ინტერვიუები

10:13 | 24.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შაშიაშვილი: "საბერძნეთში მინდა, თუმცა შესაძლოა, ავსტრიაში დავბრუნდე"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული “ერგოტელისის” მცველი გიორგი შაშიაშვილი თბილისშია და “მსოფლიო სპორტი” მას არა მარტო პირად ამბებზე, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზეც ესაუბრა. პირადი ისაა, რომ “შაში”, შესაძლოა, ავსტრიაში დაბრუნდეს. გეცოდინებათ, ქართველი “ერგოტელისამდე” გრაცის “შტურმში” თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც.
- “ერგოტელისში” როდის ბრუნდები?
- პირველ ივლისს გვეწყება ვარჯიში.
- რჩები გუნდში?
- ზუსტად არ ვიცი. მაქვს რაღაც ვარიანტები და ვნახოთ. შესაძლოა, ავსტრიაში დავბრუნდე. ოღონდ, ეს გუნდი “შტურმი” არაა, სხვა კლუბი მიწვევს.
- და რატომ გსურს საბერძნეთიდან წასვლა?
- არ მსურს. პირიქით, დარჩენაზე თანახმა ვარ, მაგრამ “ერგოტელისში” ცოტა აირია სიტუაცია ფინანსური თვალსაზრისით. ალბათ, ამის გამოც იყო, რომ გასული სეზონის მეორე წრე ჩაგვივარდა.
- გასაგებია. შემადგენლობაც შეიცვალა? ანუ წავიდნენ “ერგოტელისიდან” ფეხბურთელები?
- არა, სამი ფეხბურთელი მოვიდა და ერთი წავიდა. ბოლო ინფორმაცია რაც მაქვს, ასეა.
- მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვთქვათ. ვის გულშემატკივრობ?
- ესპანეთსა და ჰოლანდიას ვქომაგობ. მართალია, ესპანეთმა შვეიცარიასთან წააგო, მაგრამ ჯგუფიდან უნდა გავიდეს, მერე კი ისევ დაიბრუნებს ფავორიტის სტატუსს. ძალიან ძლიერია არგენტინა. პრინციპში, ისეთი ჩემპიონატია, ნებისმიერი გუნდი ნებისმიერ მატჩში კბილებით იბრძვის – გამონაკლისი მხოლოდ პორტუგალია – ჩრდილოეთ კორეა იყო, ისიც მეორე ტაიმში შევარდა გოლები.
- რა ტენდენციები გამოიკვეთა ამ მუნდიალზე, რა სიახლეებს ხედავ ტაქტიკურად?
- თუ დავუკვირდებით, ძალიან გაძნელდა დაცვის “გაჭრა”. თუ გუნდი კარგად იცავს თავს და დაწყობილი თამაში აქვს, მასთან მოგება რთულია. ავიღოთ თუნდაც არგენტინა – საბერძნეთის შეხვედრა: სად არგენტინა და სად რეჰაგელის გუნდი, დონის მიხედვით შედარება უხერხულიც კი არის, მაგრამ ხომ ხედავთ, კინაღამ ფრედ ითამაშეს. ასეთი მატჩები კიდევ იყო და თან არაერთი.
- საბერძნეთში თამაშობ და მათ ფეხბურთს მშვენივრად იცნობ. თბილისში ხშირად გამოითქმის აზრი, ასეთ საბერძნეთთან საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოგების კარგი შანსი ექნებაო.
- რატომაც არა?! ყველამ ვნახეთ, რომ საბერძნეთი ტოპ-კლასის გუნდი არაა. თანაც, რეჰაგელის ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელი წავა და შესაძლოა, თვითონ რეჰაგელიც მიჰყვეს. თაობათა ცვლა აუცილებლად იმოქმედებს მათზე. ოღონდ, “არიქა, ბერძნებს აუცილებლად მოვუგებთ” – ეს მიდგომა დამღუპველი იქნება. ერთი კი არის, ჩვენი შესარჩევი ჯგუფის ფავორიტი ხორვატია იქნება: საბერძნეთზე ბევრად ძლიერი მგონია.

ილია ნანობაშვილი

0.094704