განსხვავებული განწყობითY და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ ქობულეთში გამართულ შეხვედრას მეტოქენი. წინა ტურში ბოლნისელებმა ცხინვალის ,,სპარტაკს” უკანასკნელ წუთებზე სძლიეს, საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნეს და მეტოქეს ამაღლებული განწყობით ესტუმრნენ. რაც შეეხებათ ლანჩხუთელებს, მართალია გასულ ტურში მათაც იმარჯვეს, როცა სამტრედიაში მარტვილის ,,მერანი” კოშკაძის წყვილი გოლის წყალობით დაამარცხეს და მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ, მაგრამ გურულ ფეხბურთელებს მეტოქისგან განსხვავებით აშკარად საპირისპირო განწყობა ჰქონდათ. როგორც ცნობილი გახდა, ფეხბურთელებმა ფინანსური პრობლემების გამო ,,სიონთან” დაპირისპირებაზე უარი განაცხადეს და თავიანთი მოსაზრება ფეისბუქის გვერდზე განათავსეს. როგორც ,,მსოფლიო სპორტს” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ განუცხადა, კლუბს ფეხბურთელების დავალიანება მართლაც დაუგროვდა, თუმცა მატჩის დაწყებამდე მათ პრემიალური თანხის ნაწილი უკვე მიიღეს და მომდევნო შეხვედრებამდე დანარჩენის გასტუმრებასაც აპირებენ. პარალელურად, სპონსორის ძიებაში არიან, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა საბოლოოდ გამოსწორდეს.
ასე იყო თუ ისე შეხვედრა დანიშნულ დროს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ქობულეთში მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა. უხვად მოსულმა ნალექმა მოედანი დაამძიმა. ფეხბურთელებს სწრაფი მოძრაობა და ბურთის დამორჩილება უჭირდათ, ტექნიკური წუნიც მრავლად შეინიშნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და აქცენტი ორივე გუნდს ძალისმიერ ბრძოლაზე ჰქონდა გადატანილი.
მართალია შეხვედრა ლანჩხუთელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, მეტნაკლები ხიფათი სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას მოსდევდა, რომელსაც ძირითადად კოშკაძე ასრულებდა. Pპირველი საგოლე შანსიც ტაიმის შუაწელს გურულთა კაპიტანს მიეცა. კოშკაძე მარცხენა ფლანგზე თავის მეურვეს დაუსხლტდა და საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან ძლიერად გაისროლა. მერლანი გაჭირვებით მისწვდა ახლო კუთხეში დარტყმულ ბურთს და ხიფათი უვნებელყო, თუმცა დროებით, გურულთა მომდევნო შეტევა შედეგიანი გამოდგა. ,,მასპინძელთა” კომბინაციის შემდეგ ჯოხაძე მეტოქის საჯარიმოში ბურთიანად შეიჭრა და ქემოკლიძემ მისი შეჩერება მხოლოდ აკრძალული ილეთის ხარჯზე მოახერხა. Aარბიტრმა უყოყმანოდ გაიშვირა ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ. პენალტის შესრულება ჩიკვილაძემ ითავა დაAძლიერი ზუსტი დარტყმით ბოლნისელთა კარის ბადე შეარხია – 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებს ნერვიულობა დაეტყოთ და მალე გამოცდილი აბრამიძის შეცდომა ქვემო ქართლელებს კინაღამ ძვირად დაუჯდათ, თუმცა ამჯერად მერლანმა ივაჟკაცა და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა. იგრძნო რა დამარცხების საშიშროება ბოლნისელთა მწვრთნელმა ტაქტიკურ გადაადგილებას მიმართა. მანამდე ხუთი მცველით მოთამაშე გუნდი 4-2-3-1 სისტემაზე გადააწყო. უგრეხელიძე მარჯვენა მცველის პოზიციიდან მოხსნა და მას ადგილი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე მიუჩინა, ხოლო აფციაური მარცხნიდან შუაში შემოსწია და ბურთის უფრო მეტად გაკონტროლება დაავალა.
ბურდულს ტაქტიკურმა ცვლილებამ აშკარად გაუმართლა. ტაიმის დარჩენილი დრო ქვემო ქართლელთა უპირატესობით წარიმართა და რაც მთავარია მათთვის შედეგიანი გამოდგა.
სტუმრებმა გამთანაბრებელი გოლი მე-40 წუთზე გაიტანეს, თუმცა ამას გურულთა ფანების რისხვა მოჰყვა. საქმე შემდეგში გახლდათ. ლანჩხუთელთა ერთ-ერთი იერიშის დროს შალამბერიძე ბურთისთვის ბრძოლაში დაშავდა. გურულთა გულშემატკივრების მოთხოვნის მიუხედავად სტუმრებმა ბურთი არ გააჩერეს და კონტრშეტევა წამოიწყეს, რასაც საბოლოდ კუთხური მოჰყვა. აფციაურის მოწოდებულ სტანდარტულზე ყველაზე მარჯვე განუგრავა გამოდგა. იგი სხვებზე მაღლა ახტა და ზუსტი თავური დარტყმით ბობღიაშვილს საკუთარი კარის გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა – 1:1.
მიღწეულმა წარმატებამ ბოლნისელებს ფრთები შეასხათ. ტაიმის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე მათ სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს, რომლის დამამთავრებელ ფაზაში დიდებულად გაისარჯა აფციაური. მისი მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ კახელიშვილი საგოლე პოზიციაში აღმოჩნდა. ბოლნისელთა შემტევმა თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და ზუსტი დარტყმით თავისიანები წინ გაიყვანა – 1:2.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გურულებმა სახიფათოდ შეუტიეს და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ. ჯოხაძემ მარჯვენა ფლანგზე თავისი მეურვე ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან ძლიერად გაისროლა, თუმცა სიზუსტემ დააღალატა. ლანჩხუთელებს იერიშები არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ. გურულთა დამრიგებელმა წყვილ შეცვლას მიმართა და პრაქტიკულად მთელი გუნდი შეტევაში ჩართო, რაც კინაღამ მესამე გაშვებული გოლის ფასად დაუჯდათ.
მე-60 წუთზე მასპინძლებს ბოლნისელთა კონტრშეტევა გაეპარათ, რის შედეგადაც კახელიშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. ქვემოქართლელთა შემტევს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მან გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა და ბობღიაშვილს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი მისცა. განმეორებითი დარტყმა უკვე ნაუცფათევად შეასრულა და ბურთი კარს ააცილა.
შეხვედრის უკანასკნელი წუთები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. 78-ე წუთზე კოშკაძის ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ ისიანს ჰქონდა ყოფილი თანაგუნდელების დამწუხრების შანსი, მაგრამ მან ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთის კარში მოხვედრება ვერ მოახერხა.
. . . და მაინც შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გურულებს შეეძლოთ დამარცხებისთვის თავი დაეღწიათ. ლანჩხუთელთა კომბინაციის შემდეგ ისიანი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ საბოლოო დარტყმას დიდი დრო მოანდომა, ამასობაში მერლანმა კუთხის დაფარვა მოასწრო და თავისიანებს მომგებიანი ანგარიში შეუნარჩუნა.
გვანცელაძის საფინალო სასტვენმა ,,ჩელე არენაზე” გურულთა პირველი დამარცხება გვამცნო.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა.
რომან პოკორა (,,გურია’’): ,,მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, ხუთწუთიან მონაკვეთში ორი გოლი მივიღეთ და თამაშის შემობრუნება ვეღარ მოვახერხეთ. ბიჭების სასაყვედურო არაფერი მაქვს. ყველაფრის თქმა არ მინდა, თუმცა ასეთ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით, მეტის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.’’
ვლადიმერ ბურდული (,,სიონი”): ,,ვიცოდი რომ ძალიან ძნელი თამაში გველოდა, თანაც მთელი დღე წვიმდა და მოედანი დამძიმებული იყო. თავიდან ხუთი მცველით დავიწყეთ, მაგრამ ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ტაქტიკა შევცვალეთ და თამაში ოთხი მცველით და ხუთი ნახევარმცველით გავაგრძელეთ. ამან დადებითი შედეგი გამოიღო. ჩვენ გამოცდილი გუნდი გვყავს. ბიჭები ნელ-ნელა თავიან ოპტიმალურ ფორმას იბრუნებენ და მომავალს უფრო იმედიანად შევყურებთ.’’
,,გურია” (ლანჩხუთი) - ,,სიონი” (ბოლნისი) 1:2 (1:2)
30 ნოემბერი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 14:00 სთ. 500 მაყურებელი.
,,გურია”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (ტორონჯაძე 80), კილაძე (გაჩეჩილაძე 58), ჯოხაძე (შენგელია 58), კოშკაძე (კ), შალამბერიძე, ისიანი;
მთ. მწვრთნელი: რომან პოკორა;
,,სიონი ”: მერლანი, განუგრავა, აბრამიძე, სვანიძე (კ), იმედაშვილი, კახელიშვილი (ცხადაია 78), ქემოკლიძე, ლობჟანიძე, გოგობერიშვილი, აფციაური (ახალაია 68), უგრეხელიძე (სამხარაძე 46);
მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ბურდული;
გოლები: 1:0 ჩიკვილაძე (24 პ), 1:1 განუგრავა (40), 1:2 კახელიშვილი (44);
გაფრთხილება: გოგობერიშვილი (11), ჯოჯუა (44), შალამბერიძე (53), სამხარაძე (65), ლობჟანიძე (67);
არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე;
ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (53), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (59), 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი (86)
ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 0:0
სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 0:4 (0:1)
გოლი: 0:1 პატრიკ ვუო (3), 0:2 დავით კვირკველია (48), 0:3 ჩისკო (50), 0:4 დორინ გოგა (74)
დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0 (0:0)
გოლი: 1:0 მიხაილ გორელიშვილი (60), 2:0 ნიკოლოზ სადაღაშვილი, 3:0 გიორგი ქვილითაია (88)
ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ლევან შარიქაძე (9), 2:0 გიორგი ჭანკოტაძე (49), 2:1 გიორგი ჩირგაძე (69)
| 1 | დინამო (თბ) | 14 | 10 | 3 | 1 | 34:11 | 33 |
| 2 | ჩიხურა | 14 | 9 | 2 | 3 | 31:20 | 29 |
| 3 | გურია | 14 | 8 | 0 | 6 | 16:18 | 24 |
| 4 | დილა | 14 | 6 | 4 | 4 | 20:14 | 22 |
| 5 | მეტალურგი | 14 | 6 | 4 | 4 | 20:19 | 22 |
| 6 | ზესტაფონი | 14 | 6 | 3 | 5 | 16:11 | 19 |
| 7 | ტორპედო | 14 | 5 | 4 | 5 | 17:15 | 19 |
| 8 | სიონი | 14 | 5 | 4 | 5 | 18:18 | 19 |
| 9 | ვიტ ჯორჯია | 14 | 4 | 3 | 7 | 17:22 | 15 |
| 10 | მერანი | 14 | 4 | 1 | 9 | 13:28 | 13 |
| 11 | სპარტაკი | 14 | 3 | 1 | 10 | 11:23 | 10 |
| 12 | ზუგდიდი | 14 | 1 | 5 | 8 | 5:19 | 8 |
მეგოლეები:
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)
8 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - ჩისკო (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”)
3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
ვახტანგ დათიაშვილი ქობულეთიდან





