დრო იყო, გრიგოლ დოლიძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა და ეროვნულ ნაკრებშიც იძახებდნენ, მაგრამ გახშირებულმა ტრავმებმა საკმაო ხანი გააცდევინა. 28 წლის მარჯვენა ნახევარმცველი ქუთაისის “ტორპედოში” იბრუნებს პოზიციებს და ამ სეზონში უკეთ ათამაშდა, ოთხშაბათს კი, ნანატრი გოლიც გაიტანა – თანაც, როგორ მატჩში...“ქართულ კლასიკოში” ქუთათურებმა თბილისის “დინამოს” 2:1 სძლიეს, დოლიძეს კი მე-10 წუთისთვის გოლი და საგოლე პასი ჰქონდა აქტივში.
ახლა კი, “მსოფლიო სპორტის” ინტერვიუ დოლიძესთან:
- ჯერ “დინამოსთან” მატჩის შეფასებას გთხოვთ.
- “ტორპედოსთვის” ეს მატჩი ფინალი იყო. რას ნიშნავს ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის “დინამოსთან” მოგება, ამაზე აღარ მოვყვები.თავი დავდეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ.
- თავიდანვე შეტევაზე გადასვლა, მწვრთნელის დავალება იყო, თუ უბრალოდ, თამაშის სცენარმა მოიტანა?
- მწვრთნელის დავალება იყო. “დინამოს” ნახევარზე უნდა გვეთამაშა და რაც შეიძლება, წნეხში მოგვექცია მეტოქე. 10 წუთში უკვე 2:0 იყო, რასაც დინამოელები არ ელოდნენ. ჩვენ კი, თავიდანვე ჩაფიქრებული გვქონდა, რომ ძალიან აქტიურად უნდა დაგვეწყო.
- გოლი და საგოლე პასი: არადა, როგორც ვიცით, ეს თქვენი პირველი გოლია “ტორპედოს” მაისურით. ვგულისხმობ ოფიციალურ შეხვედრებს.
- დიახ, პირველია და თანაც, “დინამოსთან”. ამაზე უკეთეს სადებიუტო გოლს ვერ ვინატრებდი.
- “დინამოსთან” ადრეც გაგიტანიათ...
- ერთხელ. “ამერში” ვთამაშობდი და თასზე გავიტანე. ანგარიში გავხსენი, მერე 1:1 გახდა და ბოლო წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ შეაგდო გადამწყვეტი გოლი. მახსოვს, “დინამოს” კარში გიორგი ლორია იდგა. ის ბარიერი გადავლახეთ და მერე თასიც მოვიგეთ.
- “ამერი” ახსენეთ და რაც იქიდან წახვედით, ტრავმებმა გაგაწვალათ. როგორ თვლით, მხოლოდ ტრავმების ბრალია, თუ თქვენც დააკელით რამე?
- ალბათ, მეც დავაკელი, მაგრამ ტრავმებს უფრო ვაბრალებ. არა და არ მეძლეოდა თამაშის საშუალება, ძალიან უიღბლო პერიოდი მქონდა. როცა მთელი წელიწადი გიცდება მძიმე ტრავმის გამო, მერე ძნელია ამოქაჩვა. მადლობა ღმერთს, “ტორპედოში” მენდნენ. ფორმა დაკარგული მქონდა და მაინც მიმიწვია ამბიციურმა კლუბმა. ღმერთს მადლობას ვუხდი.
- კიდევ ხომ არ გაქვთ ტრავმის შიში?
- არა, რაღა დროსია.
- “ტორპედოს” მიზანი რა არის ამ სეზონში?
- სამეულში შესვლა. ვფიქრობ, ეს შეგვიძლია. მართალია, სეზონის დასაწყისში ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა.
- ამ სეზონში “ზესტაფონსაც” შეხვდით და “დინამოსაც”. რომელი უფრო ძლიერად მიგაჩნიათ?
- დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებია. მიჭირს დასახელება.
- “ტორპედოში” ახალი მწვრთნელი მოდის – გია გეგუჩაძე. რას იტყვით ამ სპეციალისტზე?
- ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან გეგუჩაძესთან არასოდეს მიმუშავია. ისე კი, რა თქმა უნდა, შედეგებიდან ჩანს, რომ ძლიერი მწვრთნელია.
- ერთიც: საქართველოს ჩემპიონატის გამოცდილი ფეხბურთელი გეთქმით – როგორ შეადარებდით ახლანდელ დონეს, თუნდაც ხუთი წლის წინანდელს?
- ალბათ, მაინც ადრინდელი სჯობდა ოდნავ. ეს იმ პერიოდზე ვამბობ, როცა “სიონში” და “ამერში” ვთამაშობდი. მაშინ ოთხი-ხუთი გუნდი იყო თანაბარი დონის და ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ახლანდელი ჩემპიონატი ხუთი-ექვსი წლის წინანდელებს ვერ სჯობს...
- არადა, ევროტურნირებზე მაშინდელზე კარგად გამოდიან ქართული გუნდები.
- ეს ძალიან კარგია. წლეულს ძალიან გამიხარდა ჩვენების კარგი თამაში. ორ გუნდს თითო ეტაპი დააკლდა ჯგუფში შესვლამდე, მაგრამ იმედი მაქვს, გაისად ერთი ქართული გუნდი მაინც მოხვდება რომელიმე ტურნირის ჯგუფში.
ილია ნანობაშვილი









