რას აღარ წაიკითხავდი თამაშის წინ – ესპანელები და ხორვატები ფრეზე შეთანხმდებიანო... ვინც ამ ჭორებს ავრცელებს, მგონი, ტელევიზორშიც არ უნდა ჰქონდეს ევროპის ჩემპიონატი ნანახი, თან არც ხორვატებს უნდა იცნობდეს და არც ესპანელებს. დედამიწაზე ძნელია მოიძებნოს ხორვატებზე უფრო მებრძოლი ხალხი, მათ ისტორიას რომ გადახედოთ, დღევანდლამდე სულ ბრძოლით მოდიან, მოდიან კაცურად, ქვეყანაც ააშენეს და სპორტში ხომ ნუღარ იტყვი – ბურთიან გუნდურ სახეობებში მსოფლიოში არავის უდებენ ტოლს, თანაც არ დაგავიწყდეთ, სულ ოთხი მილიონი არიან ჩვენსავით, ისინიც პოსტსაბჭოთა წყობიდან გამოსულები არიან, თავისუფლებისთვის მათაც ომი გადაიტანეს და ჩვენი არ იყოს, ყველაზე დიდი ზეობა მათაც X-XII საუკუნეში ჰქონდათ...
იუგოსლავიის დაშლაც ერთი საფეხბურთო მატჩის შემდეგ დაიწყო და ისიც ჩვენთვის კარგად ნაცნობ დღეს, 13 მაისს მოხდა!!! 1990 წლის იუგოსლავიის თასის ფინალში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასა~ და ზაგრების “დინამოს~ მატჩისას სტადიონზე ამტყდარი არეულობის დროს გუნდის კაპიტანმა ზვონიმირ ბობანმა თანამემამულე გულშემატკივარი დაიცვა და ისეთი წიხლი უთავაზა სერბ პოლიციელ რეფიკ აჰმეტოვიჩს, რომ ძირს დააგდო, ხორვატი გულშემატკივრები მოედანზე გადმოცვივდნენ და ბობანის გარშემო კედლად აღიმართნენ და თამაში ჩაიშალა. ბობანი მაშინ იუგოსლავიიდან გააპარეს, თორემ კომუნისტური რეჟიმის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი იქნებოდა. “რისკზე წავედი, ვღუპავდი ჩემს კარიერას, სიცოცხლეც საფრთხეში ჩავიგდე, მაგრამ ამას ერთი მიზეზი ჰქონდა – ხორვატია!!!~ - განაცხადა შემდგომში ზვონიმირ ბობანმა. როცა პატრიოტიზმზე ჩამოვარდება სიტყვა, მუდამ ბობანის მაგალითი მომყავს - მან იუგოსლავიის ნაკრებში თამაშზეც უარი თქვა და მკაცრად გააკრიტიკა ყველა ხორვატი, ვინც ეს ნაბიჯი არ გადადგა. თერთმეტი წელი ითამაშა მას შემდეგ ბობანმა “მილანში~, ოთხჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და არ ყოფილა მატჩი, ხორვატიაში არ გადმოეცათ და მთელი ქვეყანა მისი ხათრით “მილანის~ გულშემატკივრად იქცა. ხუთწლიან ომში მყოფ სამშობლოს ზვონიმირი ფულითაც ეხმარებოდა და თურმე არაერთი საშური საქმე გაკეთდა მისი ფინანსებით. ბობანმა 1998 წელსაც დიდი როლი ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში. 2002 წელს დაანება თავი ფეხბურთს, საზეიმოდაც გააცილეს მისმა მეგობრებმა და არავინ დაიზარა ამ თამაშზე ჩამოსვლა – ხორვატია-1998-ის ვეტერანები რივალდოს, ლოთარ მათეუსის, მარკო ვან ბასტენის და სხვა ვარსკვლავების გუნდს შეხვდნენ. კარიერის მერე ბობანმა ზაგრების უნივერისტეტი დაასრულა და იცით მისი სადიპლომო ნაშრომის სათაური? - “ქრისტიანობა რომის იმპერიაში~... ხუთი შვილის მამა ზვონიმირი ახლა ჩვენი კოლეგაა, ხორვატიის ტელევიზიასთან თანამშრომლობს და მატჩების რეპორტაჟები მიჰყავს.
ჩვენ რა მაგალითი მოგვცა ამ ერის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა? ხორვატმა კაცმა ივო შუშაკმა ქართულ ფეხბურთშიც წარუშლელი კვალი დატოვა, ჯერ იყო და თბილისის “დინამოს~ თანამეგობრობის თასი მოაგებინა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და მერე მთავარი – პირველად საქართველოს ისტორიაში, მისმა გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ვაკეში რუსეთის ნაკრები დაამარცხა 1:0! შუშაკმა საქართველოდან წასვლის წინ ბოლო ხელფასით ქართული მედია სუფრაზე დაპატიჟა და მადლობა გადაუხადა, არც მისი მეგობრების, გივი ნოდიასა და ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვაზე ხორვატიიდან ჩამოსვლა დავიწყებია...
...გდანსკში “ბ” ჯგუფის ბოლო თამაშის წინ ხორვატებმა ღია ვარჯიში გამოაცხადეს, პირველი 15 წუთი მოედნის კიდემდე მოუშვეს ჟურნალისტები, მერე კი ტრიბუნაზეც დართეს ნება მუშაობის გაგრძელებისა. ტრიბუნაზე იჯდა დავორ შუკერიც, რომელიც მალე ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს და თუ გავითვალისწინებთ მისი თაობის ავტორიტეტს ხორვატულ საფეხბურთო წრეებში, მას ამ პოსტის დაკავებაში ალბათ ვერავინ შეეცილება. პრესკონფერენციაზე სლავენ ბილიჩი, დარიო სრნა და მარიო მანჯუკიჩი გამოცხადდნენ. მათმა პრესატაშემ დავორმა შარშანდელი თბილისი და თბილისური მატჩი გაიხსენა, მითხრა, მსგავსი წინააღმდეგობა ვინმეს გაეწიოს, იშვიათად მინახავს და აკი მოგვიგეთ კიდეცო. ბილიჩს კი ეტყობოდა, ისე ემზადებოდა ამ მატჩისთვის, როგორც არასდროს – ახალი სეზონიდან მოსკოვის “ლოკომოტივში~ გადადის (მას ნაკრებში იგორ შტიმაცი შეცვლის) და უნდოდა, ეს ჩემპიონატი მაქსიმალური შედეგით დაემთავრებინა.
ესპანელები კი, როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად იხარჯებიან მედიისთვის – პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ პეპე რეინა, სანტი კასორლა და ფერნანდო ტორესი, რომელიც ბრწყინვალედ ლაპარაკობს ინგლისურად. ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები გავიდნენ და ვისენტე დელ ბოსკე შემოვიდა. როგორც ამიხსნეს ჩემმა ესპანელმა კოლეგებმა, ასეთი წესი ჰქონიათ. მოკლედ, ფეხბურთელებიც ბრწყინვალენი არიან და არც მედიასთან ურთიერთობა ეშლებათ...
თამაშს უთუოდ უყურებდით და შემფასებლად მე ვერ გამოგადგებით, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე ოდენ მეორე ტაიმს ვუყურე ხეირიანად, ერთს კი დავამატებ – ხორვატებს წაგებაც ღირსეული შეძლებიათ, მიუხედავად უდიდესი იმედგაცრუებისა, მატჩისშემდგომ ინტერვიუზე ჩემს თხოვნაზე უარი არავის უთქვამს. მე ამ თამაშზე ხორვატიაზე ვაგებდი პასუხს და როცა ვთხოვე, ბილიჩმა რამდენიმე არხს მისცა ინტერვიუ, რაკიტიჩმაც არავინ დატოვა უყურადღებოდ, ასევე არ დაიზარა გამოსვლა ოგნენ ვუკოევიჩმა, ნიკიცა იელავიჩმა კი გვითხრა, ძალიან მაპატიეთ, ისეთ ხასიათზე ვარ, ოდენ ერთ არხს დაველაპარაკები, რადგან დანა პირს არ მიხსნისო. დოპინგკონტროლზე შესული ლუკა მოდრიჩიც უსიტყვოდ გამომყვა, არც გორდონ შილდენფელდს უთქვამს უარი...
ალბათ გიკვირთ, სულ ხორვატებს რომ ვაქებ და ესპანელებზე არაფერს ვამბობ, ან რა უნდა ვთქვა, როცა ღმერთმა ჩავი და ინიესტა მოგცა და ზედ იკერ კასილიასიც დაგიმატა, ვინ უნდა მოგიგოს? და ტორესი, ფაბრეგასი... წარმოიდგინეთ, ხორვატთაგან საუკეთესო ივან რაკიტიჩმა თამაშის განმავლობაში 53 პასი გააკეთა, მოდრიჩმა – 39 და ორივეზე მეტი ჩავი ერნანდესის ანგარიშზეა – 113 პასი (სულ ხორვატებმა 381, ესპანელებმა კი – 774 (!) პასი გააკეთეს)! მატჩის საუკეთესო მოთამაშე ინიესტამ 84 გადაცემა მიითვალა და ამათგან ერთი საგოლე იყო, ამიტომაც ღირსეულად მოიპოვა “კარსლბერგისგან” პრიზი, რომელიც პრედრაგ მიატოვიჩმა გადასცა მატჩის შემდეგ. სანამ საპრესკონფერენციოში პრიზის ცერემონიაზე შევიდოდა (დელ ბოსკეს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია მიმდინარეობდა), ანდრესი, გდანსკის სტადიონზე სამლოცველო ადრე რომ ვახსენე, იმის წინ იდგა, ჩემს ესპანელ კოლეგას ელაპარაკებოდა და მართლაც ღმერთის რჩეულივით გამოიყურებოდა ეს ჩია და გამხდარი ბიჭი...
თამაშის დამთავრებისთანავე ისეთი თქეში დაუშვა, ხალხი ერთი საათი მაინც იყო შეფარებული გდანსკის არენას, როდესაც ჩვენს წასაყვანად საგანგებო ავტობუსი მოავლინეს და შიგ ჩაგვსხეს, ავტობუსის ფანჯრებიდან ყველა ყვითლად განათებულ ქარვის სტადიონს უმზერდა, რომელიც ამ თავსხმაშიც მართლაც დაუვიწყარ შტაბეჭდილებას ტოვებდა.
უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია, სპეციალურად worldsport.ge-სთვის, გდანსკიდან
ავტორის ფოტო









