კალათბურთი

22:27 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი შესარჩევი ტურნირის პირველ წრეს გამოტოვებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისათვის მზადება თბილისის მერიის თასის გათამაშებაში მონაწილეობით დაასრულა. შეჯიბრებაში მასპინძლებთან ერთად დიდი ბრიტანეთის, ბელარუსისა და მოლდოვის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ოთხთა ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა დასკვნითი ტურის ბოლო შეხვედრაში გაირკვა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. საქართველომ 10 ქულის სხვაობით 76:66 შეძლო მეტოქის დამარცხება, ქულათა მაქსიმუმი (6) დააგროვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მეორე-მეოთხე ადგილები, შესაბამისად, ბელარუსის, დიდი ბრიტანეთისა და მოლდოვის ნაკრებმა გუნდებმა დაიკავეს.

საქართველო-ბელარუსის შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა ერთი ქულის სხვაობით 18:17 მოიგეს. მეორე ათწუთეულში სტუმრები გააქტიურდნენ, რომლებმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 3 ქულის სხვაობით 39:36 მოიგეს. მატჩის ბედი მეორე მეოთხედში გადაწყდა. საქართველოს ნაკრების წევრ თორნიკე შენგელიას კარგი თამაშის წყალობით საქართველოს ნაკრებმა შეძლო 10 ქულიანი უპირატესობის მოპოვება, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის ოთხთა ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 21 ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ დააგროვა. 14 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი, გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია. სტუმართა შორის ყველაზე მეტი, 15 ქულა ვიტალი ლიტუჩმა მიითვალა.

ბელარუსთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა არ მიუღიათ გუნდის წამყვან მოთამაშეებს გიორგი შერმადინს, ვიქტორ სანიკიძესა და დუდა სანაძეს. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიორგი შერმადინი ნაკრებს დღეს შეუერთდა. გუნდის მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის თამაშემწის კოტე ტუღუშის განცხადებით შერმადინს გუნდთან შესათამაშებლად გარკვეული დრო სჭირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ შეხვედრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იგი ნაკრებს ვერც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ წრეში დაეხმარება. უკეთეს შემთხვევაში მისი დახმარების იმედი ნაკრებს მხოლოდ მეორე წრეში შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება სანიკიძეს, მას წელი, ხოლო სანაძეს მუხლი აწუხებს. მათ აღნიშნული ტრავმები წინა შეხვედრაში დიდ ბრიტანეთთან მატჩის დროს მიიღეს. ტუღუშის განცხადებით მათი ტრავმები სერიოზული არაა და 10 აგვისტოს ჩეხების წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებენ. საქართველო-ბელარუსის მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.

კოტე ტუღუში:„მოგესალმებით და გილოცავთ ჩვენი ნაკრების მიერ თბილისის საერთაშორისო ტურნირის მოგებას. მადლობა ბელარუსისა და ყველა იმ ნაკრებ გუნდს, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისათვის მზადების პროცესში სპარინგობა გაგვიწიეს...“

თორნიკე შენგელია: „მადლობა ტურნირის მონაწილე თითოეულ გუნდს. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც თამაშებზე დადიოდნენ და გვქომაგობდნენ. ჯერჯერობით გვაქვს შეცდომები, რომლებსაც თითოეული მატჩის შემდეგ ვაანალიზებთ და ვცდილობთ გამოვასწოროთ. ვეცდებით, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე დარჩენილი დრო კარგად გამოვიყენოთ და მომზადებული შევხვდეთ...“

ალექსანდრე კუდრიავცევი (ბელარუსის ნაკრები გუნდის კაპიტანი): „ჩვენი გუნდი ახალგაზრდულია და კალათბურთელები ნაკრებში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ენთუზიაზმით თამაშობენ. ჩვენგან განსხვავებით თქვენი გუნდი გამოცდილი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული და აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ჩვენთან შეხვედრაში, ასევე ამ ტურნირზე მისი გამარჯვება ლოგიკური იყო. ამით ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისათვის მზადება დაასრულა. ისევე როგორც ჩვენს, ასევე თქვენ ნაკრებს ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე კარგ თამაშს და ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას...“

დუშან გოზდიჩი (ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი): „თბილისში პირველად ვარ. მრავალ ქვეყანაში ვარ და ასეთი გულთბილი დახვედრა იშვიათად მინახავს. მერწმუნეთ, რომ თქვენნაირ სტუმართმოყვარე ხალხს ბევრს ვერ ნახავთ. საქართველო საკალათბურთო ქვეყანაა. აღნიშნულიდან გამომდინარე სულაც არაა გასაკვირი, რომ კარგი ნაკრები გყავთ. წარმატებას ვუსურვებ თქვენს გუნდს მომავალში. მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კარგი მასპინძლობისათვის...“

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098837