ლონდონის “არსენალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იან რაიტი, პროფესიონალურ ფეხბურთში საკმაოდ გვიან მოხვდა. მან არაერთხელ სცადა დიდ ფეხბურთში დამკვიდრება, მაგრამ ყოველთვის საწყის პოზიციებზე უწევდა დაბრუნება -სამოყვარულო საფეხბურთო ლიგა, ან მებათქაშედ მუშაობა, ვიდრე ის, ბოლოსდა ბოლოს, “კრისტალ პალასის” სკაუტმა პიტ პრენტისმა არ შეამჩნია. 22 წლის ასაკში, მან კარიერაში პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა გუნდთან, რომელსაც სტივ კოპელი ხელმძღვანელობდა და ეს, 1985 წელს მოხდა.
“ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი სამხრეთ ლონდონიდან, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარდა. 12 წლიდან ვცდილობდი საფეხბურთო ლიგის რომელიმე გუნდში მოხვედრას, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო, ყოველთვის უარს მეუბნებობდნენ. სინჯებს სინჯებზე გავდიოდი, მაგრამ კონტრაქტს არავინ მთავაზობდა. 19 წლის ასაკში “ბრაიტონმა” მითხრა უარი, მხოლოდ სამი წლის შემდეგ გარისკა ჩემი აყვანა “კრისტალ პალასმა”. ვერ გეტყვით, ასე რატომ ხდებოდა, რადგან საკმაოდ სწრაფი და მოქნილი ვიყავი, ორივე ფეხს ვხმარობდი და ბევრი გოლი გამქონდა. შესაძლოა, პრობლემა ის იყო, რომ პატარა ვიყავი. ვინ იცის”, - იხსენებს რაიტი.
პირველსავე სეზონში რაიტმა 9 გოლი გაიტანა, ხოლო გუნდში მარკ ბრაიტის მისვლის შემდეგ, “კრისტალ პალასში”, კლუბის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტანდემი შეიქმნა.
მაშინ, სტივ კოპელმა საკმაოდ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელმაც, ორი ფერადკანიანი ფორვარდის დახმარებით, ჯერ ინგლისის ელიტარულ დივიზიონში მოიპოვა ადგილი, ხოლო ერთი წლის მერე, ქვეყნის თასის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ითამაშა. სწორედ, აღნიშნულმა შეხვედრამ შეუწყო ხელი რაიტის კარიერის აღმასვლას. კოპელმა არ გარისკა და ტრავმამოშუშებული რაიტი პირველივე წუთებიდან არ დააყენა. ის თამაშში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც მანჩესტერელები დაწინაურდნენ (2:1). იანმა ორი გოლი გაიტანა და მეტოქეს ბოლო წუთებზე ანგარიში რომ არ გაეთანაბრებინა, “კრისტალ პალასი” თასსაც დაუფლებოდა. მართალია, განმეორებითი თამაში “იუნაიტედმა” მოიგო, მაგრამ ამას, რაიტის წინსვლისთვის ხელი არ შეუშლია.
“პალასის” შემადგენლობაში მან 117 გოლი გაიტანა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო კლუბის არსებობის ისტორიაში, მის მიერ ნაჩვენები შედეგი მესამე აღმოჩნდა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, ის “კრისტალ პალასის” ასწლეულის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. 1991 წლის სექტემბერში, რაიტმა სეზონი “პალასში” დაიწყო, მაგრამ ლონდონის “არსენალმა”, რომელსაც ჯორჯ გრემი წვრთნიდა, მის სანაცვლოდ 2,5 მილიონი გირვანქა გადაიხადა, რაც მაშინ საკლუბო რეკორდი იყო და თავისთან გადაიბირა. ახალ გუნდში იანს შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა. ლიგის თასზე ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში “ლესტერის” კარში გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში, “საუთჰემპტონთან” ჰეთ-თრიკი შეასრულა. “არსენალში” გატარებულ პირველ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (29 ბურთი, რომლიდანაც 5 მან “პალასის” რიგებში გაიტანა). გარდა ამისა, რაიტმა სეზონის ბოლო მატჩში “საუთჰემპტონთან” კვლავ სამი გოლი მიითვალა და ისტორიაში შევიდა, როგორც ინგლისის ძველ ჩემპიონატში გატანილი ბოლო გოლის ავტორი, რადგან მომავალი სეზონიდან, გუნდებს უკვე ახლადჩამოყალიბებულ პრემიერლიგაში მოუწიათ ასპარეზობა. ამასთანავე, იგი საკმაოდ იშვიათი მიღწევის ავტორი გახდა, როდესაც ფეხბურთელი ჩემპიონატის ბომბარდირი ორ გუნდში გატანილი გოლების წყალობით ხდება.
დიდი ხნის განმავლობაში, რაიტი “არსენალის” დამრტყმელი ძალა იყო. ლონდონელთა ყოფილი კაპიტანი ტონი ადამსი, მას იმ ფორმაციის “მეთოფეთა” საუკეთესო ფორვარდად მიიჩნევს: “თავდამსხმელი, რომელიც ჩემს დროს “ჰაიბერიზე” (ლონდონელთა ყოფილი საშინაო არენა) საუკეთესო იყო, უპირობოდ იან რაიტია, რომელმაც კლუბში გატანილი გოლების რიცხვით, კლიფ ბესტინის რეკორდი მოხსნა. ის ნომერ პირველი გამტანი გახლდათ, ვინც კი ოდესმე მინახავს. შესაძლოა, მას თამაშის ისეთი აღქმა არ ჰქონდა, როგორიც დენის ბერგკამპს, აკლდა შირერის ძალა და ჟინი, მაგრამ თავდადებით, თამაშის სიყვარულით, მყისიერი რეაქციით და მაღალი სისწრაფით, უდავოდ ფენომენალური თავდამსხმელი იყო. არასოდეს დამავიწყდება როგორ გამიტანა გოლი, როდესაც “კრისტალ პალასში” თამაშობდა. მოგვიანებით, ის ხუმრობდა, რომ არ იცოდა მომავალში ერთად თუ ვითამაშებდით, თორემ დამინდობდა~ .
სხვათა შორის, ადამსსა და რაიტს მხოლოდ ის არ აერთიანებდათ, რომ თანაგუნდელები იყვნენ, არამედ, ორივე ერთი და იმავე ხნით იჯდნენ ჩელმსფორდის ციხეში. ადამი იქ 14 დღით ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის მოხვდა, ხოლო რაიტმა ამდენივე ხანი ავტომობილის მართვის მოწმობისა და დაზღვევის გარეშე გადაადგილების გამო გაატარა.
ზედიზედ ექვსი სეზონის განმავლობაში, რაიტი “არსენალის” საუკეთესო ბომბარდირი იყო. მან პირველობა არც 1997/1998 წლების სეზონში დაუთმო ვინმეს, როდესაც ლონდონელთა რიგებში კარიერაში პირველი და ბოლო საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.
1997 წლის 13 სექტემბერს, “ბოლტონთან” მატჩში, რაიტმა ბესტინის რეკორდი მოხსნა, გაიტანა რა, ლონდონელთა მაისურით 179-ე გოლი. თუმცა, იქამდე კინაღამ სირცხვილი ჭამა. ის მათემატიკამ დააღალატა, რადგან რეკორდის აღნიშვნა პირველივე გოლის შემდეგ დაიწყო და სტადიონზე დამსწრეთა წინაშე საგანგებო წარწერით წინასწარ მომზადებული მაისურის აფიშირებაც მოახდინა. როგორც აღმოჩნდა, იმ გოლით მან ბასტინის რეკორდი მხოლოდ გაიმეორა და ამიტომ, მეტოქის კარის აღება კიდევ მოუწია, რაც ორჯერ მოახერხა.
“არსენალიდან” წასვლის შემდეგ, რაიტი “ვესტ ჰემში”, “ნოტინგემში”, “სელტიკსა” და “ბარნლიში” გამოდიოდა, მაგრამ დიდხანს არსად გაჩერებულა. კარიერის დასრულების მერე, ის ტელევიზიაში მუშაობდა და არა მხოლოდ სპორტული გადაცემების წამყვანად –ექს-ფორვარდი აფრიკაშიც კი დადიოდა და ადგილობრივ ტომებზე გადაცემებს აკეთებდა. თუმცა, ტელევიზია სკანდალით დატოვა, რადგან რუსეთ-ინგლისის ნაკრებების მატჩის შემდეგ ჩათვალა, რომ მას პოპულარულ გადაცემა Mატცჰ ოფ ტჰე Dაყ-ში კომედიანტად იყენებდნენ. თან განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების თამაშებს არასოდეს გაარჩევდა.
სხვათა შორის, რაიტი კარიერის განმავლობაში ინგლისის ეროვნული გუნდის წამყვან თავდამსხმელად ვერ ჩამოყალიბდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. გარი ლინეკერი და ალან შირერი უფრო მეტად ჰგავდნენ კლასიკურ ცენტრფორვარდებს, რომლებსაც ინგლისის ნაკრებში ყოველთვის აფასებდნენ. მან სანაკრებო დონეზე მონაწილეობა ვერც ერთი დიდი საფეხბურთო ფორუმის ფინალურ ეტაპზე ვერ მიიღო.
იგივე ადამსი, “არსენალის” თავდამსხმელს, მაიკლ ოუენის ანტიპოდად მიიჩნევდა, რომელიც, ბევრის აზრით, ნაკრებში გაცილებით უკეთ თამაშობდა, ვიდრე კლუბში, როდესაც იანი უფრო საკლუბო ფეხბურთელი იყო.
იან რაიტი რომ კოლორიტული და ორიგინალური ფიგურაა, თუნდაც მისი ინტერვიუებიდან ამოკრებილი გამონათქვამებიდან ჩანს:
“პროფესიონალი ფეხბურთელი რომ გავხდი, დიდწილად, ჩემი ძმის, მორისის დამსახურებაა, რომელიც გამუდმებით უიღბლოს და არაფრისგამკეთებელს მეძახდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, ვიდრე არ დავუმტკიცე, რომ ფეხბურთში რაღაცის გაკეთება შემეძლო~.
~პატარა რომ ვიყავი, რასიზმი სულ სხვა იყო. მაგალითად, თუ დედაჩემი მიყვიროდა, ზოგჯერ მას ვპასუხობდი: “მოკეტე, შავო ძროხავ”. თუმცა, ამას შეურაცხყოფად არასოდეს განვიხილავდით”.
“ჩელსის” გულშემატკივრებთან ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ ერთმანეთის საუცხოოდ გვესმოდა. როდესაც ისინი “შუა თითს” მაჩვენებდნენ, იგივეთი ვპასუხობდი, ხოლო თამაშის მერე აპლოდისმენტებით მაცილებდნენ. თუმცა საუთჰემპტონში, ქოვენთრისა და ბირმინგემში, საქმე სხვაგვარად იყო – თუ გულშემატკივრებს ვუპასუხებდი, ისინი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში ჩიოდნენ”.
“ყველაზე მეტად, გოლების გატანა “საუთჰემპტონისთვის” მიყვარდა, რადგან მის ფანებს ვერ ვიტანდი. ასევე იყო “ქოვენთრისა” და “ასტონ ვილას” შემთხვევაში. “ტოტენჰემის” ქომაგები კი მომწონდა. მათ, მე და ჩემი ოჯახი სტადიონზე არაერთხელ გაუთათხივართ, მაგრამ ქუჩაში როდესაც მხვდებოდნენ, ცუდი სიტყვა არასოდეს უთქვამთ. ისინი თვლიდნენ, რომ მათ გუნდში თამაში “არსენალის” მხოლოდ ორ ფეხბურთელს – მე და ტონი ადამსს შეგვეძლო”.
“ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც ჯორჯ გრემი წავიდა. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს რიოკმა, გუნდში საკუთარი ავტორიტეტის ამაღლება ჩემს ხარჯზე მოინდომა. ის მუდმივად შენიშვნებს მაძლევდა და საბოლოოდ, კლუბის დატოვებაზეც კი დავფიქრდი. ეს თამაში მიყვარს და მისგან სიამოვნების მიღება მსურს. ფეხბურთში სიძულვილს ადგილი არ აქვს, ხოლო რიოკი მძულდა. ის არ იყო შექმნილი ისეთი დიადი კლუბისთვის, როგორიც “არსენალია”.
“მომავალ მეუღლეს გაჩერებაზე შევხვდი. ის ავტობუსს უცდიდა და შევპირდი, რომ სახლამდე მაშინ მივიყვანდი, როდესაც მართვის მოწმობას ხელახლა დამიბრუნებდნენ. საინტერესოა, რომ შეიძლება სულ სხვა ადამიანს შევხვედროდი სხვა ადგილზე. ჩვენ დავშორდით, მაგრამ მას წარმატებას ვუსურვებ. ის ჩემი შვილებისთვის საუცხოო დედაა”.
“ჩემი ოჯახის წევრები შთამომავლობით ლეიბორისტები არიან. თავის დროზე, ხმა მარგარეტ ტეტჩერს მივეცი, რადგან ის დედაჩემს მაგონებდა – ასეთივე ძლიერი იყო”.
“ჩემი ნება რომ იყოს, ინგლისში ემიგრაციაზე მკაცრ აკრძალვას დღესვე შემოვიღებდი. თუმცა, ყველაზე მეტად, ქუჩებიდან იარაღის მოშორება მსურს. ბავშვები მათ თავად არ ამზადებენ, არამედ დიდები აწვდიან”.
“ფეხბურთმა, ფაქტობრივად, ჩემს გვერდით ჩაიარა. როდესაც `კრისტალ პალასმა” კონტრაქტი შემომთავაზა, გრინვიჩში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ვმუშაობდი. იქაურობა ამიაკის სუნით ყარდა, მაგრამ ეს სამუშაო მომწონდა. თუმცა, მაშინ მივხვდი, რომ სხვა შანსი არ მექნებოდა”.
“არსენ ვენგერი ფეხბურთზე ძალიან დიდ დროს ხარჯავს, მაგრამ ეს მისი მოწოდება არაა, რადგან იგი ქვეყანას უნდა ხელმძღვანელობდეს. მისი ჭკუა, ტემპერამენტი... ამ ადამინის წინაშე ქედს ვიხრი”.
“ნებისმიერი დონის ფეხბურთის ყურება შემიძლია. არა აქვს მნიშვნელობა - თუნდაც ათიოდე ბავშვი ბაღში თამაშობდეს. უბრალოდ, ეს თამაში ძალიან მიყვარს”.
ლაშა თაბაგარი









