ბრაზილიელმა ჰალკმა გუშინ პირველი მატჩი ჩაატარა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” შემადგენლობაში. მინდორზე ის მე-2 ტაიმში გამოჩნდა, ნევისპირელებმა კი, გროზნოს “ტერეკთან” 0:2 წააგეს. ჰალკის ტრანსფერის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, “ზენიტმა” ბრაზილიელი ჰალკი (Hulk –ინგლისურად - ჯანიანს, ბრგეს ნიშნავს) პორტუგალიური “პორტუსგან” 40-60 მილიონ ევროდ იყიდა, რაც რეკორდული თანხაა რუსულ ფეხბურთში. ყველაფერი კარგი, მაგრამ საიდან გაჩნდა ეს ორი ციფრი?
40 მილიონი – ასეთია ორივე კლუბის ოფიციალური წარმომადგენლების ვერსია. “ზენიტი” ამტკიცებს, რომ ამ თანხის გარდა, ბრაზილიელში არაფერი გადაუხდია. “პორტუს” შემთხვევაში კი, საქმე უფრო რთულადაა, რადგან კლუბის აქციები ლისაბონის საფონდო ბირჟაზე თავისუფალ ბრუნვაშია, ამიტომ კლუბი ვალდებულია სათანადო სახელმწიფო კომისიას ფინანსური ოპერაციების ანგარიში ჩააბაროს. ახლა ირკვევა, რომ 40 მილიონი ის ფულია, რომელსაც “პორტუ” ჰალკში მიიღებს, გარდა ამისა, “ზენიტს” ვალდებულება აუღია, რომ “ფიფას სოლიდარულ გადახდებსაც” დააკმაყოფილებს, რაც ტრანსფერის 5 პროცენტს შეადგენს და ის მოთამაშის აღმზრდელ კლუბებს უნდა გადაერიცხოს. აქ ვითარება ცოტა გაურკვეველია, რადგან მოზარდობაში ჰალკი ხშირად იცვლიდა სკოლებს და ახლა მის აღზრდაზე მინიმუმ 3 კლუბი აცხადებს პრეტენზიას. ეს თანხა 2-5 მილიონს შორის მერყეობს.
ნევისპირელებს სხვა “წვრილმანი” ხარჯების ანაზღაურებაც მოუწევთ. მაგალითად, ამბობენ, რომ “პორტუ” ჰალკის სატრანსფერო უფლების მხოლოდ 85 პროცენტს ფლობს და სწორედ ამაში მიიღო 40 მილიონი, დანარჩენი 15 პროცენტი კი “ზენიტმა” ტრანსფერის მე-3 მონაწილეს უნდა გადაუხადოს. ჰალკის აგენტი - დანიელ ფონსეკა ამტკიცებს, რომ ფეხბურთელის “მინორიტარული მფლობელის” თანხამ 9 მილიონი, ხოლო აგენტის საკომისიოებმა 6 მილიონი ევრო შეადგინა. ასე დაამრგვალეს ყბადაღებული 60 მილიონი.
მოკლედ, საქმე ჩახლართულია და გუშინ Jornal de Negocio-მ გამოაქვეყნა სტატია, საიდანაც ვიტყობთ, რომ ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მაკონტროლებელმა კომისიამ ჰალკის ტრანსფერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა









