ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ, რომელიც ისრაელთან თამაშის წინ ნაკრებიდან დაითხოვეს და შეკრებაზე არც ხორვატებთან მატჩისთვის გამოიძახეს, ინტერნეტ-გამოცემა sportbox-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაია სწორ გზას ადგას.
- “ვოლგამ” სეზონი წარმატებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ საგოლე მომენტების რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ქულების მოპოვებაც გაუძნელდა. ბოლოს, აპრილში “როსტოვი” დაამარცხეთ. რა სჭირს გუნდს?
- ამის ახსნა ძნელია. ამჟამად, გუნდი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში დაეშვა, მაგრამ ეს გამოსწორებადია. კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ რაღაც აუხსნელი მოხდა. ცალსახაა, რომ ცუდ მდგომარეობაში ვართ, ისეთში არა, როგორშიც უნდა ვიყოთ. ფეხბურთელებს ეს გვესმის, ამიტომაც თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ, რათა დაშვებული შეცდომები არ გავიმეოროთ. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.
- შექმნილ ვითარებაზე ომარ თეთრაძე როგორ რეაგირებს? ცნობილია, რომ ის იმპულსური მწვრთნელია...
- ვერ ვიტყვი, რომ ის ძალიან ემოციურია. თუმცა, ესმის, რომ გუნდი პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და ბევრ ფეხბურთელს ასეთ დონეზე არ უთამაშია. ამიტომ, მწვრთნელი ადაპტაციისთვის დროს გვაძლევს.
- ფიქრობთ, რომ ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი პრემიერლიგას არ შეჩვევია?
- დიახ, ასეა. ჩვენთან არიან ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში პრემიერლიგაში არ უთამაშიათ. თუმცა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ “ვოლგა” რომელიმე გუნდს სრულად დაეჩაგროს. ერთი გოლის სხვაობით ვმარცხდებოდით და შემთხვევით გოლებს ვუშვებდით. ვერ ვიტყვი, რომ გუნდი ცუდად თამაშობს. უბრალოდ, ბურთს მეტოქის კარში შესვლა არ უნდა.
- წაგების შემდეგ, ზოგიერთი მწვრთნელი გასახდელში ყვირის, ზოგი კი, ფეხბურთელებს შეცდომებზე წყნარად მიუთითებს. თეთრაძე რომელ კატეგორიას განეკუთვნება?
- ჩვენი მწვრთნელი არასოდეს ყვირის. პირიქით, ცდილობს ყველანაირად გაგვამხნევოს.
- ერთხელ თეთრაძემ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებთან მიმართებაში “მათრახისა და თაფლაკვერის” პრინციპს იყენებს, არსებული ვითარებიდან და ადამიანიდან გამომდინარე. ამ მეთოდებიდან თქვენთვის ყველაზე მისაღები რომელია?
- შენიშვნები მეც მიმიღია, როდესაც რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. შეცდომა შესაძლოა ნებისმიერ ფეხბურთელს მოუვიდეს. თუმცა, რადგან მწვრთნელმა თქვა, მის სიტყვებს პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ.
- თქვენი ტემპერამენტის გათვალისწინებით, შენიშვნებზე მშვიდად რეაგირებთ?
- დიახ, მომენტებში ემოციური ვარ, მაგრამ საერთოდ მშვიდი ადამიანი გახლავართ. უბრალოდ, ჭორებია გავრცელებული, რომ ლამის გიჟი ვარ. სინამდვილეში, კრიტიკას მშვიდად აღვიქვამ.
- პრემიერლიგის ორი წრის მიხედვით, რომელი ადგილი დაგაკმაყოფილებთ?
- პირველ რვა გუნდს შორის. სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში ადგილის დაკავების შემთხვევაში, ჩვენთვის მესამე წრეში ჩემპიონატი უინტერესო იქნება, ხოლო პირიქით თუ მოხდება – საინტერესო. საერთოდ, ჩემი ოცნება პირველ ხუთეულში მოხვედრაა.
- სეზონის წინ “ვოლგას” წინადადებაზე დიდი ხანი ფიქრობდით თუ მაშინვე დათანხმდით? პრემიერლიგის დებიუტანტმა რით მიგიზიდათ?
- ნალჩიკში დიდი ხანი ვთამაშობდი და ახალი წინადადებით რომ მოემართათ, შესაძლოა, იქ დავრჩენილიყავი. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ კლუბში ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდათ, ხოლო როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ნალჩიკური კლუბის ხელმძღვანელობამ ამ ნაბიჯის გადადგმა დააყოვნა. ამიტომ, როდესაც “ვოლგას” შეთავაზება მივიღე, მაშინვე დავთანხმდი.
- ეს სეზონი ძალიან ხანგრძლივი იქნება. წელიწადნახევრის განმავლობაში სათამაშო ფორმის შენარჩუნებას როგორ აპირებთ?
- საერთოდ, მიმაჩნია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი თვითონ უნდა მოამზადოს. ხინკალს ნამდვილად შევჭამ, მეხმარება.
- თავის დროზე, თქვენს მიმართ ინტერესს შოტლანდიური “ჰართსი” და ორი თურქული კლუბი იჩენდა. არ ნანობთ, რომ ევროპაში თამაში არ მოგიწიათ?
- ვცდილობ, შემდეგი წესით ვიცხოვრო – რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მასწავლეს. ყველაზე საინტერესოა, რომ მაშინ, “ჰართსთან” კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ მივიღე. რა თქმა უნდა, გული ძალიან დამწყდა. რაც შეეხება თურქულ კლუბებს, სიმართლე რომ ითქვას, ამ შემთხვევაში ასპროცენტიანი ვარინტები არ ყოფილა. ცხადია, რომელიმე ევროპულ კლუბში თამაში მსურს, მაგრამ ჯერ ამის შესაძლებლობა არ მაქვს.
- 2009 წელს ნალჩიკის “სპარტაკიდან” გროზნოს “ტერეკში” რატომ გაგანათხოვრეს? გროზნოში გატარებულ პერიოდს როგორ იხსენებთ?
- თითოეულ ფეხბურთელს თამაში სურს. ერთხელ იური კრასნოჟანმა გადაწყვიტა, რომ იჯარით გავეშვი, რაშიც აბსოლუტურად დავეთანხმე. “ტერეკში” თამაშის შემდეგ, ნალჩიკში დავბრუნდი და 2010 წელს თითქმის მთელი სეზონი ძირითად შემადგენლობაში გავატარე. მიმაჩნია, რომ მაშინ იჯარით სხვა გუნდში წასვლა მხოლოდ წამადგა. გროზნოზე მხოლოდ კარგი მოგონებები დამრჩა. ბევრი ფიქრობს, რომ იქ ცხოვრება სახიფათოა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ჩეჩნეთში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ამ რესპუბლიკაში ფეხბურთის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მოთამაშეები იქ თავს საკმაოდ მშვიდად გრძნობენ.
- დღეს “ტერეკს” სახელგანთქმული რუუდ გულიტი წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით თამაში არ გსურთ?
- ჩემი სურვილია არა გულიტის ხელმძღვანელობით ვითამაშო, არამედ კარგ მწვრთნელთან ვიმუშაო, რომელიც შედეგს აღწევს და საკუთარი პროფესია იცის. ცხადია, “ტერეკის” თავკაცი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა, მაგრამ რუსეთში გულიტზე უკეთესი მწვრთნელებიც არიან.
- გასულ ტურში, ყოფილი გუნდის, ნალჩიკის “სპარტაკის” წინააღმდეგ ითამაშეთ. იმ მატჩში რაიმე განსხვავებული შეგრძნებები გქონდათ?
- ისეთივე ემოცია მქონდა, როგორიც სხვა გუნდებთან თამაშის დროს. თუმცა, სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ “სპარტაკის” გულშემატკივრები თბილად შემხვდნენ და ყვიროდნენ: “გოგუა, დაბრუნდი!” “სპარტაკში” და ყაბარდო-ბალყარეთში ძალიან მაფასებენ. ამიტომ, მათთვის რაიმეს დამტკიცება არ მჭირდება.
- ნალჩიკში ისეთივე ტემპერამენტიანი გულშემატკივრები არიან, როგორიც საქართველოში?
- ფეხბურთი საქართველოშიც ძალიან უყვართ. შიდა ჩემპიონატის დონე რუსეთისას არ შეედრება, მაგრამ როდესაც ნაკრები თამაშობს, სტადიონი ყოველთვის სავსეა. კარგი ფეხბურთელები გვყავს.
- ივნისში საქართველოს ნაკრები სტუმრად ხორვატიას უნდა შეხვდეს. საკუთარ მოედანზე მეტოქე 1:0 დაამარცხეთ. საპასუხო მატჩისგან რას ელით?
- ხორვატებს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავთ. თუმცა, თამაში ყველასთან შეიძლება.
- რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს ერთ ჯგუფში მოხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ?
- არასწორია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ცუდი ურთიერთობაა. საქართველოში ბევრი რუსი ცხოვრობს და მათ იქ აფასებენ. ასევე, რუსეთშიც ბევრი ქართველია, რომელთაც პატივისცემით ეპყრობიან. ხალხისა და პოლიტიკის ერმანეთში არევა არ შეიძლება. იყო დრო, როდესაც ყველა ერთად ვცხოვრობდით, ვმუშაობდით, ვისვენებდით, ვცეკვავდით. ჩემი ოცნებაა, ისე ვიცხოვროთ, როგორც ადრე, რომ პოლიტიკისგან არავინ ზარალდებოდეს.
- საქართველოს ეროვნულ გუნდში 2005 წლიდან თამაშობთ. განვლილ პერიოდში იქ რამდენიმე მწვრთნელი შეიცვალა. შეგიძლიათ თქვათ, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით გუნდმა მართლაც მოუმატა?
- ვინც რა უნდა თქვას ქეცბაიაზე, ამას ვერსად გავექცევით. მწვრთნელი ნაჩვენები შედეგით ფასდება. დღესდღეობით, მას საუკეთესო შედეგი აქვს. ადრე კარგი იყო, თუ ერთ თამაშს მოვიგებდით, შემდეგ ათს ვაგებდით. ახლა პირიქითაა. ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი სწორ გზას ადგას.
- რა არის თქვენთვის ყველაზე დადებითი მომენტი რუსეთის ჩემპიონატში?
- რუსეთში ფეხბურთელის შრომას აფასებენ და კარგ ფულს უხდიან. ვარჯიშსა და თამაშში ფეხბურთელი ღირსეულ ხელფასს იღებს. ამიტომ, ჩემპიონატის დონე იწევს და მაღალი კლასის ოსტატები ჩამოდიან.
- მოედანზე ძალიან ემოციური ხართ და ზოგჯერ - ფეთქებადიც. ეს ხელს არ გიშლით?
- ზოგჯერ მიშლის, ზოგჯერ – პირიქით, მეხმარება. ჩემს მიმართ ჩადენილ არასწორ ქმედებასა და უსაფუძვლოდ ნათქვამ სიტყვებს მდგომარეობიდან გამოვყავარ. იგივე მემართება გამუდმებული კრიტიკის გამო.
- სტადიონის გარეთაც ასეთი ემოციური ხართ?
- დიახ, როდესაც ვაგებ და ამაში მადანაშაულებენ. ისე კი, მშვიდი ადამიანი ვარ, დამიჯერეთ.
- თქვენი საფეხბურთო ოცნება?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონობა.
- თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია – კლუბთან ერთად რომელიმე ტიტულის მოგება თუ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრა?
- ძალიან რთული კითხვაა. ცხადია, ერთიც და მეორეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკრების წარმატება - უფრო მეტად. ჩვენი ეროვნული გუნდი ჯგუფიდან უფრო ხშირად რომ გადიოდეს და მაღალ შედეგს აღწევდეს, შესაძლოა, სხვაგვარად მეპასუხა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









