ინტერვიუები

17:52 | 2.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კიკნაძე სპლიტსა და საგურამოზე: “საქართველოში ნიჭიერი და ძალიან ნიჭიერი ბიჭები არასოდეს არ გამოილევიან”

ხორვატია-საქართველოს ევროშესარჩევ მატჩამდე საათებიღა რჩება და ეს მატჩი დიდწილად დაგვანახვებს, რამდენად შეუძლიათ “ჯვაროსნებს” მსოფლიოს მთლად პირველ თუ არა, მეორე ეშელონის გრანდთან სტუმრად ღირსეულად თამაში. თემურ ქეცბაიას გუნდმა არ წააგო საბერძნეთში, მოიგო სლოვენიაში და ახლა გამწარებულ ხორვატებთან მოუწევთ რთული 90-წუთიანი ბრძოლა.
“მსოფლიო სპორტი” ექსპერტის აზრს გთავაზობთ – ინტერვიუ თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიის ხელმძღვანელ გიორგი კიკნაძესთან. რა შეხსენება გინდათ, ეროვნული ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი რუსთავის “ოლიმპის”, ქუთაისის “ტორპედოსა” და “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი გახლდათ, გიორგი ამ გუნდებს ზაზა ზამთარაძესთან ერთად თავკაცობდა და შედეგიც კარგი ჰქონდა.
კიკნაძეს “ლოკომოტივში” არსებულ მდგომარეობაზე და ზოგადად, ბავშვთა ფეხბურთზეც ვესაუბრეთ:
-    რას ელით ხორვატია-საქართველოს მატჩისგან? ანუ, როგორი ხასიათის თამაშს?
-    იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში ხორვატებთან სამი ქულა ავიღეთ, სპლიტში მასპინძლები ძალიან მოტივირებულები იქნებიან. შესაძლოა, პირიქით მომხდარიყო – ხორვატებს თბილისში რომ მოეგოთ, არხეინად იქნებოდნენ. ახლა კი იციან, რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ.
-    საქართველომ შინ გამოკვეთილ მეორე ნომრად ითამაშა ხორვატებთან და ალბათ, იგივეს ელით სპლიტის მატჩშიც.
-    რა თქმა უნდა. მიუხედავად თბილისში წაგებისა, ხორვატებს ფავორიტთა სიიდან ვერავინ ამოშლის. მე თუ მკითხავთ, როცა ხორვატია შინ თამაშობს, ორი-სამი ნაკრების გარდა, ნებისმიერთან ფავორიტია. ერთიცაა, საქართველოს ნაკრების კარში გოლის გატანა ძნელია და ეს უკვე გამოჩნდა ბევრ თამაშში.
-    ეს ძლიერი მეკარისა და დაცვის ხაზის დამსახურებაა? თუ იმას გულისხმობთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს?
-    ორივე. ისე გამოდის, რომ ნაკრებში შვიდი-რვა ფეხბურთელი ასრულებს დაცვით სამუშაოებს, ეს კი მეტოქისთვის რთულია. ყოველთვის ვამბობდი, რომ თემურ ქეცბაიამ სწორად შეარჩია ბირთვი. ეს ოპტიმალური შემადგენლობა და ოპტიმალური ტაქტიკაა, რადგან რა ყაიდის ფეხბურთელებიც გვყავს, ქეცბაიაც იმისგან აკეთებს მონახაზს.
-    საქართველოს ნაკრების კარში გოლის გატანა ძნელიაო, თქვით. თუმცა, საქართველოსთვისაც ძნელია მეტოქის კარის აღება...
-    მოდით, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, რომ არ გავუშვათ. გატანაზე კი მერე... ფრე მშვენიერი შედეგი იქნება ხორვატიაში, ხოლო მოგებაზე ვერ ვლაპარაკობ. ჩვენ რომ გვყავდეს გოლის გატანის გარანტი ფორვარდები, ან კონტრშეტევაზე თამაში შეგვეძლოს, მაშინ სხვა იქნებოდა. ვიმეორებ, ქეცბაიამ აბსოლუტურად სწორად აარჩია ტაქტიკა და მონახაზი.
-    ისეთ პრობლემაზე ვსაუბრობთ, რაც ადრე არავის მოუვიდოდა აზრად – საქართველოს შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელების დეფიციტი არასოდეს ჰქონია. სად დაიკარგა ქართული ტექნიკა და იმპროვიზაცია?
-    არ დაკარგულა. როგორი ჩემპიონატი და როგორი ბავშვთა ფეხბურთიც გვაქვს, შედეგიც ისეთია. საქართველოში ყოველთვის იქნებიან ნიჭიერი და ძალიან ნიჭიერი ბავშვები, ეგაა, მათ წინსვლა, სწორი მიმართულება სჭირდებათ და ეს ძნელია, როცა ბოლო თხუთმეტ წელიწადში არაფერი გაკეთებულა. ვუყურებთ მხოლოდ ქეცბაიას, როგორ შეაკოწიწებს პატარა რაღაციდან დიდ შედეგს... სულ ველოდებით, როდის გამოჩნდებიან თითო-ოროლა ტალანტები. გიორგი ქინქლაძე გამოჩნდა, ლევან ყენია გამოჩნდა, ჯანო ანანიძე გამოჩნდა, მაგრამ სწორი მუშაობა რომ იყოს, უფრო ბევრი გამოჩნდებოდა... “ლოკომოტივის” და კიდევ ერთი-ორი სკოლა მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არ კმარა.
-    კერძოდ, რა კეთდება “ლოკომოტივის” ბავშვთა სკოლაში, რაც სხვაგან არაა?
-    სამი წლის წინ “ლოკომოტივს” სხვა კურსი ჰქონდა, უმაღლეს ლიგაში ვიყავით, მაგრამ შემდეგ შეიცვალა მიმართულება. 2005-2007 წლებში “ლოკომოტივში” სერიოზული მუშაობა დაიწყო ბავშვთა ფეხბურთის კუთხით, “ბარსელონას” სკოლიდან იაგო აგილარი გვყავდა ჩამოყვანილი და შედეგს დღესაც ვიღებთ. ამავე მიმართულებით აშენდა საგურამოს ბაზა, სადაც ბავშვებისთვის ფეხბურთზე სიარული უფასოა.
-    ყველა ასაკობრივ ჯგუფში სწავლება უფასოა?
-    დიახ. თუმცა, ყველა წლოვანებაში არ გვყავს გუნდი. არჩეული გვაქვს პრიორიტეტული ასაკები, ანუ სადაც უფრო ნიჭიერი ბავშვები არიან. და თითო ასაკობრივში 22-24 ბავშვია. ანუ, პატარა მოედანზე რომ 80-100 ბავშვი ვარჯიშობს და ტევა არაა, ჩვენთან მსგავსი არ ხდება. მწვრთნელებს ფიქსირებული ხელფასი აქვთ და ეს თანხა ერთი კაცის (ლექსო თოფურია) მხრებზე გადადის. შესაბამისად, როცა მწვრთნელი ხელფასს იღებს, იმაზე არ ფიქრობს, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი ჰყავდეს გუნდში და მეტი შემოსავალი ჰქონდეს.
-    მგზავრობის პრობლემა? ეს ბავშვები როგორ დადიან თბილისიდან საგურამოში ლამის ყოველდღიურად?
-    ავტობუსებია გამოყოფილი. კარგი პირობები აქვთ და თავის ასაკში, ელიტ-ლიგაა თუ ჭაბუკთა ლიგა, ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. გვყვავს ისეთებიც, ერთი წლით უფროს მეტოქეებთან რომ თამაშობენ და სჯობნიან. სულ ახლახანს იყო, “ლოკომოტივის” 1995 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მშვენიერი შედეგი რომ აჩვენა. ეს სწორედ ის გუნდია, 2005 წელს რომ დაიწყეს მზადება ახლებური მეთოდით.
-    ანუ, “ლოკომოტივს” მკვეთრად აქვს მიმართულება ბავშვთა ფეხბურთისკენ. და ძირითად გუნდს რომ შედეგი არ აქვს...
-    გეცოდინებათ, პირველი ლიგიდან გავვარდით. თუ რომელიმე კლუბი ლიცენზიას ვერ გაივლის, შესაძლოა, მათ ჩავენაცვლოთ და ამ შემთხვევაში, 1995 წელს დაბადებულ ბავშვები დაემატებიან 1991-1992 წელს დაბადებულებს, რომლებიც გასულ სეზონში თამაშობდნენ პირველ ლიგაში.
-    და თუ რეგიონალლიგაში მოგიწევთ გამოსვლა?
-    მაშინ, მთლიანად 1995 წელს დაბადებულებს ვათამაშებთ, ხოლო შედარებით უფროსებს სხვა კლუბებში გავუშვებთ ან გავანათხოვრებთ. შედეგი დღეს არაა? ხვალ მოვა. წინ ვიყურებით და გვსიამოვნებს, რომ “ლოკომოტივში” ბავშვები სწორი მმართულებით იზრდებიან.   

 

 

ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094184