საფეხბურთო კლუბი თბილისის “დინამო” 2002 წელს ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა და საქართველოს პირობაზე კლუბში სოლიდური ინვესტიციაც განახორციელა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბიზნესმენის ოჯახი კლუბის შენახვას აგრძელებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩადებული თანხები ადრინდელ დაფინანსებას ვერ შეედრებოდა. პატარკაციშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, საქართველოში მათი აქტივები გაყინულია და კლუბში ახალი ინვესტიციის ჩადებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, მათ კლუბის გასხვისება სიმბოლურ ფასად გადაწყვიტეს და “დინამოს” ამჟამინდელ ადმინისტრაციას ახალი ინვესტორის მოძებნა ურჩიეს. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში საინტერესო იყო კლუბის მმართველ დირექტორ გიორგი ტყავაძესთან გასაუბრება, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა.
- გავრცელებული ინფორმაცია “დინამოს” გაყიდვის თაობაზე სიმართლეს რამდენად შეესაბამება? ამ საკითხზე თუ გქონდათ საუბარი პატარკაციშვილების ოჯახთან?
-კლუბის გაყიდვის თაობაზე ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ. თუმცა, დღევანდელი ვითარება, რაც “დინამოშია”, ამ განცხადების საფუძველს ნამდვილად იძლეოდა. უკვე დიდი ხანია “დინამოს” ფინანსური პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ თავად ვცდილობდით სპონსორები მოგვეძებნა ან თავი ფეხბურთელების გაყიდვით შეგვენახა. სხვა დაფინასება არ გვქონდა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მითუმეტეს, კარგად იცით, საქართველოში კლუბისგან მოგების მიღება კი არა, მისი შენახვაც ძნელია. მეც ვთვლი, რომ ისეთი ინვესტორი უნდა მოვიდეს, რომელიც თანხას ჩადებს კლუბის განვითარებისთვის. ამას ნამდვილად მივესალმები და მადლობელი ვიქნები.
- სეზონის დაწყებამდე ლონდონში იყავით და კლუბის მეპატრონეებთან შეხვედრა გქონდათ. ამ განცხადებამდე თუ იცოდით, რომ ისინი კლუბის გასხვისებას გეგმავდნენ?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მსგავს მდგომარეობაში დიდი ხანია ვართ. ბუნებრივია, თავს მოვალედ ვთვლიდი, რომ მეპატრონეებისთვის გამეცნო კლუბში რა მდგომარეობა იყო. ახალი ინვესტორის შემოსვლის ერთ-ერთი მომთხოვნი მეც ვარ. სხვანაირად, “დინამოს” განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუ ვინმე ამის გაკეთებას არ აპირებს, სჯობს სხვამ გააკეთოს.
- აქამდე თუ ეძებდით ინვესტორს და როგორ თვლით, ამ განცხადების შემდეგ უფრო მეტ დაინტერესებულ პირს ექნება “დინამოში” თანხის ჩადების სურვილი?
- არ დაგიმალავთ, ვეძებდით და ვცდილობდით ინვესტორი მოგვეყვანა. პირადად არაერთ პიროვნებას თუ კომპანიის წარმომადგენელს ველაპარაკე, მაგრამ ჯერჯერობით გამოხმაურებაა არაა. მუდმივად მესმის საუბარი, რომ “დინამო” ყველასთვის სათაყვანებელი გუნდია. ამ განცხადების შემდეგ გამოჩნდება, უყვართ თუ არა თბილისის “დინამო”.
- პატარკაციშვილების ოჯახი მზადაა კლუბი სიმბოლურ ფასად დათმოს. მაინც რა თანხაზეა საუბარი? დღესდღეობით, საფეხბურთო კლუბი “დინამო” რამდენადაა შეფასებული?
- ჩემთვის დეტალებზე საუბარი რთულია, რადგან არც კლუბის მფლობელი ვარ და არც ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც შეუძლია მომავალი გარიგება აწარმოოს. ჩვენი ვალდებულებაა, კლუბის შეძენის მსურველები საქმის კურსში ჩავაყენოთ თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. სიმბოლური თანხა იმიტომაა აღნიშნული, რომ კლუბის გადაცემის პროცესი უნდა მოექცეს იურიდიულ ჩარჩოებში. ამ შემთხვევაში ოჯახის კეთილი ნებაა, რომ მომავალ ინვესტორს კლუბში თანხის ჩადებისა და მისი განვითარების სურვილი ჰქონდეს. პატარკაციშვილების ოჯახის მიერ კლუბის გაყიდვიდან რაიმე სარგებელის მიღებაზე საუბარი არაა.
- უახლოეს მომავალში “დინამოს” მფლობელებთან შეხვედრას ხომ არ გეგმავთ?
- შეხვედრა დაგეგმილი არაა, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს შედგება.
ლაშა თაბაგარი









