ფეხბურთი

13:30 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰიუნ მინ სონი: “პოპულარობა სასიამოვნოა”

 

ინგლისური გრანდები - “ტოტენჰემი”, “ლივერპული”, “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი”, ახლა გერმანული “დორტმუნდიც”. ამ გუნდებს ერთი რამ აერთიანებთ - ისინი ყურადღებით აკვირდებიან “ჰამბურგის” ახალგაზრდა კორეელ თავდამსხმელ ჰიუნ მინ სონს.

20 წლის გოლეადორს, რომელმაც ბუნდესლიგის 29 მატჩში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო, “ჰამბურგთან” მოქმედი კონტრაქტი 2014 წელს ეწურება. მან მიმდინარე სეზონის ბოლოს უნდა გადაწყვიტოს, დარჩება ამ გუნდში თუ ახალ კლუბში გააგრძელებს კარიერას. ჰიუნ მინმა ინტერვიუ გერმანულ გამოცემა Bild-ს მისცა.

-       როგორ უმკლავდებით თქვენს მომავალთან დაკავშირებით ატეხილ ხმაურს?

-       მცირედ სტრესს განვიცდი, როდესაც ახალი ხმები ჩნდება, მაგრამ არაფერი კონკრეტული არ ხდება.

-       თქვენი აგენტი ტის ბლიმაისტერი არაფერს გიყვებათ?

-       არა, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს მაცნობს. შევთანხმდით, რომ შემოთავაზებებს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესვენებისას განვიხილავთ.

-       უკვე იცით, რომელ გუნდებს სურთ თქვენი შეძენა და ალბათ, ამით ამაყობთ კიდეც.

-       სასიამოვნოა, როდესაც შენს მიმართ ასეთი გუნდები იჩენენ დაინტერესებას და პოპულარული ხდები, მაგრამ ახლა ეს მეორეხარისხოვანია.

-       აბა რას ანიჭებთ მნიშვნელობას?

-       “ჰამბურგს” ჯერ კიდევ აქვს ევროთასებზე მოხვედრის შანსი და ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, მიზანს რომ მივაღწიოთ. რა იქნება ამის შემდეგ კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში, ასეთი მნიშვნელოვანი არაა.

-       რა პირობებს აყენებთ სხვა გუნდში გადასასვლელად?

-       ყველაფერი შესაბამისი უნდა იყოს. უმთავრესი ისაა, რომ გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობდე.

-       რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენი კოლეგა და გუნდის კაპიტანი რაფაელ ვან დერ ვაარტი სახალხოდ გთხოვთ დარჩენას?

-       რაფა უდიდესი ფეხბურთელია და როდესაც ის რაღაცას ამბობს, მე მის აზრს მუდამ ვითვალისწინებ.

-       ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თქვეს მომავალზე ახდენენ გავლენას?

-       გადაწყვეტილებებს მამაჩემი ვონგ იუნგი და მე ვიღებთ. ასევე, ჩემი აგენტი ტისი.

-       რას გრძნობთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გესმით?

-       ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი იქნებოდა მეც რომ მეთამაშა. თეორიულად, ამ ტურნირზე მოხვედრა “ჰამბურგსაც” შეუძლია. ამ ეტაპზე უმთავრესად იმ დარჩენილ ოთხ თამაშზე ვფიქრობ, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაგვრჩა, მერე კი, ვნახოთ რა მოხდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092207