ალბათ, მადრიდის “რეალის” აღზრდილი ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, რომ კარიერა ამ კლუბში დაასრულოს, თუმცა, დროს და წლებს თავისი მიაქვს – ხოსე მარია გუტიერესის ადგილი “სამეფო კლუბში” აღარ გამოიძებნა და 33 წლის ნახევარმცველიც იძულებული გახდა, ყველაზე მიმზიდველ წინადადებას დაყაბულებოდა: თურქულ “ბეშიქთაშში” გადავიდა. გუტი ნაწყენი წავიდა მადრიდიდან, მე და რაული სხვაგვარ, უფრო ლამაზ გაცილებას ვიმსახურებდითო. ეს რამდენჯერმე აღნიშნა კიდეც კომენტარებში.
ამჯერად კი, ინტერვიუ გუტისთან, რომელიც el pais-მა გააკეთა. საინტერესო ისაა, რომ “სამეფო კლუბის” ყოფილი 14 ნომერი, ამ ინტერვიუში ირწმუნება, რომ მადრიდიდან ჩემი ნებით წავედიო.
- სტამბოლში რამ გაგაკვირვათ?
- ძალიან თბილად მიმიღეს. ხალხი სალმიანი და კეთილმოსურნეა. თურქული სამზარეულო მომეწონა, განსაკუთრებით, ხორციანი საჭმელები. ქუჩებში ქაოსია, ყველანი გიჟებივით დაქრიან.
- “ბეშიქთაში” რატომ აირჩიეთ?
- პირველ რიგში, “რეალიდან” წასვლა მინდოდა, რათა ახალი თავგადასავლები, უცხო ქვეყნის კულტურა მენახა. მადრიდიდან წასვლა მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო, ახალი ეტაპი უნდა დამეწყო კარიერაში და ცხოვრებაშიც. ინგლისში, ან იტალიაში წასვლაც შემეძლო, მაგრამ თურქეთი მიმზიდველ ვარიანტად მომეჩვენა.
- და, როგორია თქვენი ახალი ცხოვრება?
- გაცილებით მშვიდი. თურქი ფანები მომთხოვნები არიან და დაწოლას მაინც ვგრძნობ, მაგრამ “რეალში” მილიონი ადამიანის ყურადღების ცენტრში ვიყავი. თურქეთში ასე არაა.
- “რეალში” როგორ უძლებდით ამდენ დაწოლას?
- თავიდან გამიძნელდა, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე. 15 წლის განმავლობაში გრიგალის ეპიცენტრში ვიყავი. მადრიდში სხვადასხვაგვარი პერიოდები მქონდა: კარგიც და ცუდიც.
- რა მიზნებს ისახავთ ამ სეზონში?
- თურქეთის ჩემპიონობას. თუმცა, ევროპის ლიგა ჩემთვის უმთავრესი ტურნირია. ძალიან კმაყოფილი ვარ და უბრალოდ, ვტკბები. ახლა იმ ბავშვივით ვგრძნობ თავს, რომელსაც ახალი ფეხსაცმელი უყიდეს და უხარია.
- რა არის ფეხბურთში ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი?
- კარგი – ხალხის მხრიდან სიყვარული, როდესაც ისინი ქუჩაში გცნობენ და შენგან კარგს ელიან, ხოლო შენ მათი გახარების საშუალება გაქვს. ამაზე კარგი არაფერია, როცა ხალხს უყვარხარ. ცუდი – როცა შენ არ გაქვს ცხოვრების მიზანი. მთელი ეს წლები ისეთ სამყაროში ვცხოვრობდი, სადაც ყოველი წუთი იმაზე იყო დამოკიდებული, ვინ რას იტყოდა, ან გააკეთებდა.
- ამჯერად, ჩაკეტილი ცხოვრებით ტკბებით?
- აქაც არ შემიძლია ბოლომდე განტვირთვა, პაპარაცები დამდევენ. თუმცა უპირატესობა მაქვს, რადგან თურქი არ ვარ და აქაური ენა არ ვიცი.
- ყოველთვის პოლემიკური ფიგურა იყავით. რამეს ნანობთ?
- ცხოვრებაში რაღაცას ყველა ნანობს, მაგრამ ახლა უკან გავიხედო და საკუთარი თავი ვაძაგო, სასაცილო გამოვა. რაც უკვე მოხდა, ვეღარ შევცვლი.
- პირდაპირობას თქვენთვის პრობლემა შეუქმნია?
- ყოველთვის უნდა ეცადო, დარჩე იმად, რაც ხარ. და უნდა იყო გულწრფელი. ძნელია, ყველას მოეწონოს შენი პიროვნება, საუბარი, თამაში... მაგრამ მთავარია, პირდაპირი იყო. ასეც ვიქცეოდი. უკეთესია, მწარე სიმართლე თქვა, ვიდრე გაჩუმდე.
- რაულმა 16 სეზონი გაატარა “რეალში”, თქვენ – 15. ორივენი დაშორდით “სამეფო კლუბს”. ეს რაზე მეტყველებს?
- სასწაულად ძნელია ამდენი წლის განმავლობაში “რეალში” თამაში. მეც და რაულსაც ახალი თავგადასავლები, სხვანაირი ფეხბურთის თამაში გვინდოდა. ერთი კი არის, გამარჯვებულებს გვსურდა წასვლა.
- ამ ზაფხულს არ გიფიქრიათ “რეალში” დარჩენაზე?
- არა. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, აღარ ვცვლი. ასეთი ტიპი ვარ. “რეალიდან” წასვლა ვარჩიე და მაშინაც ერთი წამითაც არ გადამიფიქრებია, როცა გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა. სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ბედნიერი ვარ.
ილია ნანობაშვილი







