საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი ყოველგვარ შიდა დაპირისპირებას ემიჯნება და სიტუაციის დასალაგებლად ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება. შეგახსენებთ, სიტუაცია რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნაკრების წევრმა ბეთქილ შუკვანმა და მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა იჩხუბეს. ამ ინციდენტის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე ასისტენტებთან – გუჯეჯიანთან და ვაზაგაშვილთან ერთად გაზეთ “ლელოს” რედაქციას ესტუმრა და მწვრთნელებმა სკანდალური ინტერვიუ მისცეს. “მსოფლიო სპორტმა” ახლახან ბეთქილ შუკვანის კომენტარი შემოგთავაზათ, ამჯერად კი გიორგი ვაზაგაშვილს გაესაუბრა.
- ამ საკითხზე არა თუ საუბარი, მისი გახსენებაც არ მინდა. ძალიან დელიკატური თემაა და მასთან შეხება ქართული ძიუდოსთვის სასარგებლო არ იქნება.
- მაგრამ თქვენ სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ გაზეთ “ლელოს” რედაქციას საკუთარი ინიციატივით ესტუმრეთ...
- მოდი, ამ საკითხზე დეტალურად საუბარსაც მოვერიდები. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იმ სტუმრობისასაც მაქსიმალურად უწყინარი კომენტარი გავაკეთე. ყურადღება მხოლოდ იმაზე გავამახვილე, რომ შიდა დაპირისპირების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არ მინდა, გუნდი ორად გაიხლიჩოს.
- საპრეზიდენტო არჩევნები ახსენეთ, რომელზეც ორი კანდიდატი იყრის კენჭს. იმ ინტერვიუთი გამოჩნდა, რომ მწვრთნელები ერთ-ერთ მხარეს ღიად ირჩევენ...
- კონკრეტულად მე არცერთ მხარეს ვმდგარვარ და არც არასოდეს დავდგები. საპარლამენტო არჩევნების დროსაც კი არ დამიფიქსირებია ჩემი აზრი. თავჩახრილი ვმუშაობდი. და მინდა კონკრეტულად ჩემი საქმის გარდა, სანერვიულო არაფერი მქონდეს. თუკი რომელიმე მხარე შეეცდება, თავის მხარდამჭერად მაქციოს, მაშინვე გავეცლები საყვარელ საქმეს და სახლში დავჯდები. ახლაც, ის არ მომწონს, რომ ეს ყველაფერი სპორტის საზღვრებს სცდება, მაგრამ მჯერა, 26-ის მერე ყველაფერი დალაგდება.
- როგორ დალაგდება, არჩევნების შემდეგ ხომ წაგებული მხარე კვლავ უკმაყოფილო იქნება?
- რა თქმა უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საგანგაშო აღარაფერი მოხდება. ნელ-ნელა სიტუაცია დარეგულირდება.
ოთარ მაღლაკელიძე







