ინტერვიუები

18:54 | 21.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ენუქიძე: “სეზონში 15 გოლს ვუმიზნებ”

19 წლის ქართველი ფორვარდი გურამ ენუქიძე ფრანგული “მარსელის” სარეზერვო გუნდში თამაშს განაგრძობს. გეცოდინებათ, 1993 წელს დაბადებული ქართველი შარშან აპრილში “კაენიდან” აიყვანა საფრანგეთის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა. ენუქიძე საქართველოშია დაბადებული, თუმცა ქართულ პასპორტს არ ფლობს. ნიჭიერი ფეხბურთელი რომაა, თქმა რად უნდა – “მარსელში” ყოველი მეორე როდი ხვდება...
ენუქიძესთან ინტერვიუ Footmercato-მ გამოაქვეყნა:
- რას გვეტყვით თქვენზე?
- 10 წლის ვიყავი, როცა საფრანგეთში ჩამოვედი. “კაენის” აკადემიაში ვთამაშობდი, შარშან კი “მარსელმა” მიმიწვია ერთკვირიან სტაჟირებაზე. გუნდში დამიტოვეს და კონტრაქტიც გავაფორმე.
- თქვენი თამაშის მანერაზე გვითხარით...
- თავდამსხმელი ვარ და გოლების გატანა მიყვარს. კომფორტულად ვარ, როცა მცველებსა და მეკარეს ვუტევ.
- მისაბაძი ფეხბურთელი თუ გყავთ?
- ქარიმ ბენზემა.
- “მარსელთან” კონტრაქტი როგორ გააფორმეთ?
- აქ შეიკ სუმარესა და ფრედერიკ ტომას დახმარებით მოვხვდი. ისინი ჩემს სანახავად იყვნენ “კაენის” მატჩზე. შემდეგ “მარსელში” წამომიყვანეს და აქ რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩავატარე, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შევძელი და კლუბმა კონტრაქტი გამიფორმა.
- “მარსელმა” რომ მიგიწვიათ, არ გაგიკვირდათ?
- მართლაც საკვირველი იყო. თავიდან არც ველოდი, კონტრაქტს თუ გამიფორმებდნენ. ყველაფერი ისე უცებ მოხდა... ნამდვილად არ ველოდი.
- ამხანაგური მატჩები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ჩაატარეთ?
- სულაც არა. დასაკარგი არაფერი მქონდა. “მარსელს” თუ მოვეწონებოდი, ამას რა აჯობებდა, თუ არადა, სხვა ადგილას წავიდოდი. დაინტერესება სხვა კლუბებიდანაც იყო. პირველად “მარსელმა” მიმიწვია და აი, აქ ვარ.
- “მარსელში” ყოფნა დიდი პატივია თქვენთვის?
- რა თქმა უნდა, აქ ბედნიერი ვარ.
- რამდენად რთული იყო პირველი ნაბიჯები ახალ კლუბში?
- მოსამზადებელი ეტაპი რთული იყო, რადგან ასეთ დატვირთვებს არ ვიყავი მიჩვეული: ყოველდღიური ვარჯიში, თანაც, დილა-საღამოს. სეზონისწინა ამხანაგურ მატჩებში გოლები გავიტანე – როგორც სარეზერვო გუნდში, ასევე 19-წლამდელებში. სექტემბერ-ოქტომბერში საშუალოდ ორ მატჩში ერთი ბურთი გამქონდა, ნოემბრის დასაწყისში კი, მუხლის ტრავმა მივიღე და ორი თვე ვმკურნალობდი. იანვარში ისევ დავიწყე თამაში.
- რა მიზნები გაქვთ მეორე წრეში?
- რაც შეიძლება ბევრი გოლის გატანა. 15 ბურთი უნდა შევაგდო. სწორედ ეს ვუთხარი ჩვენს მწვრთნელ ჟოზე ანიგოს.
ცნობისთვის, ჟოზე ანიგო “მარსელის” ძირითად გუნდს თავკაცობდა და საკმაოდ წარმატებულადაც. პროვანსელებმა სწორედ მისი მწვრთნელობისას მიაღწიეს უეფას თასის ფინალამდე (2004 წელს), სადაც “ვალენსიასთან” 0:2 წააგეს. იმ დროს ანიგოს გუნდში დიდიე დროგბა და ფაბიენ ბარტეზიც თამაშობდნენ.

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158366