ბლოგი

13:32 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგის დარდები

გიორგი 28 წლის კაცია. თავის დროზე ფეხბურთელი იყო და საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა უმაღლესი ლიგის ორ გუნდში. თუკი ოფიციალურ სტატისტიკას მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 19 თამაშში ამ ბიჭს (რომელიც ფეხბურთელობისას ნახევარმცველი ყოფილა) 6 გოლი გაუტანია, რაც ახალგაზრდა ნახევარმცველისათვის მშვენიერი შედეგია. თუმცა, ფეხბურთელებისათვის უმთავრესი დაავადება, მუხლის მენისკი გაუხდა სამკურნალო. მკურნალობამ ცუდად ჩაიარა. ექიმების არაპროფესიონალიზმს გიორგის უფულობაც დაემატა თან და მოხდა ისე, როგორც მოხდა. გიორგი დღეს თბილისის ერთ–ერთ სკოლაში სპორტის მასწავლებელია და ხელფასის სახით თვეში დაახლოებით 400 ლარს იღებს, არც ბუნებრივია არ ყოფნის, თუმცა რაკი ცოლ–შვილი ჯერჯერობით არ ჰყავს, თავის გატანას მაინც ახერხებს.

სკოლა, სადაც  გიორგი სპორტს ასწავლის, თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში მდებარეობს. ამ სკოლაში მოსწავლეები წლიდან–წლამდე მატულობენ. რატომ? მარტივი მიზეზია. დაცარიელებული ქართული სოფლებიდან წამოსული ოჯახების უმეტესი ნაწილი სწორედ თბილისის გარეუბნებში სახლდება, სადაც ბინის ქირა თბილისის სხვა უბნებზე შედარებით იაფია.

გიორგისთან საუბარი საინტერესო, მაგრამ ნაკლებად ხალისიანი გამომივიდა. როგორც მივხვდი, განსაკუთრებით ის არ სურს, რომ მისი ფეხბურთელი მეგობრებისა და თანაგუნდელების საქილიკო გახდეს. თუმცა რა არის მის საქმიანობაში საქილიკო  – რა თქმა უნდა არ გაუმხელია.

“როგორც ჩემს ბავშვობაში იყო, ზუსტად იგივე მდგომარეობაა ახლაც, მოსწავლეებისა და მშობლების სპორტთან დამოკიდებულებებთან დაკავშირებით. ჩემს საგანს სამწუხაროდ სერიოზულად არ აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ “ვალდებული“ ვარ, ყველას ნიშანი დავუწერო. განსაკუთრებით მკაცრი მასწავლებელი სულაც არ ვარ, მაგრამ ელემენტარული ნორმატივის ჩაბარების გარეშე, ჯერ არც ერთი მოსწავლისათვის არ დამიწერია ნიშანი. 

თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, ვხედავ რომ, მოსწავლეები პატივს მცემენ, ჩემთან ურთიერთობა მოსწონთ და მემეგობრებიან კიდეც. თუ მეგობრობაა, მეგობრობა უნდა იყოს და ერთმანეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ. მე შეიძლება თვალი დავხუჭო იმაზე, რომ შესაძლებელია ჭარბი წონის ბავშვმა ვერ  შეძლოს იმდენი, რაც სასურველი იქნებოდა, მაგრამ როდესაც ეს ბავშვი სხვებთან ერთად ცდილობს სირბილს, ანდა რაიმე ტიპის ვარჯიშის გაკეთებას, ჩემთვის უკვე ნიშნავს, რომ მას პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ასეთ მოსწავლეს ნიშანს არასოდეს დავაკლებ – პირიქით. თუმცა, სამწუხაროდ ზოგადად ჩემი საგნისადმი დამოკიდებულება რბილად რომ ვთქვა არასასურველია.

ერთხელ, მოსწავლის მშობელი მომივარდა პრეტენზიით: როგორ გაბედე და ჩემს შვილს შეფასება საერთოდ არ დაუწერეო... როგორ დამეწერა, როცა ბავშვი სულ მიცდენდა გაკვეთილებს და მთელი წლის მანძილზე სულ 2–3–ჯერ მყავდა ნანახი? მშობელმა სიტყვიერი შეურაწყოფაც მომაყენა და ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან, კინაღამ ხელი გავარტყი. ბავშვები ჩაგვიდგნენ შუაში და ძალიან შემრცხვა იმ ადამიანს რომ ავყევი, რადგან ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს შორის ავტორიტეტის მოპოვება რთული საქმეა, რომელიც შეიძლება ერთმა არასწორმა ნაბიჯმა საერთოდ დაგაკარგვინოს“.

ასე მიყვებოდა გიორგი თავის საფიქრალს და ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ლაყაფი და უსაგნო მკითხაობაა საუბარი სპორტის განვითარებაზე, როდესაც სპორტის მასწავლებელები ასეთ პრობლემებს აწყდებიან. რთულია ამის შემდეგ განვითრებისა და პროგრესის გეიმედებოდეს, თუმცა, ჩვენ მაინც ოპტიმისტი ხალხი ვართ...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097501