ინტერვიუები

18:28 | 24.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “ბევრი საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა, მაგრამ...”

თითქმის ნახევარი წელიწადი მიილია და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ერთი ტესტ-მატჩიც არ ჩაუტარებია. არადა, გიორგი დევდარიანის გუნდს, ნოემბერში, თურქეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის, სადაც მასპინძელთა გარდა, პოლონეთი და ლუქსემბურგი ეყოლება მეტოქეებად.
“ეს უკვე დიდი პრობლემაა. ავსტრიაში უნდა გვეთამაშა საერთაშორისო ტურნირზე, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ტურნირი აღარ ტარდება. ახლა ივლისი და აგვისტო გვრჩება ვარიანტებად. ბევრი ახალი სახე გამოჩნდა 1993 და ასევე, 1994 წელს დაბადებულთა შორის. მათი საქმეში ნახვა მინდოდა, მაგრამ ჯერ ვერ ხერხდება”, – თქვა გიორგი დევდარიანმა “მსოფლიოს სპორტთან” ინტერვიუში.
- თქვენს მიერ გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა შარშანწინ ევროჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და შარშან გაზაფხულზე ელიტ-რაუნდშიც ნორმალურად ითამაშა. ის შემადგენლობა, ალბათ, დიდწილად შეიცვლება...
- დიახ. ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა და ეს ძალიან კარგია. მაგალითად, “ზესტაფონის” დუბლებში ოთხი საინტერესო ბიჭია, ასევე, თბილისის “დინამოში”, ცხინვალის “სპარტაკში”, ქუთაისის “ტორპედოში”...
- 17-წლამდელთა იმ ნაკრების წევრები ბოლნისის “სიონის” დუბლებში თამაშობენ. ეს პრობლემა არაა? რაც უნდა იყოს, ძირითად გუნდში გამოსვლა სხვაა.
- ეს იმდენად არაფერი. უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ უცხოურ ტურნირებზე ვერ ვთამაშობთ. სხვათა შორის, შარშან მე თვითონაც ჩავთვალე, რომ უმაღლეს ლიგაში ვაკო ყაზაიშვილის, დათო ხოჭოლავასა და ლაშა პარუნაშვილის თამაში ნაადრევი იყო. ახლა კი, ისინი უკვე მზად არიან უმაღლესისთვის.
- ცალკეულ ფეხბურთელებზე გკითხავთ: საფრანგეთის “მარსელმა” აპრილში გურამ ენუქიძეს კონტრაქტი გაუფორმა. სხვა რა ინფორმაცია გაქვთ ამ ფეხბურთელზე?
- საქმეს ის ართულებს, რომ ენუქიძეს ქართული პასპორტი არ აქვს.
- თუმცა, ენუქიძის სიტყვები დაიწერა ფრანგულ პრესაში – საქართველოს სახელით თამაში მსურსო. თქვენ თავად ესაუბრეთ ფეხბურთელს?
- ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე და გენერალური მდივანი რეზო არველაძე ესაუბრნენ ენუქიძის მამას. პოზიცია ვიცით – ფეხბურთელს საქართველოს სახელით თამაში სურს და მამაც თანახმაა, მაგრამ ქართული პასპორტი ჯერ რატომ ვერ აიღეს, გაურკვეველია.
- დანიის “ორჰუსის” დუბლებსა და 19-წლამდელებში კარგად თამაშობენ დავით სხირტლაძე და ლაშა შინდაგორიძე. მათზე რას იტყვით?
- კარგი ბიჭები არიან და მიხარია, რომ ახალი სეზონიდან ძირითად გუნდში გადავლენ, ანუ დანიის უმაღლეს ლიგაში თამაში შეეძლებათ. ამ ფეხბურთელების თამაშის ვიდეოკასეტა ვნახე და ორივე მშვენივრად გამოიყურება. ისინი ჩემთვის ახალი სახეები არ არიან, სხირტლაძეც და შინდაგორიძეც 17-წლამდელებში იყვნენ, ეგაა, შინდაგორიძე მაშინ ვერ მოხვდა ელიტ-რაუნდის 18-კაციან განაცხადში. ამჟამად კი, აშკარად მომატებული აქვს.
- ალბათ, ერთი წლით უმცროსებიც გეყოლებათ მონახაზში – კერძოდ, 1994 წელს დაბადებულები. სამწუხაროდ, ბაჩანა არაბულს ტრავმა აქვს და კიდევ ბევრი გაუცდება...
- არაბულის გარდა, სიაში მყავს ნიკა სანდოხაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი, ლუკა ჰუფნაგელი და გურამ სამუშია. მეკარის პრობლემა გვქონდა და ძალიან ნიჭიერი ბიჭი ვნახეთ – რატი იმერლიშვილი “ზესტაფონის” დუბლებიდან. იმერლიშვილის თამაშები ვნახე და აშკარაა, რომ ეს ტალანტია. კარგია, რომ გიორგი ჭანტურია უკვე შეძლებს “ვიტესის” ძირითად გუნდში თამაშს.
- ანუ, მთავარი პრობლემა რაც არის – უცხოური შეკრება და ტესტ-მატჩები?...
- დიახ. ამის გარეშე ძალიან ძნელია და იმედია, ივლის-აგვისტოში რამე მოხერხდება. ერთსაც დავამატებ – 19-წლამდელები ყველაზე რთული გადასალახი ბარიერია ქართველებისთვის. ბოლო წლებში სულ ასეა.
- ალბათ, იმიტომ, რომ 18 წლის ქართველ ფეხბურთელებს უკვე 21-წლამდელებში უწევთ თამაში.
- ეს თავისთავად. ფაქტია, ბოლო დროს 19-წლამდელებში ძალიან ცუდი შედეგები გვქონდა.
- ჭანტურიაც არის 21-წლამდელებში, მაგრამ იმედია, თქვენს ნაკრებშიც ითამაშებს.
- რა თქმა უნდა. ოღონდ, თუ იმ დღეებში 21-წლამდელებს არ ექნებათ თამაში.

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170189