ფეხბურთი

0:06 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გზა არსაითკენ

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიაში ამხანაგური მატჩი წააგო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან – 0:1. მხოლოდ წაგებაში არაა საქმე: წაგების დროსაც შეიძლება დაინახო პოზიტიური, თუმცა არა იმ ნაკრებთან, რომელიც აზიის კონფედერაციის 5 საუკეთესო ნაკრებს შორის ვერ შედის და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 24 წლის წინ გასულა.

ახლა ბევრი ლადო დვალიშვილისკენ გაიშვერს ხელს და განტევების ვაცად გამოიყვანს (რაც არაერთხელ მომხდარა), თუმცა პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე ერთი თუნდაც 100-პროცენტიანი გაცუდებული მომენტი. ფაქტია, საქართველოს ნაკრები ვერ პროგრესირებს, მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა, ზოგს აკმაყოფილებს ლიხტენშტაინთან 2:0 მოგება და  ორ არაბულ ქვეყანასთან საბოლოო ჯამში პლუსში დარჩენა: საუდის არაბეთს ხომ 2:0 მოვუგეთ, საემიროებთან კი 0:1 წავაგეთ...

დღევანდელ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელი ომარ აბდულრაჰმან ალ ამოუდი გახლდათ, რომელიც 22 წლისაა და აზიაში მართლაც ერთ-ერთ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. მას ზოგჯერ ისეთი ტრიუკები გამოსდიოდა, სამმეტრიან მონაკვეთში ორ კაცს ატყუებდა – პარტნიორებიც კარგად ეხმარებოდნენ, ბურთს სულ თავისუფალ ადგილას აძლევდნენ. შეიძლება ითქვას, თამაშს ეს ერთი ხუჭუჭა ბიჭი ალაგებდა.

თემურ ქეცბაიამ პირველი ტაიმში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე ათამაშა გუნდი, რამაც ხეირი არ მოგვცა და შესვენებამდე საერთოდ არაფერი მომხდარა თუ არ ჩავთვლით ვაკო ყაზაიშვილის ორ ძალიან არაზუსტ დარტყმასა და ირაკლი ძარიას დარტყმის შემდეგ არაბთა მეკარის მოგერიებულს.

არაბებს უფრო ჰქონდათ შანსი, როცა ალ შეჰიმ ააცილა – იმ მომენტში საბა კვირკველიას ფეხი დაუცდა და ვერ ისარგებლა არაბთა ფორვარდმა.

მეორე ტაიმი დვალიშვილის გოლით დაიწყო, რომელიც საეჭვო თამაშგარეს გამო გაუქმდა: სანდრო კობახიძემ კარგი გარღვევა განახორციელა, საჯარიმოს მისადგომებიდან ძელს გაარტყა ბურთი და მოედანზე რამდენიმე წამით ადრე შესულმა დვალიშვილმა თავით ზუსტად დაამატა. ისე ჩანდა, რომ არაბი მცველი ოდნავ უფრო ახლოს იდგა თავის კართან, ვიდრე ლადო.

"ლეგიას" ფორვარდს 57-ე წუთზე მიეცა იდეალური შანსი. სწორედ ის, რომელიც ვახსენეთ. გია გრიგალავამ ჩააწოდა, თორნიკე ოქრიაშვილს მიუვიდა ბურთი და მეკარის ბაქანთან გააკეთა პასი, იქ კი დვალიშვილი კარიდან 3 მეტრში იდგა. დაარტყა და მეკარემ მოიგერია... ასეთი შანსი უნდა გამოიყენო, მაგრამ წაგება და ცუდი თამაში ამ  მომენტს დააბრალო, არასწორია.

კობახიძე აქტიური გახლდათ და ეს მხოლოდ მეორე ტაიმს ეხება. შეიძლება ითქვას, მეორე ნახევარში სწორედ სანდრო იყო ერთადერთი გამამწვავებელი შეტევებისა. თუმცა, 74-ე წუთზე გოლი ქართველთა კარში გავიდა: გურამ კაშიამ საჯარიმოს მისადგომებთან, ფლანგზე წააქცია არაბი ფეხბურთელი, ნაქებმა ალ ამოუდიმ რბილად ჩააწოდა და ჰაბიბ ფარდანმა თავით ზუსტად დაარტყა ლორიას კარში – 0:1.

სხვათა შორის, ეს არაბების პირველი დარტყმა იყო კარის ჩარჩოში და ისიც გოლით დასრულდა. თუმცა, მალევე, ლორიამ ალ ამოუდის აუღო, მოგვიანებით კი ალ აჰმადისაც არ გაატანინა შორიდან.

რა შექმნეს ქართველებმა? ერთადერთი, კობახიძის ჩაწოდებაზე დვალიშვილის აცილებული უნდა გამოვარჩიოთ. გიორგი პაპავას შორიდან დარტყმულები არაზუსტი გამოდგა და საერთოდაც, ბოლო 10 წუთში არაბებმა კარგად დაიჭირეს ბურთი.

იმედი, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე თამაშს შედარებით დახვეწს და მომზადებული შეხვდება ოფიციალურ მატჩებს, არ ჩანს. არანაირი პროგრესი არ შეიმჩნევა რაიმე სათამაშო კომპონენტში – ასეთ გუნდებს გაცილებით მეტი უნდა შეუტიო, წნეხში ამყოფო, თუმცა არ გამოდის...     

საქართველო - საემიროები 0:1 (0:0)

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, საბა კვირკველია, ხუბუტია (კაკუბავა 46), გრიგალავა, კაშია, კანკავა (ცხადაძე 87), ძარია (პაპავა 61), ყაზაიშვილი (დვალიშვილი 46), კობახიძე, ოქრიაშვილი (პაპუნაშვილი 69).

გოლი: 0:1 ფარდანი (74)

მსაჯი: შტრუდერი (შვეიცარია)

0.092037