გოგიტა გოგუა წლეულს გორის “დილას” ვეღარ დაეხმარება. მართალია, წინ სამი ტურია, მაგრამ გოგიტას, თბილისის “დინამოდან” განათხოვრების ვადა 15 დეკემბერს ეწურება, ანუ 14-ის შემდეგ აღარ შეუძლია თამაში. “მსოფლიო სპორტი” გოგუას ესაუბრა – ამ ინტერვიუში ბევრ საინტერესოს წაიკითხავთ. 29 წლის ნახევარმცველი ძალიან ნაწყენია როგორც თბილისის “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიაზე, ასევე... რა გამოცნობა უნდა, თემურ ქეცბაიაზე.
“გოგიტა გოგუა არაა ფრთიანი ანგელოზი, თუმცა ხალხმა გადაწყვიტოს, სადაც მე ვთამაშობდი, მინდორზე სულსა და გულს ვდებდი, თუ არა”, – ეს გოგუას სიტყვებია.
- გორის “დილასთან” განათხოვრების ვადა მიმთავრდება და მინდა, მთელ გუნდს და კლუბის თითოეულ პერსონალს მადლობა მოვუხადო. “დილაში” მართლაც კარგად ვგრძნობდი თავს.
- და “დინამოს” ფეხბურთელად რჩებით.
- “დინამოში” ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს. არ მინდა იმ ხალხთან ურთიერთობა, რომლებიც ფეხბურთთან ახლოს არ არიან და თანაც, ასე მომექცნენ. 8 წლის ასაკიდან ვთამაშობ, ბევრჯერ უწყენინებიათ, მაგრამ კაცი რომ ბაზაზე არ შეგიშვებს და შენს საკითხს უშენოდ წყვეტს, რაღა უნდა ვილაპარაკო.
- რომან ფიფიაზე ხართ ნაწყენი, თუ კიდევ სხვებზე?
- მთავარი ფიფიაა, “დინამოში” მისი სიტყვა მთავარია და კაცი, რომელმაც ყველანაირად მომთაფლა, რომ რუსეთიდან ჩამოვსულიყავი, 3 თვეში თავზე დამანგრია ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ, რადგან წინა სეზონში “დინამო” ჩემპიონატში ცუდად გამოვიდა, ჩემი ბრალი ყოფილა.
- ალბათ, კონკრეტულად გვეტყვით.
- რა არის დასამალი. ფიფიამ ჩამომიყვანა და თავიდან ისეთი ურთიერთობა აგვეწყო, რომ არ ვნანობდი. თუ გახსოვთ, ჩემპიონატი როცა განახლდა, ზედიზედ 4 მატჩი მოვიგეთ და მერე რვა გუნდს ცალკე უნდა გაეგრძელებინა ჩემპიონობისთვის ბრძოლა. იმ 4 მატჩზე პრემიები ავიღეთ და ფიფიამ გადაწყვიტა, პრემიები უნდა გავანახევროო. კრებაზე ვთქვი, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება და დავასაბუთე კიდეც. ეტყობა, ჩემი სიტყვები არასწორად მიუტანეს ფიფიას. თითქოს მე მეთქვას, ფიფია ფეხბურთის აზრზე არაა-მეთქი. ეს არ მითქვამს. დაიწყო 8 გუნდს შორის მატჩები და ზედიზედ 8, თუ 9 ფრე ვითამაშეთ. “ზესტაფონს” იმ დროს მართლაც კარგი გუნდი ჰყავდა, ჩვენ კი ქულებში ძალიან ჩამორჩენილები ვიყავით და ფიფია ამბობს, მხოლოდ ჩემპიონობაზე მიიღებთ პრემიასო. მეორე საკითხი ისაა, რომ თავდამსხმელი არ გვყავდა. კრებაზე იქნებოდა თუ სხვაგან, ვამბობდი, რომ თავდამსხმელის გარეშე ძალიან გვიჭირდა. აბა, გამოაკელით დღეს “დინამოს” ჯაბა დვალი, არ დაეტყობა? კიდევ, სულ მაგიჟებდა ის, რომ, თუ გუნდი იგებდა, მთლიანად გუნდი იგებდა, ხოლო თუ აგებდა, გოგუას ბრალი იყო.
- ფიფიას არასწორად ვინ მიუტანა თქვენი სიტყვები?
- არ ვიცი, იქ ბევრი ადამიანი იყო. ფიფიას ჰყავს მრჩევლები. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ფიფია, რომელიც მანამდე თავს მევლებოდა, უკვე სხვა თვალით მიყურებდა. “დინამოში” ჩამოსვლამდე, 2-3 კვირის განმავლობაში ფიფია მირეკავდა და მირეკავდა, ჩამოდი და გვერდში დამიდექიო. რას წარმოვიდგენდი, თუ აქ ჩამოსვლას ვინანებდი. რუსული გუნდების ვარიანტებს ველოდებოდი და კარგად იცით, იქ რა ფული ტრიალებს: სამჯერ თუ ოთხჯერ ნაკლებ ხელფასზე ჩამოვედი “დინამოში”. უბრალოდ, გავითვალისწინე “დინამოს” სახელი და ტრადიცია, ფიფიას ასეთი სურვილი და ჩამოვედი.
- კონკრეტულად რომელი მატჩის შემდეგ ითქვა, “დინამოს” წარუმატებლობა გოგუას ბრალიაო?
- გორში “დილასთან” მეორე ტაიმში გამაძევეს და თამაშის შემდეგ მითხრეს, რომ ფიფიას უთქვამს, თითქოს მე ის მატჩი სპეციალურად ცუდად ჩავატარე. ჩართონ იმ მატჩის ფირი და ფეხბურთის მცოდნე ნებისმიერ კაცს ჰკითხონ, როგორ ვითამაშე.
- “დინამოს” მაშინდელ მწვრთნელ გიორგი დევდარიანთან რა სახის კონფლიქტი გქონდათ?
- გეტყვით, რომ გოგიტა გოგუა არაა ფრთიანი ანგელოზი, თუმცა ხალხმა გადაწყვიტოს, სადაც მე ვთამაშობდი, სულსა და გულს ვდებდი თუ არა. რაც შეეხება დევდარიანს, მასთან დღესაც ვმეგობრობ. იყო კონფლიქტი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ცხოვრებაში ურთიერთობაზე აისახებოდა.
- “დინამოდან” თქვენი განათხოვრება რა ვითარებაში მოხდა?
- აი, ყველაფერს თავი დავანებოთ და ელემენტარულს ვიტყვი: ჩემს საკითხს იხილავდნენ ბაზაზე და მე არ მიშვებდნენ. ბაზაზე შლაგბაუმები იყო და 4 კაცი იდგა, გოგუას კატეგორიულად ეკრძალება შემოსვლაო. ამას აკეთებდა ფიფია იმ ფეხბურთელის მიმართ, რომელსაც მუდმივად ურეკავდა ჩამოსვლაზე და ყველა სხვა კლუბის ვარიანტები დააკარგვინა. ბაზაზე არშეშვებაზე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. რა დონეზე უნდა ეჯავრებოდე კაცს, რომ ასეთი რამ გაგიკეთოს. რაც შეეხება განათხოვრებას, “დინამოში” ფიფიამ მოიყვანა ტყავაძე და ალბათ, მათ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ გოგუა საჭირო აღარ იყო. ძალიან კარგია, რომ “დილაში” გადავედი. ევროთასებზე ვითამაშე, აგერ, ბოლო 15 მატჩიდან 13 მოვიგეთ. თავიდან კი ცუდად იმიტომ დავიწყეთ, რომ ევროპის ლიგაზე ვიყავით გადართულები. მოკლედ, “დილაში” ყველანაირად კარგად ვგრძნობდი თავს. უბრალო მაგალითს მოვიტან: ფიფიამ რომ გამანათხოვრა, ჩააწერინა, რომ “დინამოს” წინააღმდეგ თამაშის უფლება არ მექნებოდა. რატომ? თუ არ ვვარგოდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა, “დინამოს” წინააღმდეგ ვითამაშებდი თუ არა...
- ახლა რას იზამთ? “დინამოსთან” კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?
- წლის ბოლოს. 15 დეკემბერს, უბრალოდ, “დილასთან” განათხოვრების ვადა მიმთავრდება, წლის ბოლოს კი “დინამოსთან” კონტრააქტი, რომელიც 1+2 წლიანია. თავისუფალი ვხდები და რომელიმე სხვა გუნდში გადავალ. ჩემში ერთ ცენტსაც ვერ მოითხოვს ფიფია. ჯერ არ ვიცი, სად გადავალ, მაგრამ საზღვარგარეთ მირჩევნია.
- ნაკრებში კი, კარგა ხანია, აღარ თამაშობთ – თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის შემდეგ...
- ქეცბაია არაა ცუდი მწვრთნელი, მაგრამ ის ჯერ პირადულს უყურებს, მერე კი გუნდურს. შარშან რომ გამოვიდა და თქვა, გოგუას ამდენი ხანი ვერაფერი შევასმინეო და როგორც ფეხბურთელიც დაბლა დამაყენა, მაშინ სად იყო, როცა 10-თამაშიანი წაუგებელი სერია გვქონდა? უჩემოდ იყო ეს სერია? მაშინ ვიყავი სასარგებლო ფეხბურთელი და როცა თვითონ აწყობდა, მერე არა? “გოგუა თუ არ იქნება ნაკრებში, დაქცეულა ქართული ფეხბურთი”, – ამას ამბობს ირონიულად და ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი არც იმ შემთხვევაში დაიქცევა, თუ ქეცბაია არ იქნება მწვრთნელი.
- გაუგებრობა ხორვატიასთან შინ მოგებული მატჩის (1:0) წინა დღეს დაიწყო. ვიცით, რომ ვარჯიშებზე ორკარადან გამომდინარე, თქვენ სასტარტოში მოიაზრებოდით, თუმცა მეორე ტაიმში შეხვედით.
- ფეხბურთელი გრძნობს, სად უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ქეცბაია მაყენებდა მარჯვენა ნახევარმცველად და ამ პოზიციაზე მე არასოდეს მითამაშია. სად აღარ მითამაშია, მაგრამ მარჯვენა ნახევარმცველად – არა. სოსო ჭედიას ვუთხარი, მარჯვენა ნახევარმცველად ვერ ვითამაშებ-მეთქი. სოსომ კი, ეტყობა, ქეცბაიას უთხრა და მანაც სასტარტოში არ დამაყენა. შეცვლაზე შევედი ხორვატიასთან.
- კონფლიქტი კი მეორე დღეს, თბილისში ვარჯიშზე მოხდა...
- ქეცბაიამ ისეთი სიტყვები მითხრა, ქუჩაშიც არ გამიგია. ვარჯიშზე ორკარა გვქონდა და ისინი ვთამაშობდით, რომლებსაც ხორვატიასთან 90 წუთი არ გვითამაშია. ვიღაც ან ვერ გაიქცევა სწრაფად, ან ცოტა დაღლილი იქნება... ხომ გეუბნებით, ისეთი სიტყვები მითხრა ამ ორკარას დროს, რომ ქუჩაშიც არ გამიგია. ვარ მას შემდეგ ნაკრების გარეშე, არადა, ამბიციური ვარ. რატომაც არა, მეც მინდა ნაკრებში თამაში და ვფიქრობ, ვიმსახურებ კიდეც. თუმცა, ქეცბაია პირადულ ინტერესს უფრო წინ აყენებს, ვიდრე გუნდურს. როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტი, როცა ქეცბაიას ყოველთვის მართალი ჰგონია საკუთარი თავი, ტელევიზიებში ნერვიულობაშია და წინადადებებს “ტო”-ებს აყოლებს. სადაც და როცა უნდათ, მაშინ დავუჯდები პირისპირ გინდ, ფიფიას და გინდ, ქეცბაიას!
ილია ნანობაშვილი









