ინტერვიუები

19:08 | 11.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

გოჩა ხოჯავა: “ჩემი ქართული პასპორტი გაუქმებული არ ყოფილა”

“აღმოჩნდა, რომ ჩემი ქართული პასპორტი გაუქმებული არც ყოფილა. დღეს რომ ჩამოვედი, კომპიუტერმა გვაჩვენა, რომ ძალაშია. სახლში მქონდა და ვიპოვე. ძალიან კარგი. ორი დღე მაინც უნდა დასჭირვებოდა პასპორტის აღებას, ახლა კი თან მაქვს. უბრალოდ, არ ვიყენებდი და მეგონა, გაუქმებული იყო” – თქვა “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას რუსული ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ, რომელიც სასტუმრო “ბომონდ გარდენში” შეუერთდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
25 წლის ხოჯავა საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეროვნულ ნაკრებში არასოდეს უთამაშია. თემურ ქეცბაიამ 17 ნოემბერს სლოვენიასთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა გოჩა, რომელიც შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ ფიზიკურად მხნედ ვერაა და თავად გვითხრა, დღევანდელი მდგომარეობით, სლოვენიაში ვერ ვითამაშებო.
ხოჯავამ საინტერესო სიახლეც გვამცნო – “ვოლგაში” გოგიტა გოგუას გადაბირება სურთო.  
- რა გაწუხებთ, რატომ ვერ ითამაშებთ?
- რუსეთის ჩემპიონატს შეკრებაგაუვლელი შევხვდი, თამაში მოუმზადებელმა დავიწყე და ამან გადაღლა გამოიწვია. ფიზიკურად ვარ სუსტად.
- აღდგენა რამდენ დღეს წაიღებს?
- არ ვიცი, ვნახოთ. თუ არის შანსი, რომ სლოვენიაში წასვლამდე სრულ მზადყოფნაში ჩავდგე, ძალიან კარგი. ჯერ ქეცბაიას უნდა ვუთხრა, რომ ვერ ვარ მზად.
- პასპორტის საკითხი მოგვარებულია. ალბათ, ძალიან გაგახარათ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამ.
- ნიჟნი ნოვგოროდში ერთ-ერთი თამაშის წინ რომ გავიგე, ქეცბაიაა ჩამოსულიო, ისეთი ძალა მომეცა და ისე გამიხარდა, ვერ გადმოგცემთ. იმ მატჩის შემდეგ მე, “ვოლგას” მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ და ქეცბაიამ რესტორანში ვისაუბრეთ. ჩემის მხრივ ვთქვი, რომ საქართველოს სახელით თამაში ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
- “ვოლგაში” თქვენს ჩვეულ პოზიციაზე თამაშობთ?
- 4-4-2 სქემით ვთამაშობთ. წინ მარცვალაძეა, მე - მის უკან.
- “ვოლგაში” რჩებით თუ კლუბის შეცვლას აპირებთ?
- ორი წელი კიდევ დამრჩა კონტრაქტი. წასვლაზე არ ვფიქრობ.
- რისი მიღწევა შეუძლია “ვოლგას” პრემიერლიგაში?
- კლუბი ფინანსურად გამართულია და ალბათ, შემადგენლობაც გაძლიერდება. ვფიქრობ, გაისად “ვოლგა” პრემიერლიგის ცხრილის შუაში იქნება.
- გუნდში კიდევ რომელიმე ქართველი ფეხბურთელის გადაყვანაზე ხომ არაა საუბარი?  
- რაც ნამდვილად ვიცი, გოგიტა გოგუაზე არის საუბარი.   

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09583