ინტერვიუები

21:57 | 28.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა გოგუა: “დამტანჯეს, თამაშისა და ვარჯიშის საშუალებას არ მაძლევდნენ”

თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ, გამოცემა “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში აღშფოთება ვერ დამალა ყოფილი კლუბის, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” მესვეურების მიმართ, რომლებიც ქართველი ფეხბურთელისგან, გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ.
გოგიტა გოგუა: “კლუბში როდესაც გადავედი, შეთანხმების მიხედვით გარკვეული თანხა მომცეს – კომპენსაცია გადასვლისთვის. თავდაპირევლად, ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ შემდეგ, მე და კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი – ხოჯავა და სალუქვაძე დუბლებში გადაგვიყვანეს. ნახევარი წლის განმავლობაში ხელფასს არ გვიხდიდნენ. გუნდში ყოფნა უკვე არაკომფორტული იყო. ხელმძღვანელობამ კონტრაქტის დროზე ადრე გაწყვეტა და წასვლა შეგვთავაზა. სასამართლო შედგა, რომელიც უეფას დახმარებით მოვიგეთ. კუთვნილი თანხა გადაგვირიცხეს, მაგრამ ჩემი საბანკო ანგარიში ბარათზე მაშინვე დაბლოკეს. ფულის განაღდების არავითარი შესაძლებლობა არ მქონდა. ამით, კლუბში უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ მოთამაშეების წინაშე დავალიანება აღარ აქვთ. ახლა მეუბნებიან: სად არის ფული, რომელიც “პადიომნის” სახით მოგეცით, სად დახარჯე? მსგავსი რამ პირველად ვნახე. არასოდეს გამიგია, რომ ფეხბურთელმა თავისი გამომუშავებული ფული კლუბში დააბრუნოს. ახლა უნდა წარმოვადგინო დოკუმენტები, თუ სად დავხარჯე მიღებული ფული. რატომ? ნუთუ ეს სამართლიანია? ეს რა კლუბია? რუსეთში 7 წელიწადი ვიცხოვრე, პრემიერლიგაში ვთამაშობდი და მსგავსი რამ არ მინახავს. იქ, როგორც ფეხბურთელი, “გამაფუჭეს”. აქამდე, ყველა გუნდში ვთამაშობდი, ვიდრე ნიჟნი ნოვგოროდში გადავიდოდი. თუ “ვოლგას” რომელიმე თანამშრომელი ფულს გამოიმუშავებს, მას თანხის კლუბში დაბრუნებას არავინ თხოვს.
- შეეცადეთ გაგეგოთ, მაინც და მაინც ქართველ ფეხბურთელებს არ უხდიდნენ ხელფასს?
- არ ვიცი. შესაძლოა, იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ეროვნების ვართ. ვიცი, რომ რუსეთში ყველა სპორტსმენს პატივს სცემენ. თუმცა, “ვოლგა”... ეს რა კლუბია?! დამტანჯეს, თამაშისა და ვარჯიშის საშუალებას არ მაძლევდნენ. ამდენი ნერვების წყვეტა...ასეთი რა გავაკეთე, კრიმინალი ვარ თუ? ეს ჩემი ფულია, რომელიც საკუთარი ოფლით გამოვიმუშავე. მსურს, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ამ კლუბს ყურადღება მიაქციოს. ვერ გავიგე, რაში სჭირდებოდათ ჩემთან მოლაპარაკება, კლუბში გადაყვანა და “პადიომნის” მოცემა, რომ მერე ფულის დაბრუნება მოეთხოვათ? “ტერეკთან” საშინაო შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ, გუნდში მივედით და გავიგეთ, რომ მე, ხოჯავას და სალუქვაძეს გვაგდებდნენ. ვკითხეთ: რატომ? მწვრთნელმა გვითხრა, რომ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო. პრეზიდენტთან რომ მივედით, მან გვიპასუხა – თქვენ მწვრთნელმა გაგიშვათ. როგორ შეიძლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოთამაშეების გაგდება?! ფეხბურთელი რატომ უნდა დაიტანჯოს?  
- შეგიძლიათ დაასახელოთ თანხა, რომელსაც კლუბი თქვენგან ითხოვს?
- კლუბი ითხოვს, რომ თანხა დავამატო. ეს თანხა კი, ორჯერ მეტია იმაზე, რაც თავდაპირველად მომცეს. რა განუკითხაობაა. თუ მსგავს პირობებს კლუბი წინასწარ არ გითანხმებს, კონტრაქტში არ წერია ფული სად დავხარჯო, საიდან უნდა ვიცოდე, რომ შემდეგ ანგარიშის ჩაბარება რაღაც დოკუმენტებით მომიწევს.
- როგორ თვლით, ნიჟნინოვგოროდული კლუბისთვის სასამართლოს მოგების შანსი, გაქვთ?
- როგორ შეიძლება სასამართლო მოვიგო, თუ ის ნიჟნი ნოვგოროდში შედგება? ამაში ეჭვი მეპარება. არსებულ სიტუაციაში, რუსეთის საფეხბურთო კავშირის დახმარების დიდი იმედი გვაქვს.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098143