ინტერვიუები

9:43 | 30.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

გოდერძი ჩიხრაძე: “ოთხ წრეში, მაიმუნობის ალბათობა იზრდება”

გასულ სეზონში, “გაგრამ” უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და გავარდა. იყო ვარაუდი, რომ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის კონფერენციაზე, გავარდნილ გუნდებს “შეიწყალებდნენ” და უმაღლესში 12 გუნდი ითამაშებდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა პოსტზე დანიშნულიც კი არ იყო, როცა თქვა, სულაც 16-გუნდიანობას ვემხრობიო. თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა – “გაგრა” და “ლოკომოტივი” პირველ ლიგაში ჩაქვეითდნენ.
კონფერენციას “გაგრას” ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძეც ესწრებოდა, რომელმაც “მსოფლიო სპორტთან” საუბარში თავისი გულისწყრომა არ დამალა...
გოდერძი ჩიხრაძე: სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში ბევრი ორპირი ადამიანია. ჩვენ გვქონდა სხვა კლუბებისგან დახმარების იმედი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამაოდ. ბესო ჩიხრაძის  (“გაგრას” პრეზიდენტი) დაკარგვას, ერჩივნათ, 10 სპონსორი დაეკარგათ. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ქართულ ფეხბურთს სჭირდება.
- ბესო ჩიხრაძე “გაგრადან” მიდის?
- არ მიდის. პირიქით, გუნდის შენებას აპირებს, მაგრამ ახლოს მისული ვიყავით ახალ ინვესტორებთან თანამშრომლობაზე, ახლა კი, მუხლის ჩოქებზე უნდა დავუდგეთ, რომ რამე გამოვიდეს ამ საქმიდან. პირველი ლიგის კლუბს, ხომ იცით, ყველა ერიდება. პროფლიგის გადაწყვეტილების გამო, ჩიხში აღმოვჩნდით.
- კი, მაგრამ სპორტული პრინციპების გათვალისწინებით, უმაღლეს ლიგაში ადგილი არ გეკუთვნით.
- ჯერ ერთი, როგორ გავვარდით, ეს ყველამ ნახა და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. მეორეც, უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ოთხწრიანი ტურნირი არცთუ სამართლიანია. წარმოიდგინეთ, როდესაც ერთი და იგივე გუნდი ოთხჯერ ხვდება ერთმანეთს, იქ მაიმუნური თამაშების ალბათობა იზრდება. თქმა რად უნდა, რომ როცა საშუალებაა, 10-გუნდიან ჩემპიონატს 12-გუნდიანი სჯობია, 12-იანს 14-იანი და 14-იანს – 16-იანი. კიდევ ვიმეორებ, გულდასაწყვეტია, რომ ეს არ გაითვალისწინეს, თორემ “გაგრა” არსებობას გააგრძელებს და ახლა, პირველ ლიგაში უნდა დავამტკიცოთ, რომ უმაღლესში თამაშის ღირსნი ვართ.  

ილია ნანობაშვილი

0.168507