2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ხორვატებთან სადებიუტო შეხვედრისთვის “ლე მანის” სათადარიგო მეკარე გიორგი მაკარიძე გამოიძახა. სხვათა შორის, მაკარიძეს 2007 წელს დებიუტი ეროვნულ გუნდში ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდულში ოფიციალურ მატჩში აქამდე არ უთამაშია. თუმცა, 21 წლის მეკარეს ოთარ გაბელიას გუნდში დამკვიდრების შანსი ახლა ეძლევა. ხორვატიაში გამგზავრებამდე “მსოფლიო სპორტი” მაკარიძეს სასტუმრო “ბომონდ გარდენში” ესაუბრა, სადაც 21-წლამდელები არიან დაბინავებულნი.
- განვლილ სეზონში “ლე მანის” ძირითად შემადგენლობაში თამაში იშვიათად გიწევდათ. რამდენად მისაღებია თქვენთვის ასეთი სიტუაცია?
- “ლე მანის” ძირითად გუნდში მხოლოდ საფრანგეთის თასზე ვითამაშე - 5 მატჩი ჩავატარე. თუმცა, მინდოდა, უფრო მეტი მეთამაშა. გუნდში მეორე მეკარე ვარ და ჩემს შანსს ველოდები. პირველმა მეკარემ დიდიე ოვონომ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიგა 2-ში ყველა შეხვედრა ჩაატარა.
-კლუბში მომავალ სეზონშიც დარჩებით თუ სხვაგან გადასვლას აპირებთ? ახალი კონტრაქტი ხომ არ შემოუთავაზებიათ?
- “ლე მანთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და დავრჩები. ლიგა 1-ში რომ გადავსულიყავით, კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვეტილი იყო. ვერ გადავედით და ნაკრების შეკრებაზე რომ წამოვედი, კლუბში ცოტა დაულაგებელი სიტუაცია იყო – არ იცოდნენ, ვინ დარჩება, ვინ წავა. ისიც არ იცოდნენ, მომავალ სეზონში როგორი დაფინანსება იქნება. შესაძლოა, გამანათხოვრონ კიდეც.
- საფრანგეთში ყოფნის პერიოდში, როგორც მეკარემ, რამდენად მოუმატეთ?
- საქართველოში ნიჭის ხარჯზე ვთამაშობდი და ელემენტარული ვიცოდი. საფრანგეთში სულ სხვა დონის ვარჯიშებია და ჩემპიონატიც აქაურისგან დიდად განსხვავდება. იგივე, შარშანწინ, “ლე მანის” ძირითად შემადგენლობაში, საფრანგეთის ჩემპიონატში ორი მატჩი ჩავატარე და გამოცდილებაც მივიღე. იქ გულშემატკივრობაც სხვანაირი იციან.
- გასულ შესარჩევ ციკლში 21-წლამდელთა ნაკრებში თამაში არ მოგიწიათ და ამჯერად თავის გამოჩენის შანსი გაქვთ...
- ნაკრებში თამაში უფრო დიდი პატივია, ვიდრე კლუბში. საქართველოს სახელით თამაში სულ სხვა მოტივაციაა. ძალიან გამიხარდება, თუ მოვიგებთ და კარგად ვითამაშებ.
- ხორვატიის ნაკრებს როგორ დაახასიათებთ?
- ხორვატების თამაშის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ. ნორმალური და დალაგებული გუნდია, მაგრამ მის წინააღმდეგ თამაში შეიძლება. შეტევაში უფრო კარგი ფეხბურთელები ჰყავთ – ტექნიკური და სწრაფი. დაცვაში უფრო მეტ შეცდომას უშვებენ. კარგი იქნებოდა, შესარჩევი ციკლი უფრო სუსტ მეტოქესთან მატჩით დაგვეწყო, რადგან შეთამაშება გვაკლია. თუმცა, არც ეს არის დიდი პრობლემა. ხორვატები ფავორიტებად მიიჩნევიან და შეგვიტევენ, მაგრამ ამ დროს, შესაძლოა, გოლის გატანის შანსი გამოგვიჩნდეს.
ლაშა თაბაგარი









