გულშემატკივრის სვეტი

11:05 | 27.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

გვჭირდება თუ არა ეროვნული სტადიონი?

მას შემდეგ, რაც ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა სახელი შეიცვალა და “დინამო არენად” გადაინათლა (სარბიელი კვლავინდებურად ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელობისაა), ბუნებრივია გაჩნდა კითხვა: მომავალში ექნება თუ არა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს “ეროვნულად” წოდებული საკუთარი არენა და საერთოდ, რამდენად საჭიროა ეროვნული სტადიონი...
პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ გულშემატკივრებს წესით არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობასთან, რომლებიც სტადიონის გადანათვლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენ. “დინამო არენა” თბილისის “დინამოს” საკუთრებაა და კლუბის ხელმძღვანელობას სრული უფლება აქვს, კუთვნილ არენას ის სახელი უწოდონ, რასაც საჭიროდ მიიჩნევენ.
ახლა მთავარი საკითხი – სჭირდება თუ არა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ეროვნული სტადიონი? თუ ამ ამბავს ცალსახად შევხედავთ და სხვა ქვეყნის მაგალითებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ რომ არცთუ ცოტა საფეხბურთო ქვეყანაა, სადაც ნაკრებებს საკუთარი სტადიონი არ გააჩნიათ. თუნდაც იტალია ან ესპანეთი ავიღოთ... ევროპის ამ ორი საფეხბურთო ქვეყნის გუნდს დღეს არ გააჩნიათ და არც არასოდეს ჰქონიათ საკუთარი პრივატული არენა. თუმცა ამას არც ესპანეთის ბოლოდროინდელი წარმატებებისათვის შეუშლია ხელი და არც იტალიის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონობას დაჰკლებია რამე. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველო ეკონომიკურად არც ისე დალხენილი ქვეყანაა, რომ ახალი ეროვნული სტადიონის აშენების “ფუფუნება” ჰქონდეს. მოკლედ, თუ ამ საკითხს ცალი მხრიდან შევხედავთ, შეიძლება “მატრაკვეცობადაც” მოგვეჩვენოს ახალი ეროვნული სტადიონის აშენებაზე ფიქრი. თუმცა...
მიუხედავად ზემოთმოყვანილი არგუმენტებისა, ალბათ მაინც ღირს ამ საკითხზე თუნდაც საჯაროდ მსჯელობა და აი რატომ... დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საშინაო მატჩებს ძირითადად ორ სტადიონზე: “დინამო არენაზე” და “მიხეილ მესხზე” ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ “დინამო არენას” როგორც არქიტექტურული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით, თითქმის არაფერი დაეწუნება, ფაქტია, რომ ეს სტადიონი თბილისში ყოვლად მოუხერხებელ და რთულად მისადგომ ადგილზე მდებარეობს. ამ სტადიონზე გამართული ყოველი დიდი მატჩი დიდ თავსატეხს უჩენს როგორც ქალაქის მერიას, ასევე სტადიონის ადმინისტრაციას. აუცილებელია გზების გადაკეტვა და ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა. ძალიან ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ სტადიონზე თამაშის სანახავად თუნდაც იმიტომ არ მივიდნენ, რომ თამაშის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაჯდომა პრაქტიკულად შეუძლებელი ამბავია. ტაქსის ფული კი ბევრ ჩვენს თანამემამულეს სამწუხაროდ არ აქვს.
არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს “მიხეილ მესხზე” გამართული მატჩების შემდეგ, გულშემატკივრისათვის სახლებში დაბრუნებაც. ვაკედან ქალაქის განაპირა უბნებში წასვლა საღამოს 11-12 სათზე ძალიან რთული ამბავია. მით უმეტეს, როდესაც საღამოობით მუდმივად საცობმრავალი ჭავჭავაძის გამზირია გასავლელი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ “მიხეილ მესხის” შემოგარენში ავტომობილების დაყენება ხშირად შეუძლებელი ხდება და მოქალაქეების ერთი ნაწილი პრაქტიკულად შუა ქუჩაში აჩერებს მანქანებს.
ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ პრობლემური საკითხებისა, რაც “დინამო არენაზე” და “მიხეილ მესხზე” მატჩების სანახავად მისულ ადამიანებს ხვდებათ. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური გამოსავლის ძიების სურვილიც. მართლაც, ხომ არ აჯობებდა დედაქალაქის განაპირას აშენდეს სტადიონი, სადაც ადამიანები კულტურულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მივლენ, უყურებენ საყვარელი გუნდის თამაშს და არც სახლში დაბრუნება იქნება მათთვის დიდი თავსატეხი?! რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ახალი სტადიონის აშენება ჩვენებრ გაჭირვებული ქვეყნისათვის შეიძლება ზედმეტ “ფუფუნებადაც” მოჩანდეს. თუმცა, თბილისის მოსახლეობის გამუდმებული ზრდა და გამალებული ურბანიზაცია თავისთავად უკვე იწვევს ახალი სტადიონის აშენების საჭიროებას.
საქართველოში ჭკვიანი ხალხი ჯერ არ დალეულა და ამ საქმის სპეციალისტები ალბათ ჩემზე კარგად გათვლიან, რა ადგილზე იქნება უმჯობესი ახალი სტადიონის აგება და საერთოდ აქვს თუ არა ჩვენს ქვეყანას ამ პროქეტის განხორციელების სახსარი. ახალ სტადიონზე ფიქრი კი ალბათ ნამდვილად ღირს. ფიქრი ხომ ჩვენი უფლებაა!
 

 

ლევან სეფისკვერაძე   

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09503