ჰოლანდიის 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადრი კოსტერმა, ევროპის 2015 ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოსთან საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ განაცხადა, რომ თავისი დებიუტი სულ სხვაგვარად წარმოედგინა.
“ეს ყველაფერი სხვაგვარად წარმომედგინა. ჩვენ კონტაქტი დავკარგეთ. ტემპი ძალიან დაბალი იყო და ჩვენ თამაშში სიღრმე არ იგრძნობოდა. ასეთ დროს წინსვლა ძნელია. ბურთის მოსაგებად ორთაბრძოლების დროს ჩვენი ფეხბურთელები მეტოქისგან ძალიან შორს იმყოფებოდნენ. გოლის გატანის შესაძლებლობები უნდა გამოგვეყენებინა. გამარჯვებისკენ სწრაფვა და საგოლე მომენტების რეალიზაცია დაგვაკლდა” – იუწყება კოსტერის სიტყვებს ინტერნეტპორტალი goal.com-ი.
მწვრთნელის თქმით, ახლა გუნდი ორშაბათს სლოვაკეთთან გასამართი მატჩისთვის უნდა მოემზადოს. სწორედ ეს თამაში გაარკვევს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდის ვინაობას. ჰოლანდიას მეტოქეზე 2 ქულით მეტი აქვს და სახლში ფრეც ჰყოფნის.
“მთავარია, ამ მარცხის შემდეგ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ჩემი გუნდის ძალიან მჯერა. ფეხბურთელები შეეცდებიან, რომ შესარჩევი ციკლი კარგად დავასრულოთ, მაგრამ ამისთვის გაცილებით უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე საქართველოსთან მატჩში” – თქვა ჰოლანდიელთა თავკაცმა.







