ინტერვიუები

13:06 | 17.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

გიორგოს კარაგუნისი: “ჯგუფიდან ჩვენი გასვლა, 2004 წლის ტრიუმფს შეიძლება შევადაროთ”

რუსებთან გამარჯვების შემდეგ ბერძენთა ბანაკში (და არა მარტო ბანაკში) ენით აუწერელი სიხარული სუფევდა. ისე უხაროდათ, თოთქოს ტურნირი მოიგესო. თუმცა, ამას, სპორტულის გარდა, სხვა მიზეზიც ჰქონია. ბერძენთა კაპიტანი, გიორგოს კარაგუნისი, “სპორტ ექსპრესს” ცოტა ემოციურად, მაგრამ ალალად ესაუბრა:
გიორგოს კარაგუნისი: ეს სასწაულია. სრულიად საბერძნეთისთვის არაჩვეულებრივი საღამო იყო. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებოდით და გამარჯვებისთვის ცოტა იღბალიც გვჭირდებოდა. გვჭირდებოდა და მივიღეთ კიდეც. მე-2 ტაიმში თერთმეტმეტრიანს ვიმსახურებდით, მაგრამ ამის მაგიერ მსაჯმა ყვითელი ბარათი მაჩვენა, რის გამოც მეოთხედფინალს გამოვტოვებ. თუმცა, ეს ამბავი ახლანდელ ჩემს ბედნიერებას სულაც არ ახუნებს.…
- რა მოხდა გოლის ეპიზოდში?
- მცველი შეცდა, ბურთი დაკარგა და მე დავეუფლე, გარშემოც არავინ იყო, რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი კარს და დავარტყი. ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ჩვენთვის. თავდაჯერება შეგვმატა, რამაც, ჯამში, მე-2 ტაიმი ღირსეულად ჩაგვატარებინა.
- რის ხარჯზე გაიმარჯვეთ?
- მთავარი - გამარჯვების წყურვილი იყო. ჩეხებთან წაგების შემდეგ, ვარშავაში დავბრუნდით და როცა პოლონეთთან რუსეთის ფრის ამბავი შევიტყვეთ, მივხვდით, რომ დიდი შანსი გაგვიჩნდა. ვიცოდით, ძალიან მძიმე თამაში გველოდა, მაგრამ მთელი სული და გული ჩავდეთ. ეს ჩვენი გუნდის ხასიათის გამოძახილია. დიახ, შედეგზე ვთამაშობდით, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგის მინდორზე, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები მხურვალედ გვქომაგობდნენ და მოვიგეთ, ბერძნები მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანებად ვაქციეთ.
- მსაჯობაზე რას იტყვით?
- რა უნდა ვთქვა, ხომ ხედავთ, რაც ხდება. ჩვენ 7 ქულა უნდა გვქონოდა, მაგრამ პირველი მატჩიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი უსამართლობა მოხდა. 2 სუფთა გოლი არ ჩაგვითვალეს, დღეს ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვინიშნეს და მე მეოთხედფინალში თამაშის უფლება წამართვეს. უეფამ აუცილებლად უნდა გაარჩიოს ვიდეოჩანაწერი და სამართლიანი გადაწვეტილება მიიღოს. მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე ყველა მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. მიუხედავად ამისა, ჯგუფიდან გავედით, რაც 2004 წლის ტრიუმფს შეიძლება შევადაროთ.
- ჯგუფიდან გასვლას ტურნირის მოგებას ადარებთ?
- დიახ, რადგან ყველაფრის მიუხედავად, მაინც გავედით და ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ.
- საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები დამატებითი მოტივაციაა თქვენთვის?
- როცა ათენიდან მოვფრინავდით, ვამბობდით, რომ ყველაფერს გავიღებდით თანამემამულეთა გასახარებლად. საბერძნეთში ახლა ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა და ჩვენ ადამიანებს ღიმილი ვაჩუქეთ. აი, ეს არის ყველაზე მთავარი.

 

მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099043