მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მთავარი მოულოდნელობა ზაქათალის “სიმურგის” ლიდერობაა. ქვეყნის მასშტაბით პროვინციულმა კლუბმა 8 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ აგდამის “ყარაბახს” 5 ქულით ასწრებს. ზაქათალელთა წარმატების მთავარი შემოქმედი გუნდის თავკაცი გიორგი ჩიხრაძეა, რომელმაც გასულ სეზონში “სიმურგი” გავარდნას გადაარჩინა, ახლა კი, მისი გაწვრთნილები 12-გუნდიან პრემიერლიგაში პირველ ადგილზე არიან. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჩიხრაძემ ინტერნეტ-გამოცემა apasport.az-ს მისცა.
- პრემირლიგაში მცირე შესვენებაა. 8 ტურის შემდეგ თქვენი გუნდი ლიდერობს. “სიმურგის” სტარტს როგორ შეაფასებთ?
- ჯერ სეზონის დასაწყისია და ამიტომ, რაიმეს თქმა რთულია. კონკრეტული აზრის გამოსათქმელად დროა საჭირო. საერთოდ, იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ადგილზე ვართ, ცუდი სტარტი არ გვქონია.
- შედეგით კმაყოფილი ხართ. თამაშის ხარისხით?
- ყოველ თამაშზე შედეგის საჩვენებლად გავდივართ. ამის გამო, თითოეულ თამაშზე ტაქტიკას მეტოქიდან გამოდინარე ვარჩევდით და შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები ამის მიხედვით შეგვქონდა. თუმცა, დიდი ცვლილებები არ განგვიხორციელებია. ჩვენ ბოლომდე სეზონის საწყისი ორი ტურის შემდეგ დავკომპლექტდით. როგორც ჩანს, ცუდი შედეგი არ გვიჩვენებია.
- ასეთ წარმატებულ სტარტს ელოდით?
- თითოეულ მატჩში დიდ როლს გუნდის განწყობა თამაშობს. შეკრების დროს უპირატესობას ფუნქციონალოურ მომზადებას ვანიჭებდით და ვცდილობდით მოთამაშეები დაგვერწმუნებინა, რომ შედეგის მიღწევა შეუძლიათ. ახლა ჩანს, რომ ტყუილუბრალოდ არ გვიშრომია.
- “სიმურგის” ლიდერობის საიდუმლო რაში მდგომარეობს?
- არავითარი საიდუმლო არ არსებობს. ჩვენ ხარისხიანი სასელექციო მუშაობა ჩავატარეთ და ფეხბურთელების შერჩევას დიდი ყურადღება დავუთმეთ. როგორც იცით, თურქეთში გამართულ შეკრებაზე შეთავაზებული ლეგიონერებიდან გუნდში არავინ დაგვიტოვებია, რადგან უფრო მაღალი კლასის მოთამაშეების შეძენა გვსურდა. მოსამზადებელ პერიოდში როგორც ადგილობრივი ფეხბურთელებით, ასევე, ლეგიონერებით გავძლიერდით. საყრდენი ნახევარმცველი და გარემარბი მხოლოდ 2 ტურის შემდეგ ვიპოვეთ. მხედველობაში მარიო ბოჟიში და ზდრავკო პოპოვიჩი მყავს. ამის შემდეგ, შემადგენლობა სრულებით დაკომპლექტდა.
- შესამჩნევია, რომ გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ლეგიონერებს შეაქვთ...
- ადგილობრივ მოთამაშეებსა და ლეგიონერებს არ ვანსხვავებ. ჩვენი წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა. მართალია, გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, მაგრამ შედეგს მთელი გუნდი აღწევს. “სიმურგში” უპირველესად გუნდური თამაშია გამოსარჩევი.
- უახლოეს მომავალში “ინტერს” შეხვდებით, სადაც ადრე მუშაობდით. ამ მატჩის თაობაზე რას ფიქრობთ?
- ამ გუნდში ვმუშაობდი და შესაბამისად მისი ძალა ვიცი. “ინტერში” ყველაფერი მაღალ დონეზეა და ეს გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ თითოეული მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით.
- გამომდინარე იქიდან, რომ “ინტერს” კარგად იცნობთ, მომავალი თამაშის წინ ეს თქვენ გუნდს უპირატესობას ანიჭებს?
- ასე ვერ ვიტყვი. მიმდინარე სეზონის წინ, მეტოქის რიგებში გარკვეული ცვლილებები მოხდა. გარდა ამისა, “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ფეხბურთზე ჩემი შეხედულება და პრინციპები კარგად იცის.
- პირველი წრის დასრულებამდე 3 ტური დარჩა. თქვენ რთული მატჩები გელით “ინტერთან”, აზალ-თან და “ნეფთჩისთან”. როგორ ფიქრობთ, ლიდერობას შეინარჩუნებთ?
- ვერაფერს გეტყვით. ჩვენი უპირველესი მიზანი პირველ ექვსეულში მოხვედრა და საკვალიფიკაციო რაუნდის დასრულებამდე იქ ადგილის შენარჩუნებაა. ის ფაქტი, რომ ვლიდერობთ, ერთის მხრივ სასიამოვნოა, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ ამოცანას ართულებს. გამომდინარე იქიდან, რომ ვლიდერობთ, თითოეული მეტოქე ჩვენ წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადება.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









