ინტერვიუები

16:25 | 7.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სიჭინავა: “შევარდნაძეს ვუთხარი, სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაეყო”

უფროს თაობას კარგად ახსოვს თბილისის “დინამოს” უნიჭიერესი ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა. ჟორა, ალბათ, იმ გამონაკლის ფეხბურთელების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც თავისებური, უცნაური ხასიათის გამო, მსოფლიო დონის ვარსკვლავები ვერ გახდნენ, არადა, ნიჭით მართლაც გამორჩეულები იყვნენ. სხვა მხრივ, 60-იანი წლების “დინამო” და ალბათ, საბჭოთა კავშირის ნაკრებიც, წარმოუდგენელია ჟორა სიჭინავას გარეშე. ახლა ბ-ნი ჟორა სოჭში ცხოვრობს და აქტიურ ფეხბურთთან შეხება აღარ აქვს. თუმცა, ამ უცნაური ბიოგრაფიის ადამიანთან გასაუბრება ყოველთვის საინტერესოა. ახლახანს, მას “სოვეტსკი სპორტის” კორესპონდენტი თენგიზ პაჭკორია შეხვდა.
- ბატონო გიორგი, ამბობენ, რომ ფეხბურთში შემთხვევით მოხვდით, ხოლო თბილისის “დინამოში” სულაც ფარიკაობიდან წამოსვლის ერთი წლის თავზე აღმოჩნდით. მართალია?
- გაგრაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ბავშვების უმეტესობა ფეხბურთით იყო გატაცებული. ფარიკაობაზე ცოტა ვინმე თუ დადიოდა. მე ორივე სექციაში წარმატებით ვმეცადინეობდი. ფარიკაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონი გავხდი და 1959 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საბჭოეთის ხალხთა სპარტაკიადაში მივიღე მონაწილეობა. იქ დისკვალიფიკაცია მივიღე – ძალიან ემოციური და ანცი ჭაბუკი ვიყავი. სწორედ ამ დისკვალიფიკაციამ გადაწყვიტა ჩემი ბედი – ფარიკაობას თავი დავანებე და მთლიანად ფეხბურთზე გადავერთე. როცა თბილისის “დინამოში” ავყავდი, სპორტულმა ჩინოვნიკებმა მწვრთნელ ანდრო ჟორდანიას უთხრეს: ვის იყვანთ გუნდში? ეს ბიჭი ხულიგანია, თანაც დისკვალიფიკაცია აქვსო. დიდმა მწვრთნელმა მოკლედ მოუჭრა: ეს ახალგაზრდა ფარიკაობიდან მოკვეთეს, რა შუაშია აქ ფეხბურთიო. ანდრო ძალიან ყურადღებიანი და მომთხოვნი მწვრთნელი იყო. მას ნიჭიერების განჭვრეტის რაღაც საოცარი უნარი ჰქონდა. საერთოდ, მგონია, რომ ის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახლდათ. ანდროს წყალობით, “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში მოვიკიდე ფეხი. მისი წასვლისთანავე, 1962 წელს საბჭოეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ, 64-ში კი, სულაც ჩემპიონები გავხდით. მაშინვე მე და მურთაზ ხურცილავა სსრკ-ის ოლიმპიურ ნაკრებში მოვხვდით, 64-ის ბოლოს კი, ნიკოლაი მოროზოვმა პირველ ნაკრებში დამიძახა. ერთხელ, რთულ სიტუაციაში სწორედ მოროზოვმა გადამარჩინა.
- რა დააშავეთ?
- 1965 წელს, საკავშირო ჩემპიონატის მატჩში ბაქოს “ნეფტიანიკთან’ მსაჯმა მინდვრიდან გამაძევა. ეს კაცი მთელი მატჩის განმავლობაში ხუთავდა “დინამოს”, მე ვეკამათებოდი და ამიტომ გამაგდო. ვკითხე, რატომ მომექცა ასე, შემაგინეო – მიპასუხა. ავუხსენი, რომ მას კი არა, მოძალადე მოწინააღმდეგეს “მოვეფერე”-მეთქი. მსაჯი მაინც თავისას ამტკიცებდა. ვეღარ მოვითმინე და მუცელში ვწვდი. ფეხბურთელებმა გაგვაშველეს და მაინც გამაგდეს. მაგრამ მთავარი სასჯელი თბილისში მელოდა. აეროპორტში ჩასვლისთანავე მითხრეს, რომ სპორტსაზოგადოება “დინამოს” ხელმძღვანელი მიბარებდა. ეს პოსტი ყოველთვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ეკავა ხოლმე, იმჟამად კი მინისტრი ედუარდ შევარდნაძე იყო. ის თავის კაბინეტში ცივად შემხვდა. მითხრა, რომ დინამოელისა და მილიციის ოფიცრის სახელი შევბღალე. მაშინ “დინამოს” გუნდები შსს-ს სისტემას ეკუთვნოდნენ. მოკლედ, დარღვევისთვის სამი კვირით პატიმრობა მომისაჯეს და თბილისის მილიციის მე-8 პოლკში გამაგზავნეს. მე ვარჯიში და თამაში მინდოდა და რამდენიმე დღეში გავიპარე. ცოტა ხანს, საქართველოს სპორტკომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შემიფარა, შემდეგ კი, მაპატიეს. მალე თამაშიც დავიწყე, თუმცა პირობითი დისკვალიფიკაცია ისევ ძალაში იყო. ამ დროს მოროზოვმა ნაკრებში გამომიძახა. ის თავად ჩამოვიდა თბილისში და ქართველი ჩინოვნიკები დაარწმუნა ნაკრებისთვის ჩემს საჭიროებაში. ამრიგად, სლავა მეტრეველთან, მიხეილ მესხთან, ვლადიმერ ბარქაიასა და ბათუმელ ანზორ კავაზაშვილთან ერთად, სსრკ-ბრაზილიის ცნობილ მატჩში ვითამაშე პელესა და მისი მეგობრების წინააღმდეგ. ცნობილი ფოტოც მაშინ გადაიღეს. 1966 წელს კი ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდი.
- ამბობენ, რომ ინგლისში თქვენ ყველაზე დისციპლინირებული ფეხბურთელი იყავით ნაკრებში და ბევრს ეს ძალიან უკვირდა. ნაკრებში რეჟიმს არ არღვევდით?
- ინგლისში მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე. არ მინდოდა, ჩემი გულისთვის თანაგუნდელებს რაიმე დაშავებოდათ. ეტყობა, “ძალიან მოვინდომე” და ეს ყველამ შემატყო. ინგლისში ბრწყინვალე საფეხბურთო სპექტაკლები იდგმებოდა. მაგრამ პირველივე მატჩში, ჩრდილოეთ კორეასთან ტრავმა მივიღე და მერე მხოლოდ პორტუგალიასთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შევძელი თამაში.
- სხვათა შორის, ახლახან ამ მატჩის BBC-ს ჩანაწერი ვნახე, კომენტატორი თქვენი და სლავა მეტრეველის თამაშით აღფრთოვანებული იყო...
- დიახ. სლავა რაღაც სასწაულებს სჩადიოდა. ერთი-ორჯერ ისეთი პასები მომცა, რომ გავიფიქრე: სლავა, შენ ყველას ჭკუიდან გადაიყვან-მეთქი. ერთ ეპიზოდში მისი პასის შემდეგ გატანაც შემეძლო, მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა მეტოქის კარის ძელს.
- ჩანაწერში ჩანს, რომ ყელზე ოქროს ჯვარი გკიდიათ. მაშინ ხომ ასეთი რამ აკრძალული იყო...
- ჯვარი ყოველთვის მეკეთა. თავიდან ზოგიერთები ალმაცერად მიყურებდნენ, მაგრამ მერე მიეჩვივნენ. ხომ გითხარით, ძალიან ჯიუტი ვიყავი. რაც შეეხება რეჟიმის დარღვევას, “დინამოში” იმით გამოიხატებოდა, რომ შემეძლო, გაუფრთხილებლად გაგრაში წავსულიყავი, ძალიან მენატრებოდა ხოლმე ჩემი ქალაქი. ხოლო ნაკრებში საზღვარგარეთული მგზავრობისას შემეძლო, დაუკითხავად ქალაქში გავსულიყავი, ლამაზი გოგონებისთვის თვალი შემევლო და რაღაც აკრძალული მეყიდა. მაგალითად, საზეიმო ასაფეთქებლები.…თუმცა, საბაჟოზე ამ ყველაფერს მაინც მართმევდნენ. ასეთმა დარღვევებმა საბედისწერო როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.
- მაგრამ, როგორც ვიცი, საბაჟო დარღვევებისთვის არ დაუპატიმრებიხართ...
- ცხადია, არა. მოსკოვიდან თბილისში სიგნალი მოვიდა, ნაკრებში დისციპლინას არღვევსო და “დინამოს” ხელმძღვანელობას ჩემთან აღმზრდელობითი საუბრის ჩატარება დაევალა. 1969 წელი იყო, ხელმძღვანელი ისევ შევარდნაძე გახლდათ. მან ერთობ თავაზიანად მიმიღო და დაბალი ხმით მითხრა: შვილო, შენ კარგად თამაშობ, მაგრამ ამბობენ, რომ დისცილინას ხშირად არღვევ. ამით შენ “დინამოსაც” და ნაკრებსაც ჩირქს ცხებ. ასე ნაკრებში აღარ გამოგიძახებენო. მე კი ვუპასუხე: ედუარდ ამბროსიევიჩ, გმადლობთ თბილი სიტყვებისთვის, მაგრამ გთხოვთ, თქვენს საქმეს მიხედეთ, დამნაშავეები დაიჭირეთ, მე კი, ფეხბურთს ვითამაშებ-მეთქი. როცა კაბინეტიდან გამოვედი, ვიფიქრე, ძალიან უხეშად ხომ არ მოვიქეცი-თქო, მაგრამ აღარ შევბრუნებულვარ. თამაშს ვაგრძელებდი, მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შორისაც მასახელებდნენ, მაგრამ დეკემბერში ციხეში აღმოვჩნდი. ეს ნამდვილი შოკი გახლდათ. წარმოგიდგენიათ, ქალის გაუპატიურება დამაბრალეს. არადა, ამ გოგონასთან რამდენიმეწლიანი მეგობრობა მაკავშირებდა. ეტყობა, დაავალეს, ასე ეთქვა. სასამართლოზე მან უარყო ეს ფაქტი, მაგრამ მოსამართლეს ყურადღება აღარ მიუქცევია. როგორც შემდეგ მითხრეს, თბილისში არცერთი მოსამართლე ამ საქმეს ხელს არ კიდებდა – ალბათ ხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩემი არაკეთილისმსურველების ბინძური გამონაგონი იყო. ბოლოს საქმე გარდაბნის რაიონის მოსამართლეს დაავალეს. ბევრი მეგობარი დამიდგა გვერდში “დინამოდანაც” და ნაკრებიდანაც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი და შოთა იამანიძე, ასევე როსტოველი ვიქტორ პონედელნიკი და მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა. მაგრამ ხელმძღვანელობა შეუვალი აღმოჩნდა. გადაწყვიტეს, 25 წლის სიჭინავა სამაგალითოდ დაესაჯათ და ამით მოსკოველი უფროსებისთვის ეამებინათ. ოთხი წელიწადი მომისაჯეს. თავიდან გალის რაიონში გამაწესეს, მერე არმავირში, ბოლოს კი დონის როსტოვში გადამიყვანეს.
- ეს ამბავი ძალიან ჰგავს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ლეგენდარული ედუარდ სტრელცოვის ისტორიას. მაინც ვინ გაგწირათ?
- პირდაპირი მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ კარგად ვხვდები, ვინ იყვნენ. მაგრამ ახლა სამართალს არ ვითხოვ, აზრი მაინც არ აქვს, წარსულს ვერ დავაბრუნებ და მექსიკის მუნდიალზეც ვეღარ წავალ. ცხადია, დისციპლინას ვარღვევდი ხოლმე, მაგრამ კრიმინალი არასოდეს ჩამიდენია.
- ციხეში როგორ გექცეოდნენ?
- პატიმრებიც და ადმინისტრაციაც - ძალიან კარგად. ეტყობა, სიმართლე იცოდნენ.…ჩემი მეგობრები, ვიქტორ პონედელნიკი და ოლეგ კოპაევი ბევრს ცდილობდნენ, რათა მიმაგრებაში გამოვეშვით და როსტოვის ასკ-ში მეთამაშა. ციხეში ალმა-ათის “კაირატის” წარმომადგენელიც მოვიდა და მითხრა, “კაირატში” შენი თამაშით თვით ყაზახეთის კომპარტიის პირველი მდივანი კუნაევია დაინტერესებულიო. მე კი, თბილისის “დინამოში” მინდოდა თამაში და პასუხს განგებ ვუგვიანებდი. სანამ ვფიქრობდი, თბილისის ციხეში გადამიყვანეს. შემდეგ “სანიმუშო ქცევისათვის” გამათავისუფლეს. ჯამში შვიდი თვე ვიჯექი. მერე, მეორე ლიგაში, რუსთავის”მეტალურგში” დავიწყე თამაში. “დინამოში” ამ ამბების შემდეგ აღარ მეძახდნენ. შემდეგ კონსტანტინ ბესკოვმა მიმიწვია და რამდენიმე კვირა მოსკოვის “დინამოში” ვვარჯიშობდი, რომელიც იმხანად საკმაოდ სოლიდური გუნდი იყო. ბესკოვი კმაყოფილი გახლდათ, მაგრამ მალე თბილისიდან ჩემი დისკვალიფიკაციის შესახებ შეტყობინება მიიღო – უმაღლეს ლიგაში თამაში მეკრძალებოდა. გულდაწყვეტილი საქართველოში დავბრუნდი, ცოტა ხანს კიდევ წავითამაშე რუსთავში და ფეხბურთს საბოლოოდ დავანებე თავი. მაშინ, 1972 წელს, 28 წლის ვიყავი.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ნაწყენი არავისზე ვარ. ვაღიარებ, რომ ხშირად ვარღვევდი დისციპლინას, მაგრამ ზიოგიერთ ჩინოვნიკს ზედმეტი მოსდიოდა. ცხადია, ვნანობ, რომ საკუთარი მომავალი თვითონვე დავანგრიე. ახალგაზრდებს კი ვურჩევდი, ის 12-15 წელიწადი, რომელიც სათამაშოდ აქვთ გამოყოფილი, ჭკვიანურად გაევლოთ და კარიერას გაფრთხილებოდნენ.


მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101254