ბოლო სეზონები
ოკლენდური კლუბი თითქოს გაურბოდა რეალობას და ჯიუტად ცდილობდა მონტა ელისის ირგვლივ აეწყო კონკურენტუნარიანი გუნდი, ამასთან ერთად თავიდან იშორებდა ყველა იმ მოთამაშეს, რომლებიც თავისი ქმედებებით თითქოს „ზღუდავდნენ“ გუნდის ლიდერს და არ აძლევდნენ მის ნიჭს ბოლომდე გამოვლინების საშუალებას. საბოლოოდ ცუდი შედეგები ხან ტრავმებს ბრალდებოდა, ხან კი კლუბში არსებული კონტიგენტის ახალგაზრდულ ასაკს და გამოუცდელობას. როცა მონტა ელისის ასაკმა ოცდაექვსს მიაღწია, ჯერი ვესტმა მწვრთნელთა საბჭოსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალათ აღებული კურსი და შელეოდნენ მას. გუნდის მთავარი ვარსკვლავი გაიცვალა ტრავმებისადმი მიდრეკილ, თუმცა ნბა-ს ერთ–ერთ საკმაოდ ძლიერ ცენტრ ავსტრალიელ ენდრიუ ბოგუტზე. ოქროს შტატში ახალი ერა დაიწყო.
მთავარი მწვრთნელი: მარკ ჯექსონი
2011 წელს სატელევიზიო კომენტატორის მაგიდიდან პირდაპირ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რასაც ბევრი საკალათბურთო ექსპერტი ძალზე პესიმისტურად შეხვდა. მარკმა პირველივე პრესკონფერენციაზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა, დაპირდა რა გულშემატკივარს, რომ გუნდი პლეი ოფში აუცილებლად გააღწევდა, თუმცა სიტყვა ვერ შეასრულა. იგი გუნდში რევოლუციური იდეებით მოვიდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ბოლომდე ამოეძირკვა დონ ნელსონის შექმნილი შემტევი გუნდის მექანიზმი. ბოლო სეზონებისგან განსხვავებით, გუნდმა დაცვაში თამაშს აშკარად მოუმატა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მთავარი მწვრთნელის მოქმედებებში შეინიშნება ნაკლოვანებებიც: გადამწყვეტ მომენტებში არ ყოფნის გამოცდილება თამამი გადაწყვეტილებით კორექტირება შეიტანოს მატჩში და გაიმარჯვოს, ხშირად აგვიანებს პაუზების აღებას თამაშის მიმდინარეობისას. ჯექსონი ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია, რაც მიგვანიშნებს, რომ მომავალ სეზონშიც მოსალოდნელია ტაქტიკური შეცდომები, თან თუ გავითვალისწინებთ, როგორი კონკურენციაა საპლეიოფო ადგილებისათვის დასავლეთ კონფერენციაში, შეიძლება მწვრთნელის ფაქტორი გადამწყვეტიც გამოდგეს.
ახალი იმედი: ენდრიუ ბოგუტი
ბოლო სეზონების განმავლობაში ავსტრალიელი ცენტრის სერიოზულმა ტრავმებმა საბოლოოდ ხაზი გადაუსვა მის ყოფილ კლუბ „მილუოკის“ მიზნებს რაიმე ღირებულს მიეღწია აღმოსავლეთ კონფერენციაში. “გოლდენ სტეიტში“ მასზე დიდ იმედებს ამყარებს ხელმძღვანელობა, რადგან იგი მთლიანად დომინირებს სამწამიან ზონაში, ძალიან ძლიერია დაფარებებსა და მოხსნებში. შეტევაში გაჭირვებით, თუმცა მაინც სტაბილურად აგროვებს ქულებს, საჯარიმო ტყორცნების გამოყენების პროცენტული მაჩენებელი კი საკმაოდ დაბალი აქვს, ამდენი ტრავმის შედეგად, ბოგუტის სისწრაფე ნელ-ნელა იკლებს, შესაბამისად დაიკლებს აგრესია შეტევაშიც. ენდრიუს აუცილებლად დასჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა კვლავ დაიბრუნოს ძველი კონდიციები და კვლავ გაიბრწყინოს ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში, ამისათვის კი მინიმუმ ერთი უტრავმო სეზონია საჭირო.
http://www.youtube.com/watch?v=4a82Cf-netc
მთავარი ვარსკვლავი: სტივ კარი
მონტა ელისის გასხვისების შემდეგ, გუნდში მთავარი ვარსკვლავის სტატუსი სტივ კარიმ მიიღო. წინა სეზონებისგან განსხვავებით ახალგაზრდა გამთამაშებელს მიეცემა განუსაზღვრელი თავისუფლება მოედანზე, შესაბამისად გაცილებით მეტი პასუხისმგებლობაც დაეკისრება შედეგებზე. მას საკალათბურთო სამყარო იცნობს როგორც ძალიან ჭკვიან პირველ ნომერს, რომელსაც ძალუძს როგორც გუნდელების კარგი პასებით მომარაგება, ასევე შეტევების ინდივიდუალურად დაგვირგვინება, მაგრამ მთავარია ეს ორი ასპექტი ისე შეუთავსოს ერთმანეთს, რომ გუნდის ინტერესები არ დაზიანდეს. კარი სტაბილურია შორეული და საშუალო დისტანციებიდან ტყორცნებში, არ ერიდება დრიბლინგის ხარჯზე 3 წამიან ზონაში შესვლას, გამოირჩევა ერთი-ერთზე დაცვაში თამაშით, თუმცა პრობლემატური რჩება ძალზე ხისტი ფოლები, რომელთა შესრულების შემდეგაც აძლევენ არასპორტულ ჯარიმებს. “გოლდენ სტეიტისათვის“ ერთ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება სტივ კარის შეთამაშება ენდრიუ ბოგუტთან.
http://www.youtube.com/watch?v=gTfsP6zhIhM
მეხუთე ბორბალი: ანდრის ბიედრინში
სიზარმაცე, ალკოჰოლის ზედმეტი სიყვარული და უდისციპლინობა სამი რამ რაც ამ მართლაც ნიჭიერ ლატვიელ სპორტსმენს ბოლო წლებში ხელი შეუშალა რაიმე ღირებული შეექმნა საკალათბურთო მოედანზე. თუმცა მიუხედავად ამისა, მარკ ჯექსონი ბოლო შანსს აძლევს ბალტიისპირელ მაღალს, რათა კვლავ წარმოაჩინოს დადებითი მხარეები. წინა სეზონის სასტარტო მატჩში მან 10 ქულა დააგროვა და გულშემატკივრებს იმედი ჩაესახათ, თუმცა ეს დარჩა მის საუკეთესო მაჩვენებლად მთელი რეგულარულის განმავლობაში. ერთხელ 8 ქულა დააგროვა და რამდენიმეჯერ 6 ქულიან ზღვარსაც უწია. არადა სამი წლის წინ 62 მილიონიანი კონტრაქტი გამოიმუშავა კლუბისაგან, გახლდათ რა გუნდის ერთ ერთი ლიდერი და თითქმის ყველა მატჩში ორმაგ დუბლს ასრულებდა (2008–09 წლების სეზონში მისი სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა საშუალოდ მატჩში 11,9 ქულა, 11,2 მოხსნა 2 შედეგიანი გადაცემა). “გამოფხიზლების” შემთხვევაში ფასდაუდებელი დახმარება შეუძლია გაუწიოს საკუთარ გუნდს ფარქვეშ, მითუმეტეს ძირითადი ცენტრი ენდრიუ ბოგუტი სეზონის სტარტს ტრავმის გამო ტოვებს. 2009 წლიდან მოყოლებული შესრულებული 65 საჯარიმო ტყორცნიდან გამოყენებული აქვს მხოლოდ 15.
http://www.youtube.com/watch?v=rXYe1NtPrJ4
X ფაქტორი: ჰარისონ ბარნსი
ბარნსი გუნდში კომფორტულად იგრძნობს თავს, ვინაიდან “გოლდენ სტეიტში” მისგან არავინ მოითხოვს მვპ_ის დონემდე გაზრდას, ან ყველა თამაშში 20 ქულიანი ზღვრის გადალახვას, ჰარისონმა უბრალოდ უნდა მიიღოს ხოლმე თამაშის დროს სწორი გადაწყვეტილებები, შეეცადოს იყოს ეფექტური ტყორცნების დროს და მაქსიმალურად ხშირად გაიხსნას – შესთავაზოს პარტნიორებს საკუთარი თავი. გუნდში არსებულ კონტიგენტთან ყოველდღიური ვარჯიში მისცემს წინსვლის და განვითარების საშუალებას. სტივ კარის სახით ჰყავს ძალიან კარგი პასებით მომმარაგებელი, ხოლო მძიმე ფორვარდ დავიდ ლისთან არ უნდა გაუჭირდეს შეთამაშება პიკ ენ როლებზე. ასევე ძალზე წაადგება ვეტერან და უგამოცდილეს რიჩარდ ჯეფერსონთან კონკურენცია. გუნდის მფლობელი ჯო ლეიკობი დრაფტის შემდეგ ვერ მალავდა კმაყოფილებას ბარნსის აყვანასთან დაკავშირებით. ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ოკლენდელებს ყველანაირი სირთულის გარეშე ერგოთ მაღალი კლასის მსუბუქი ფორვარდი.
http://www.youtube.com/watch?v=38qcoJipA2A
სასტარტო ხუთეული: სტივ კარი, კლეი ტომპსონი, ჰარისონ ბარნსი, დავიდ ლი, ანდრე ბოგუტი
გუნდის სტატისტიკური ლიდერები 2012–13 წლების სეზონის წინ საშუალოდ მატჩში
ქულები: კარი – 18,2
მოხსნები: ბოგუტი – 10,3
გადაცემები: კარი – 6,2
ჩაჭრები: კარი – 1,5
ბლოკშოტები: ბოგუტი – 2,2
დაკარგვები: კარი – 2,9
დასკვნა: ჯარეტ ჯეკისა და კარლ ლენდრის დამატებით, ასევე ბრენდონ რაშის შენარჩუნებით “გოლდენ სტეიტმა” საბოოლოდ დააკომპლექტა გუნდი. ბოლო სეზონებისგან განსხვავებით, გუნდის სათადარიგოთა სკამიც საკმაოდ მოძლიერდა. ჯეკი კარგად გამოიყურებოდა “ნიუ ორლეანში” და ხშირად წარმატებით იღებდა გუნდში ლიდერის ფუნქციებს – სტივ კარის ღირსეულად შეცვლის თამაშის მიმდინარეობისას და მისცემს დასვენების საშუალებას. ლენდრი გაცილებით ეფექტურია როცა სათადარიგოთა სკამიდან ერთვება თამაშში, თუ დავამატებთ მათ რიჩარდ ჯეფერსონს –მივიღებთ სათადარიგოთა სკამის ერთ ერთ ყველაზე მრისხანე სამეულს. ოკლენდურ კლუბს წლეულს ნამდვილად ძალუძს გადალახოს საწყისი ბარიერი და შევიდეს პლეი ოფში, ამისათვის კი დასჭირდება კარგი სტარტი სეზონის დასაწყისშივე, რადგან არაა ჯერჯერობით “გოლდენ სტეიტი” ის გუნდი რომელიც ფსიქოლოგიურ მარათონს მოიგებს და დიდ ჩამორჩენას აღმოფხვრავს რეგულარულის დასკვნით სტადიაში.
გიორგი ბარბაქაძე









