მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გაფორმების დეტალებზე ისაუბრა. გარდა ამისა, Marca-სთან საუბარში, კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” მისამართით ერთობ არასასიამოვნო კომენტარიც გააკეთა.
“18 დეკემბერს, გვარდიოლას ნიუ იორკში პირადად შევხვდი. მას სახლში ვესტუმრე და რამდენიმე წუთის შემდეგ, უკვე ახლო ნათესავებივით ვიყავით. კონტრაქტი თან მქონდა და 2-საათიანი საუბრის შემდეგ, პეპმა მკითხა: “ხელი ახლავე მოვაწერო”? ვუპასუხე, რომ ეს ბრწყინვალე იდეა იყო და ხელმოწერაც შედგა. გვარდიოლა გულღია ადამიანია და გარწმუნებთ, ჩემთან და რუმენიგესთან პრობლემა არ ექნება. გარანტიას გაძლევთ, რომ მის საქმეში არ ჩავერევით. პეპი მიუნხენში ბევრ ფულს გამოიმუშავებს, მაგრამ რომ სდომოდა, ინგლისში მეტს იშოვნიდა. ის, რამაც გვარდიოლა “ბაიერნში” მოიყვანა, კლუბის ფილოსოფიაა, რომელიც “ბარსელონასას” ჰგავს. რომელ ესპანელ ფეხბურთელს დავიმატებდით? ინიესტას, ჟორდი ალბას... მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ გუნდში ისედაც კარგი ფეხბურთელები გვყავს. ვფიქრობ, “ბარსელონადან” და “რეალიდან” მაქსიმუმ 2-2 ფეხბურთელი თუ შეძლებდა “ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობაში თამაშს”, - განაცხადა ჰიონესმა.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა “ბაიერნს” ზაფხულიდან უხელმძღვანელებს.







