როდესაც 2007 წელს არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა მადრიდის “ატლეტიკოს” გოლი გაუტანა, მას ყველა იმედისმომცემ ფორვარდად თვლიდა, სადღეისოდ კი, “რეალის” პატაგონიელი თავდამსხმელი ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ითვლება. გუშინწინ ჩატარებული მადრიდული დერბის შემდეგ, იგუაინს პირენეული გამოცემა АВC დაუკავშირდა და მატჩისშემდგომი განწყობის გამოხატვა სთხოვა.
- მადრიდის “ატლეტიკოსთან” “რეალმა” ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. ერთადერთი, გული რაზეც შეიძლება დაგწყდეთ ისაა, გოლი რომ ვერ გაიტანეთ...
- მთავარი, პრინციპული მადრიდული დერბის მოგება, 3 ქულის აღება და პრიმერა დივიზიონში სალიდერო პოზიციის შენარჩუნებაა, გოლის გატანას რაც შეეხება, 1:0-ზე, ცოტა დამაკლდა, რათა “სანტიაგო ბერნაბუეს” ტაბლოზე ჩემი გვარიც აკიაფებულიყო, მაგრამ “ატლეტიკოს” მეკარე დე ხეამ, ჩემი დარტყმა გააუვნებელყო.
- ამის მიუხედავად, თანა¬ქალაქელ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებისას, საამო მოსაგონარი მაინც გაქვთ – პრიმერა დივიზიონში პირველი გოლი, სწორედ “ატლეტიკოს” გაუტანეთ...
- ძალიან კარგად მახსოვს ის მატჩი. “ვისენტე კალდერონზე” ვმარცხდებოდით, “რეალმა” კი ქულა ჩემი ზუსტი დარტყმის შედეგად გადაარჩინა. ასეთ ფანტასტიკურ დებიუტზე, ვერც კი ვიოცნებებდი. საერთოდაც, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაში გამომდის. ამ სერიის გაგრძელებად, ბოლო დაპირისპირებასაც მივიჩნევ.
- როგორ შეაფასებდით მეტოქის თამაშს? “ატლეტიკოს” საშემადგენლო პრობლემებმა, მოგება გაგიადვილათ?
- მიუხედავად იმისა, მათ წამყვანი ცენტრალური მცველები გოდინი და პერეა რომ აკლდათ, ჩვენს გამარჯვებას იოლს მაინც ვერ დავარქმევდი. “ატლეტიკოს” მწვრთნელმა სათანადო გადაადგილებები მოახდინა და მეტოქემაც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.
- “ატლეტიკოსთან” მატჩის წინ, ხორხე ვალდანო ამბობდა, რომ მიმდინარე სეზონში, “რეალი” პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დადგებოდა...
- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ოფიციალური მატჩი ჩვენთვის იოლი გასეირნება იყო. უფრო, პირიქითაა. სინიორ ხორხე, ეტყობა, მადრიდულ დერბის გულისხმობდა, თორემ პირველი სერიოზული საამსეზონო გამოცდა “მილანთან” გვქონდა. “ატლეტიკოსთან” შეხვედრასაც, უფრო რთულად ვერ მივიჩნევ, ვიდრე პრიმერას ნებისმიერ გუნდთან შეხლა-შემოხლას.
- მიმდინარე სეზონში, 5 გოლი საშინაო ჩემპიონატში გაიტანეთ, 2 – ჩემპიონთა ლიგის პაექრობებში. მაღალ შედეგიანობაში ხელს გუნდის ახალწვეულები, ანხელ დი მარია და მესუთ იოზილი გიწყობენ?
- ასეა. არგენტინელმა და გერმანელმა მშვენივრად იციან პოზიციური თამაში, მინდორზე სივრცეს მითავისუფლებენ, ამასთან ბოლო, საგოლე პასის შესრულებაც მშვენივრად ხელეწიფებათ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, კიდევ უფრო უკეთ შევთამაშდებით და “რეალის” შედეგიანობაც კიდევ უფრო მოიმატებს.
- ზოგიერთი ჟურნალისტისა და სპეციალისტის აზრით, თქვენ და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს ვერ უგებთ და მეტიც – პასებსაც არ აწვდით ერთურთს...
- როდესაც ამას გაზეთის ფურცლებზე ვკითხულობ, გულიანად მეცინება. გასულ წელს “რეალმა” ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და როგორ გგონიათ, ეს მოხერხდებოდა, მე და კრიშტიანუს ცუდი დამოკიდებულება რომ გვქონდეს? ამასთან, ორივემ ბურთები ერთმანეთის პასებითაც ბლომად გავიტანეთ. ამის შემდეგ, ვინმეს როგორ უბრუნდება ენა და ამტკიცებს, იგუაინი და რონალდუ ერთმანეთთან უბრად არიანო!
- ეთანხმებით იმ აზრს, რომ წელს, ჩემპიონობისთვის, მხოლოდ “რეალი” და “ბარსელონა” იბრძოლებენ?
- არავისთვისაა საიდუმლო, პრიმერა დივიზიონს 2 ფავორიტი რომ ჰყავს – “რეალი” და “ბარსელონა”. სადღეისოდ, კატალონიელები მაქსიმალურ დონეზე არიან ასულები. “ბარსა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ისევე, როგორც “რეალი”.
- “ბარსელონას” შექებაში ორიგინალური ნამდვილად არ ხართ. თუმცა, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, გვარდიოლას გუნდს, შედარებით მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს...
- საკამათო თემაა... ისე კი, როცა “ბარსელონამ” ერთი წლის განმავლობაში 6 თასი მოიგო, ანალოგიური სათადარიგოთა სკამი ჰქონდა. გვარდიოლას ფეხბურთელთაგან, ბევრმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ისინი ფორმის პიკზე გასულ ზაფხულს იყვნენ და დაღმასვლა გარდაუვალია, მაგრამ არ მგონია, ამან სერიოზული და ხანგრძლივი ხასიათი მიიღოს. “ბარსელონას” ჩავარდნილი მატჩების იმედად, ნამდვილად ვერ ვიქნებით, ამიტომ ყველა შეხვედრის მოსაგებად ზრუნვა გვმართებს.
- დღევანდელი “რეალი”, გასული სეზონის გუნდისგან რით განსხვავდება?
- გუნდი უფრო საიმედოდ თამაშობს. მოკლე პასების შედეგად, უკეთ ვათამაშებთ ბურთს, თავს უფრო საიმედოდ ვიცავთ, რის გამოც, ჩვენს კართან, მოწინააღმდეგეს სახიფათო მომენტის შექმნა სულ უფრო და უფრო უჭირს. ამასთან, ვერც იმას ვიტყოდი, შარშან სუსტად რომ გამოვიყურებოდით. ბოლოს და ბოლოს, პრიმერაში 96 ქულა დავაგროვეთ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









