არასასურველი დროება უდგას ლანჩხუთის “გურიას”. მართალია, გუნდმა სასურველს მიაღწია - ეროვნული პირველობის ზედა ექვსეულში მოიპოვა თამაშის უფლება, მაგრამ ამ ეტაპზე გურულებს საქმე ისე ვერ მისდით, როგორც სურთ. ლანჩხუთელებს “მეტალურგთან” მატჩამდე ზედიზედ ოთხი პაექრობა ჰქონდათ წაგებული. განსაკუთრებით მძიმე იყო ბოლო მარცხი ზესტაფონთან, როდესაც გურულებმა შეხვედრა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში დათმეს და ისიც დასანანი ავტოგოლით. მართალია, ამ პაექრობაში მეტოქეს მათთან შედარებით კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ასეთი მარცხი მაინც დასანანია.
ქვემოქართლელებთან შეხვედრა ლანჩხუთელთა უპირატესობით დაიწყო. მატჩის დასაწყისში ძალიან აქტიურობდა მასპინძელთა შემტევი ისიანი, რომელიც მოწინააღმდეგის მცველებთან კონტაქტურ თამაშს არ გაურბოდა. ვილი ერთ მომენტში ხელსაყრელ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა, მაგრამ მეტოქის მცველთან ჭიდილში მან წონასწრობა დაკარგა და დარტყმა არ გამოუვიდა. ცოტა ხანში “გურიას” მეორე შემტევი კვერენჩხილაძე ურტყამდა თავით, მაგრამ ბედიაშვილმა იყოჩაღა და ბურთს კარში შესვლის საშუალება არ მისცა. ამას ცოტა ხანში სტუმართა სწრაფი იერიში მოჰყვა, რომელმაც შეტევის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ხიფათიც განიმუხტა.
სადებიუტო წუთების შემდეგ უპირატესობას ისევ ლანჩხუთელები ფლობდნენ. ორჯერ მეტოქის კარს დაემუქრა კვერენჩხილაძე, მაგრამ უშედეგოდ, ხოლო ისიანის თავურ დარტყმას სიზუსტე მცირედით დააკლდა. ნელნელა რუსთაველებმა მდგომარეობა გამოასწორეს, ტაიმის შუაგულში უპირატესობაც მოიპოვეს და მეტოქისაგან განსხვავებით ეს უპირატესობა გატანილ გოლებშიც ასახეს. 30-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდება სეთურიძემ გააკეთა გურულთა საჯარიმოში, რომელსაც ყველაზე დროულად საჯარიმოში მყოფი ჩირგაძე გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით “გურიას” კარის დარაჯს შანსი არ დაუტოვა - 0:1. აღმოსავლელებმა მეტოქეს გონს მოსვლის საშუალება არ მისცეს და ათი წუთის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხარეს გატანილი გოლით. რუსთაველთა შედეგიანი შეტევა ამჯერადაც მარჯვენა ფლანგიდან განხორციელდა, ოღონდ ბოლო გადაცემა მიქაბერიძემ გააკეთა, რომლის მცდელობა ჩინებულად დააფასა ჩიმაკაძემ და საკუთარი გუნდის უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა – 0:2.
მეორე ტაიმი მასპინძლებისათვის იმედიანად დაიწყო. ლანჩხუთელთა მონდომებამ შედეგი 58-ე წუთზე გამიღო, როდესაც ნიქაბაძის გადაცემის შემდეგ ვილი ისიანმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა – 1:2. ცოტა ხანში ქურდაძე ურტყამდა თავით მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით, მაგრამ მის მცდელობას სიზუსტე დააკლდა. 67-ე წუთზე “მეტალურგის” ფეხბურთელებმა ისევ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინეს. მათი რამდენიმესვლიანი კომბინაცია, რომელშიც გატანილი გოლის ავტორები, ჩიმაკაძე და ჩირგაძე მონაწილეობდნენ, მერაბ გიგაურმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 1:3.
ამის შემდეგ რუსთაველებს კიდევ მიეცათ რამდენიმე შანსი. კარგი მომენტი თავად შექმნა მიქაბერიძემ, რომელმაც რამდენიმე მცველი იოლად ჩამოიტოვა, თუმცა დარტყმა აღარ გამოუვიდა, ხოლო ჩიმაკაძეს შეეძლო მეორედ გამოეჩინა თავი პაექრობაში, მაგრამ მასაც სიზუსტემ უმტყუნა. თავის მხრივ გატანა მართებდა ლანჩხუთელთა მხრიდან ისიანსაც, მაგრამ ვილიმ დუბლის გაკეთება ვერ შეძლო არაზუსტი დარტყმის გამო.
აქვე ერთ ფაქტზეც გავამახვილებთ ყურადღებას - მე-40 წუთზე, როცა მეორე გოლი მიიღეს გურულებმა საკუთარ კარში, სტადიონზე შეკრებილებმა სტადიონი დატოვეს და მეორე ტაიმში “ევფრაფი შევარდნაძეზე” ძალიან ცოტა მაყურებელი დარჩა. ამ გამარჯვებით “მეტალურგმა” სატურნირო მდგომარეობა გაიმყარა, ხოლო გურულებმა ზედიზედ მეხუთე მარცხით, ფაქტიობრივად ზედა ექვსეულში სტატისტის როლი გაიფორმეს.
მილოვან მატიასევიჩი (“მეტალურგი”) – “მატჩის დებიუტში გაგვიჭირდა. ძნელია, ხელოვნური მოედნიდან ბუნებრივზე გადართვა. შემდეგ მდგომარეობა გამოვასწორეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ.”
რევაზ კუკულაძე (“გურია”) – “მატჩის დასაწყისში რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გავანიავეთ. შემდეგაც ვერ შევძელით მომენტების გამოყენება. მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო და თავისი შანსები გამოიყენა. ვეცდებით მომავალში გავახაროთ ქომაგები”.
“გურია” – “მეტალურგი” 1:3 (0:2)
12 აპრილი. 16:00. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”. 1000 მაყურებელი
“გურია”: გოგუაძე, ჩუენსუ, ქურდაძე, ნ. კილაძე, მეგრელიშვილი, კვირტია, შენგელია (გაგნიძე, 69), გაჩეჩილაძე (ტეიდი, 46), კუკულაძე (ნიქაბაძე, 55,) ისიანი, კვერენჩხილაძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე
“მეტალურგი”: ბედიაშვილი (სეფიაშვილი, 55), სეთურიძე, მახვილაძე, ვარლამ კილასონია, საჯაია, გიგაური, დობროვოლსკი, ქავთარაძე (ვასაძე, 69), მიქაბერიძე, ჩირგაძე (კაკაშვილი, 71), ჩიმაკაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გოლები: 0:1, ჩირგაძე (30) 0:2 ჩიმაკაძე (40), 1:2 ისიანი (58), 1:3 გიგაური (67).
გაფრთხილება:
არბიტრი: ლევან კვარაცხელია (თბილისი)
გიორგი წურწუმია ლანჩხუთიდან







