეგს რატომ ვერ აღწევს?
- იმიტომ, რომ ცუდი ინფრასტრუქტურა და არასახარბიელო პირობებია. საქართველოს ჩემპიონატი დაბალ დონეზეა. პლუს, ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება. თითქოს, ქეცბაია არცთუ ცუდი მწვრთნელია, მაგრამ ის შედეგს ვერ აჩვენებს. თუმცა, რომელ შედეგზეა საუბარი, როდესაც საქართველო ყოველთვის მეორე ნომრად თამაშობს? მესმის, როდესაც მოედანზე გადიხარ და ესპანეთის ნაკრებს ეთამაშები – ამ დროს არავინ დაგძრახავს. თუმცა, ჩვენ მალტისა და ფინეთის წინააღმდეგაც მეორე ნომრად ვთამაშობთ. საქართველოში, ვინც ფეხბურთში ერკვევა, ყველა ამის შესახებ საუბრობს. ასეთი ტაქტიკით ბევრს ვერ მიაღწევ.
- შეკრებაზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებს უყურებთ თუ ფეხბურთი ისედაც საკმარისად არის?
- რა თქმა უნდა. არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას, არამედ “ვიტესის” ყველა თამაშს. ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ “ბარსელონას” ვგულშემატკივრობ.
- “ბარსელონა” თუ გავარდა?
- არა, არა. მესიმ თქვა, რომ “მილანს” გაივლიან და ასეც მოხდება.
- ალბათ, სისულელეა, თქვენი თანდასწრებით მესი რონალდუს შეადარო...
- მესი რონალდუს არ უნდა შეადარო. კრიშტიანუ შეიძლება რუნის ან ფალკაოს შეადარო, მაგრამ არა ლიონელს. ეს უკანასკნელი ფეხბურთელი არ არის, ის ზეადამიანია, პლანეტაზე საუკეთესო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156414