გეცოდინებათ, ახლო წარსულში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გოგა გახოკიძე, აგენტის საქმიანობას ეწევა. სულ, წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც ამ საქმეს მოჰკიდა ხელი და რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც გაახერხა. მაგალითად, ბოლო პერიოდში, გურამ კაშიას ჰოლანდიურ “ვიტესში” გადაყვანა იყო ყველაზე საინტერესო. სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატიდან ძლიერ უცხოურ ქვეყნებში ფეხბურთელების გადინება სულ უფრო ჭირს და იშვიათობა ხდება.
“მსოფლიო სპორტი” გახოკიძეს დაუკავშირდა:
- უპირველესად, გურამ კაშიაზე გკითხავთ: რამდენად რთული იყო მისი “ვიტესში” გადაყვანის პროცესი?
- რაც უფრო რთულია, მით უფრო გასახარია საქმის წარმატებით დასრულება. სიძნელეები შეგვხვდა. ბევრს არ სჯეროდა, რომ კაშია “ვიტესში” მოხვდებოდა, მაგრამ “იმედები გაუცრუვდათ”. თუმცა, ეს ახლა სალაპარაკო აღარაა.
- კაშიას სამუშაო ვიზა არ ჰქონდა და ამ დღეებში უნდა მოგვარებულიყო ეს საკითხი.
- დიახ, უკვე აიღო და ოთხშაბათს ჰოლანდიაში იქნება.
- რამდენადაც ვიცით, “ვიტესში” გიორგი ჭანტურიას გადასვლაშიც მიიღეთ მონაწილეობა. არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ჭანტურიამ 18 წლამდე “ვიტესის” ოფიციალურ მატჩებში თამაში შეძლოს?
- ვერა. ჰოლანდიაში კანონი ამას კრძალავს და ეს პრობლემაა.
- ხომ შეიძლებოდა, “ვიტესს” მანამდე ისეთ ქვეყანაში გაენათხოვრებინა ჭანტურია, სადაც ეს კანონი არაა...
- რამდენადაც ვიცი, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მიიღეს ეს კანონი - გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც თავად არ არიან ევროკავშირის წევრები. მაგალითად, რუსეთში შეიძლებოდა განათხოვრება. ეს შემაფერხებელი კანონი ახალი მიღებულია.
- გასაგებია, მაგრამ ჭანტურია რომ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე იყოს, თამაშის პრობლემა არ შეექმნებოდა?
- არანაირად. მსგავსი პრობლემა ადრე გიორგი ხარლამოვსაც შეექმნა, მყავდა ჩაყვანილი პსვ-სა და “ტვენტეში”, მოეწონათ, მაგრამ მთავარ გუნდში ვარჯიშის უფლებაც არ ჰქონდა.
- “ვიტესის” პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გაქვთ?
- დიახ. მე და გიორგი ქინქლაძემ (პარტნიორები არიან – რედ.) ჟორდანიას დამაჯერებლად ვესაუბრეთ კაშიაზე, საბოლოოდ, ეს საკითხი მოგვარდა და ფეხბურთელი ჩავიყვანეთ “ვიტესში”. სხვაგვარად ძნელია: საქართველოს ჩემპიონატის მატჩების სანახავად ჩამოსვლაზე, ყველა ფეხს ითრევს.
- “ვიტესში” ზამთარშიც უნდა ველოდოთ ქართველი ფეხბურთელების გამოჩენას?
- ვნახოთ, მანამდე დროა. ჯერჯერობით კი, ეს ორი ფეხბურთელიც საკმარისია.
- ხარლამოვი ახსენეთ. ადრე გვითხარით, გული აწუხებს და შესაძლოა, ფეხბურთი ვერ ითამაშოსო. ახლა როგორაა მისი მდგომარეობა?
- მალე ბელგიაში ჩავიყვან ერთ-ერთ საუკეთესო ექიმთან და საფუძვლიანად გასინჯავენ, რის შემდეგაც, პასუხს ეტყვიან. არა მგონია, საქმე ისე ცუდად იყოს, რომ ხარლამოვმა კარიერა დაასრულოს.
- სად ვარჯიშობს?
- რომელიმე გუნდთან ერთად არაა, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ნიჭიერი ახალგაზრდები ნამდვილად არ გვყავს დასაკარგი. იმედია, ხარლამოვი ითამაშებს.
- უნგრული “დიორის” ქართველ ფეხბურთელებზე რას იტ¬ყვით? უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.
- სასიხარულოა, რომ გიორგი განუგრავას უკვე ენდობიან. თემურ შარაშენიძის პროგრესს აღნიშნავენ, რომელიც აგერ, ახლა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჰყავდათ გამოძახებული. ლაშა თოთაძეა უთამაშებელი. ვნახოთ, შესაძლოა, რამე შეიცვალოს.
- შარაშენიძე თქვენი ჩაყვანილია “დიორში”?
- არა, ლაშა ოდილაძემ (“დიორის” პრეზიდენტის მრჩეველი) წაიყვანა. საერთოდ, ოდილაძეს განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრათ: 7 ქართველი ფეხბურთელის ჩაყვანა პატარა საქმე არაა, მითუმეტეს, როცა ამ შვიდიდან 2-3 თამაშობს. უცხო ქვეყნიდან ამდენი ფეხბურთელის ჩაყვანა არავის მოსწონს, მაგრამ ლაშა რისკს სწევს და ამით ეხმარება ჩვენებს.
- გასულ ზაფხულს, ლადო დვალიშვილის შესაძლო ტრანსფერზეც იყო საუბარი. რატომ ვერ მოხერხდა?
- მსურველ კლუბებს ეძვირებათ ლადოს ფასი. “მაკაბის” არ სურს იოლად შეელიოს დვალიშვილს.
- დაახლოებით რა ფასზეა ლაპარაკი?
- 2 მილიონი ევროდან ოთხ მილიონამდე. გააჩნია, თუ ძლიერი კლუბი დაელაპარაკება “მაკაბის”, სატრანსფერო თანხას უფრო ზრდიან. დვალიშვილზე კიდევ იქნება საუბარი და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ისაა, რომ უფრო ძლიერ კლუბში მოვაწყოთ.
- იმის გამო, რომ არაევროკავშირელებზე ლიმიტია, ძალიან გართულდა ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერები?
- დიახ. ეგ მომენტიცაა და კიდევ, საქართველოს ჩემპიონატის დონე ვერაა ისეთი, რომ უცხოური კლუბი დააინტერესო აქაური ფეხბურთელით.
ილია ნანობაშვილი







